დინოზავრები მეტეორიტების წვიმამ გადააშენა

დინოზავრები მეტეორიტების წვიმამ გადააშენა

„დინოზავრები 65 მილიონი წლის წინათ გადაშენდნენ მეტეორიტების მთელი სერიების გამო, რომლებიც დედამიწას ათასი წლის განმავლობაში ბომბავდნენ“, – განაცხადეს ბრიტანელმა სწავლულებმა.

უფრო ადრე კი მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დაასკვნა, რომ დინოზავრების დაღუპვის მიზეზი იყო უზარმაზარი ასტეროიდის დარტყმა, რომლის ენერგია მილიარდჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე იმ ატომური ბომბის ენერგია, რომელიც ჰიროსიმაში ჩამოაგდეს. ამ დარტყმის შედეგად დარჩენილია კრატერი ჩიკსულუბი, რომელიც მექსიკის ნახევარკუნძულ იუკატანზე მდებარეობს და დიამეტრით 15 კილომეტრია. მაგრამ, კიდევ ერთი მეტეორიტის დარტყმის კვალმა, რომელიც დედამიწამ მანამდე მიიღო, იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ დინოზავრები დააზიანა მეტეორიტების ცვენის მთელმა სერიამ – ლაპარაკია ბოლტიშის კრატერზე, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე 2002 წელს აღმოაჩინეს.

მეტეორიტი, რომელმაც ბოლტიშის კრატერი წარმოქმნა, ჩამოვარდა რამდენიმე ათასი წლით ადრე ასტეროიდამდე, რომელმაც ჩიკსულუბის კრატერი წარმოქმნა. დრო განისაზღვრა ნიადაგის ფენებში ნაპოვნი მტვრისა და ძველი მდინარეების სპორების ანალიზის საფუძველზე.

კრატერის ძირში აღმოჩნდა აგრეთვე გვიმრის მტვერი. გაირკვა, რომ პირველი დარტყმიდან რამდენიმე წლის შემდეგ, იმავე ძაბრში, კიდევ ერთი მეტეორიტი ჩავარდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ორი მეტეორიტის ერთი და იმავე ძაბრში ჩავარდნა შეიძლება მათი დიდი რაოდენობით აიხსნას.

მეტეორიტების ექსპერტმა, პროფესორმა მონიკა გრეიდიმ ივარაუდა, რომ მეტეორიტების ნაკადი შეიძლება დაკავშირებული იყოს კოსმოსური ობიექტების შეჯახებასთან, რომელიც დედამიწასთან ახლოს მოხდა.