ლონდონში მოზარდებმა მეტროს ყველა სადგური მოიარეს და მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

ლონდონში მოზარდებმა მეტროს ყველა სადგური მოიარეს და მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

დიდ ბრიტანეთში 8 მოზარდმა ლონდონის მეტროს ყველა სადგური 18 საათში, 8 წუთსა და 13 წამში მოიარა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ინფორმაციას ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნი ავრცელებს.

მათი ცნობით, მოზარდებმა წინა რეკორდი 1 საათითა და 56 წუთი გააუმჯობესეს. აღსანიშნავია, რომ მიზნის მიღწევა მათ მხოლოდ მესამე ცდაზე მოახერხეს, რადგან პირველი 2 მარშრუტი დროის მხრივ არც თუ ისე ხელსაყრელი აღმოჩნდა.

რეკორდი რომ ჩათვლილიყო 16-17 წლის მოზარდებს მეტროპოლიტენის ყველა სადგურის მოსავლელად მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების უფლება ჰქონდათ. ამასთან, მათ გარკვეულ სირთულეებთან მოუწიათ გამკლავება - პირველ მატარებელში, რომელშიც ისინი ჩასხდნენ ელექტროენერგია გაითიშა, კიდევ 10 მატარებელი გარკვეული დროით გაჩერდა, ერთ-ერთმა რეკორდსმენმა კი საფულე დაკარგა.

ერთ-ერთი მოზარდი, არტურ ფილიპსი აღნიშნავს, რომ ყველაზე რთული ბოლო წუთს შეფერხებებისა და დაღლილობის გამო მარშრუტში ცვლილებების შეტანა იყო. მან ასევე განმარტა რატომ გადაწყვიტა მეგობრებთან ერთად ამ რეკორდზე წასვლა.

„მარშრუტის დაგეგმვა სახალისო თავსატეხი იყო, ზოგ ჩვენგანს მათემატიკა უყვარს. ამასთან, ამ თავგადასავალმა მოგვცა ლონდონის იმ ნაწილების შესწავლის საშუალება, სადაც აქამდე არასოდეს ვყოფილვართ“, - განაცხადა მან.

რეკორდის აღსანიშნავად მოზარდებმა წვეულება მოაწყვეს, შემდეგ კი წინა რეკორდის მფლობელებთან შეხვედრას გეგმავენ.