წალკიდან დასაწყები „აჭარული რევოლუცია“

წალკიდან დასაწყები „აჭარული რევოლუცია“

წალკაში ამჟამად მკაცრი ზამთარია, მაგრამ მოსახლეობის უკმაყოფილებით გამოწვეული პოლიტიკური ტემპერატურა თანდათან პიკს აღწევს. რეგიონში ჩასახლებული სტიქიით დაზარალებულები აჭარული რევოლუციით იმუქრებიან.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ. სწორედ ამიტომ საცხოვრებელი სახლებისა და სასოფლო სამეურნეო მიწების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, წაკლის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთის მოსახლეობამ სოფლის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, უფლებადამცველ მერაბ ბლადაძის განცხადებით, აუცილებელია, როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე, აჭარის მთავრობა ეკომიგრანტების ბედით დაინტერესდეს.

„გასაგებია, რომ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, ბერძნებისგან იაფად შეგვესყიდა სახლები. თუმცა, ხომ შეიძლებოდა, ხელისუფლებას ისეთი სახლები მაინც აეშენებინა აქ მცხოვრები აჭარლებისთვის, როგორიც, მაგალითად, წეროვანში დევნილებს აუშენეს“, - განაცხადა მერაბ ბლადაძემ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც ტბეთის 60-მდე მცხოვრები ესწრებოდა.

იმ შემთხვევაში, თუ წალკიდან საბერძნეთში წასული ბერძნები უკან დაბრუნდებიან, აჭარელ ეკომიგრანტებს საცხოვრებელი სახლების დაცლა მოუწევთ. ასეთი შემთხვევები კი, წალკის რაიონის სოფლებში არცთუ იშვიათია. ამიტომაა, რომ აჭარიდან წალკაში ჩასახლებული აჭარლები შველას ითხოვენ.

როგორც უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, აჭარელი უსტატუსო ეკომიგრანტები ყურადღების მიქცევის მიზნით მიმდინარე წლის გაზაფხულზე 4 თვის განმავლობაში აჭარის მთავრობის რეზიდენციის წინ იყვნენ დაბანაკებულნი.

„მათი პრობლემების მოსმენის მიზნით მათთან მივიდა ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და დაპირდა თანადგომას. მთავრობამ ისინი დაარწმუნა, რომ თუ დაბრუნდებოდნენ უკან წალკაში, ამ შემთხვევაში დაეხმარებოდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ჩვენ უფლებადამცველები ჩავედით წალკაში, სადაც იმაზე უარესი ვითარება დაგვხვდა, ვიდრე წარმოგვედგინა. მოსახლეობის განცხადებით, არანაირი ყურადღება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, არც დაპირებული მიწის ნაკვეთების და სახლების შეძენა არ შესრულებულა...

ახლა მოსახლეობამ დაგვაბარა, გაგვეხმაურებინა და გადაგვეცა მთავრობისთვის, რომ თუ მთავრობის მხრიდან არ იქნება შესაბამისი ყურადღება და დაპირებული დახმარება, მაშინ ყველა ის ოჯახი, რომელიც შველას ითხოვს, დაიძვრება და ისევ აჭარაში დაბრუნდება. ოღონდ ასეთ შემთხვევაში მარშრუტი იქნება წალკა-ბორჯომი-ხულო, რათა მთელი აჭარა გამოიყვანონ აჭარელი ოჯახების დასახმარებლად. ერთი სიტყვით, ხალხი აჭარული რევოლუციით იმუქრება“, - აცხადებს ბაკურიძე.

აჭარისა და სვანეთის მაღალმთიანი რეგიონებიდან წამოსული ეკომიგრანტების დიდი ნაწილი ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტშია ჩასახლებული. თუმცა ჩასახლება სახელმწიფოსგან სისტემური მიდგომისა და დახმარების გარეშე მოხდა, რამაც მიგრანტების ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის პროცესი გაართულა.

მთავრობა დღემდე ყურს არ იბერტყავს არსებული უმწვავესი პრობლემის მოსაგვარებლად, ამიტომ ბათუმში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალმა“ „კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ქსელთან“ ერთად, 25 ნოემბერს, წალკაში, ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ცენტრი გახსნა.

„ცენტრი იქნება ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი ეკომიგრანტებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, რათა დროულად აღმოიფხვრას ის პრობლემები, რასაც ეკო-მიგრანტები აწყდებიან რეგიონში“, - აღნიშნა „ბორჯღალის“ აღმასრულებელმა დირექროტმა ციალა ქათამაძემ.

გარდა იმისა, რომ ცენტრი ერთმანეთთან დააკავშირებს ეკომიგრანტებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, ის აგრეთვე ეცდება ხელი შეუწყოს ახალმოსახლე ეკომიგრანტებსა და ადგილობრივ ბერძნულ და სომხურ მოსახლეობას შორის გაუცხოების შემცირებას და ინტეგრაციული პროცესების სტიმულირებას.