კუსტარული ნარკოტიკების დამზადებაზე სანქციები მკაცრდება

კუსტარული ნარკოტიკების დამზადებაზე სანქციები მკაცრდება

„კრაკადილის“, „ვინტის“ და „ჯეფის“ მოხმარების ზრდის წინააღმდეგ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივას სპეციალისტები მიესალმებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონპროექტმა, სულ მცირე, სამი წლით დაიგვიანა და ნაციონალების პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენი ახალგაზრდა თაობა მიეჩვია ამ ნივთიერებებს. თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი ინიციატივის თანახმად, იმ აფთიაქების მიმართ, სადაც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები რეცეპტის გარეშე გაიყიდება, სანქციები გამკაცრდება. კონკრეტულად კი, პირველ ჯერზე აფთიაქის მფლობელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და მინიმუმ 10 წლით სააფთიაქო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ელის.

ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, უკანასკნელ წლებში კუსტარული ნარკოტიკების დამზადება უკონტროლო იყო.

„ფსიქოტროპული აფთიაქებიდან ხდებოდა ამის რეალიზაცია-გაყიდვა. ხშირ შემთხვევაში, ეს ხდებოდა უკანონოდ, ე.წ. რეცეპტის გარეშე. ჩვენ გადავწყვიტეთ ისეთი კანონპროექტის ინიცირება, რის მიხედვითაც რეცეპტის გარეშე ამის რეალიზაცია პირდაპირ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას და 15-დან 20 წლამდე ფარმაცევტული საქმიანობის აკრძალვას. ვინაიდან ძალიან დიდ ციფრებთან გვაქვს საქმე ნარკომანიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა. მისი განხილვა როგორც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში, ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოხდა. მთავრობის სხდომაზე კი საბოლოოდ შეჯერებული ვარიანტი წარადგინეს.

როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, კანონპროექტი მიზნად ისახავს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების მოხმარების აღმოფხვრასა და ლეგალური სამკურნალო საშუალებების არალეგალურ არხებში გადინების პრევენციას.

შსს-ს ინფორმაციით, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების (დეზომორფინის - "ნიანგი", "კრაკადილი") და ამფეტამინების (ე.წ. "ვინტის" და "ჯეფის") მოხმარების მკვეთრი ზრდა საქართველოში 2009 წლიდან ფიქსირდება. მათ დასამზადებლად საჭირო უმთავრესი ქიმიური ნივთიერებების შეძენა აფთიაქში ადვილად შესაძლებელია მზა ფარმაცევტული პროდუქტის - კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული საშუალებების სახით.

 „აღნიშნული კომბინირებული საშუალებების აფთიაქებიდან გაცემა უნდა ხორციელდებოდეს "ფორმა N2" რეცეპტის საფუძველზე. თუმცა ეს წესი, უმეტეს შემთხვევებში, უხეშად ირღვევა. ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის, ასევე, აღნიშნული უწყებების მინისტრების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე, 2013 წლის 16 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე 27 აფთიაქში განხორციელებულმა ერთობლივმა ინსპექტირებამ გამოავლინა, რომ "ფორმა N2"-ის რეცეპტის გარეშე, კანონმდებლობის დარღვევით, გაცემულია 3 447 946 ერთეული (აბი) კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატი. აღნიშნული შეადგენს აფთიაქების მიერ სრულად გაცემული კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების რაოდენობის 99,99%–ს”, - აცხადებენ შს სამინისტროში.

სააფთიაქო ნარკომანიის აკრძალვასთან დაკავშირებით შსს-ის ინიციატივას ნარკოლოგი გელა ლეჟავა მიესალმება. როგორც გელა ლეჟავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, დღეს საქართველოში სააფთიაქო ნარკომანია ნარკოტიკების მოხმარების ძირითადი წყაროა. იმის გამო, რომ პრეპარატები კუსტარულად მზადდება, მათ ათი ათასობით ადამიანი მოიხმარს. შესაბამისად, მომხმარებლები ზიანდებიან არა მარტო ნარკოტიკის ზეგავლენით, არამედ იმ საშუალებებით, რომელსაც იყენებენ ამ ნარკოტიკის დასამზადებლად.

„სხვათა შორის, მარიხუანის მოხმარების შემდეგ, აშშ-ში სააფთიაქო ნარკომანია მეორე ადგილზეა. ე.ი. ყველაზე მეტად ნარკომანები მარიხუანას იყენებენ, რომელიც იოლად მისაწვდომია. თუმცა სააფთიაქო ნარკომანიაც ამერიკაში ძალზე სერიოზული პრობლემაა. ამიტომ მხოლოდ ეს სადამსჯელო ვარიანტი, რომ ათი წლით ავუკრძალოთ აფთიაქის მფლობელს ფარმაცევტული საქმიანობა, არ არის საკმარისი. საჭიროა კომპლექსური, გლობალური ღონისძიებები, რომლებიც ყველაფერს მოიცავს. მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა კიდეც, რომ კვოტები დაწესდება, თუ რამდენი პრეპარატი უნდა შემოვიდეს, ასევე, რეცეპტების საკითხი ისე უნდა მოგვარდეს, რომ ყალბი რეცეპტის გამოყენება არ დაიწყონ, რადგან საქართველოში ნათესავ-მეგობრის ინსტიტუტი არსებობს, აღარაფერს ვამბობ ექიმის შეშინებაზე ან მისთვის ფულის შეთავაზებაზე. კარგი იქნება, თუ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ სპეციალისტებს, აფთიაქის გამყიდველებს, სასწრაფო დახმარების ექიმებს, რადგან ყველას აზრი გასათვალისწინებელია,“ - აღნიშნა გელა ლეჟავამ.

მისივე თქმით, ამ წესით დამზადებული ნარკოტიკების მოხმარება უმძიმეს შედეგს იძლევა. ფაქტობრივად, ხდება ჰეროინის ტიპის ნარკოტიკის სინთეზირება, მაგრამ ეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ჰეროინი. როგორც წესი, ეს კუსტარული ნივთიერებები მზადდება კაუსტიკური სოდისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების (ფოსფორის) დამატებით, რაც სისხლში მოხვედრისას აზიანებს სისხლძარღვებს. ამ პრეპარატების მომხმარებლებს პირდაპირ ღრმულები აქვთ კუნთებსა და სხვადასხვა ორგანოებში.

ამასთან, გელა ლეჟავა ცალკე სამსჯელო თემად მიიჩნევს ბავშვთა პრობლემას, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ფსიქოტროპულ პრეპარატებს თავისუფლად ყიდულობენ აფთიაქებში და ამ გზით დგამენ ნაბიჯს ნარკომანიისკენ.

ქალაქის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ფსიქო-კორექციისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ექიმი-ნარკოლოგი ილია ჩიკვილაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ შსს-ს ინიციატივა აუცილებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი თაობა გვეღუპებოდა. იგი მეტი სიმკაცრის მომხრეა და მიიჩნევს, პირდაპირ ბრძოლა გამოვუცხადოთ ამ კუსტარული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას.

მისი დაკვირვებით, 2009 წლიდან დაიწყო კუსტარული დეზომორფინის მოხმარება და, რაც ყველაზე მეტად გვხვდება თვალში, მასზე დიდი ფსიქო-ფიზიკური დამოკიდებულება იგრძნობა. მკურნალობის პერიოდში ამ ნიშნით დასნეულებული ავადმყოფის ფიზიკური ნიშნების მოხსნა უფრო იოლია, ვიდრე - ფსიქოლოგიურის. ისინი პირდაპირ შესჩივიან ექიმებს - გავგიჟდები, რომ არ გავიკეთოო.

„მდგომარეობიდან გამოსვლა უჭირთ. შეიძლება ფიზიკური „ლომკა“ იოლად მოვხსნათ, მაგრამ ფსიქოლოგიურად შემდგომ უკვე დიდ რეაბილიტაციას საჭიროებენ, რადგან ეს პრეპარატი თითქმის ყველა ორგანოს აზიანებს. პირველ რიგში, აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამ პრეპარატის მოხმარებისას ფსიქოზის ნიშნები ძალიან ხშირია, განსაკუთრებით ზიანდება ღვიძლი, ხშირია სისხლძარღვთა დაავადებები. უშუალოდ პრეპარატის მოხმარებით შეიძლება, ადამიანი არ დაიღუპოს, მაგრამ მისი გართულებებით შეიძლება, ლეტალური შედეგი დადგეს. ნასვამ მდგომარეობაში მისი გაკეთებისას კი ძალზე ხშირია ლეტალური შემთხვევები. ინექციის ადგილას ხშირად პირდაპირ ძვლები ჩანს,“ - აცხადებს ილია ჩიკვილაძე.

მისივე განმარტებით, უცხოეთში ამ კუსტარულ საშუალებებს არ მოიხმარენ. "კრაკადილს", "ვინტსა" და "ჯეფის" ძირითადად იყენებენ საქართველოში. უფრო მეტიც, ექიმი-ნარკოლოგი იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან ჩამოსული პაციენტები მასთან საუბარში გაოცებას ვერ მალავდნენ, რა „ნაგავს“ იკეთებენ თქვენი ნარკომანებიო.

„ევროპიდან ჩამოსული პაციენტებიც მყოლია, რომლებიც ჰეროინსა და კოკაინს მოიხმარენ, ისინიც გაოცებულნი არიან. მე არ ვიცი, საქართველოს გარეთ ამ დეზომორფინს ვინმე თუ მოიხმარს. ფოსტითაც იღებენ ე.წ. „სპაისებს“, ანუ ბიოანაშას, ბიოპლანს, რომელიც იწვევს საშინელ ფსიქოზს, პიროვნება უკონტაქტოა. ეს იგივეა, გინდა“ კრაკადილმა“ მოკლას ადამიანი, გინდა ბიოანაშამ. ჩემი აზრით, უნდა გაიფილტროს ინტერნეტი, ეს რთული არ არის. მაგალითად, ბავშვებს მულტფილმებს ვეღარ აყურებინებთ, მაშინვე პორნოგრაფია ამოდის,“ - აღნიშნა ილია ჩიკვილაძემ.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი დავით მაჭარაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული საშალუალებები რეცეპტის გარეშე, მზა ფარმაცევტული პროდუქტის სახით გაიცემოდა აფთიაქებიდან და მათი საშუალებით ხდებოდა კუსტარული ნარკოტიკების დამზადება, როგორიცაა ე.წ. „კრაკადილი“, „ვინტი“ და „ჯეფი“. უფრო მეტიც, ამ სამკურნალო საშუალებების იმპორტი გაცილებით მეტი რაოდენობით მიმდინარებდა, ვიდრე ეს ქვეყნისთვის და რეალური პაციენტებისთვის იყო საჭირო. ეს მაშინ, როცა 2009 წლიდან ორჯერ გაიზარდა ადმინისტრაციული სახდელი. 2012 წლის ივლისში გატარებული ცვლილებების შედეგად კი, პირველ ჯერზე ამ საშუალებების ურეცეპტოდ გაცემისთვის 6 ათასლარიანი ჯარიმა დაწესდა, ნაცვლად სამი ათასლარიანი ჯარიმის; ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 12 ათასლარიანი ჯარიმა. ამ ცვლილების მიუხედავად, პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩებოდა, რადგან ძალზე რენტაბელური და შემოსავლიანი იყო ეს ფარმაცევტული დაწესებულებებისთვის და სამართალდარღვევის ჩადენით მაინც აგრძელებდნენ ამ მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემას.

„ჩვენი მიზანია, აღმოიფხვრას კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების გამოყენება. ამასთან, ეს არის ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება, რათა აფთიაქებიდან კანონდარღვევით აღარ მოხდეს აღნიშნული სამკურნალო საშუალებების გაცემა. კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები ხვდება ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების ნუსხაში და ურეცეპტოდ გაცემისას როგორც აფთიაქის, ისე სამართალდარღვევის ჩამდენი პირის მიმართ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. ასევე, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული პრეპარატებიც ხვდება ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში და მათი ურეცეპტოდ გაცემისას ამ ეტაპზე აღიძრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, როგორც აფთიაქის მეპატრონის, ასევე, უშუალოდ სამართალდარღვევის განმახორციელებელი პირის მიმართ,“ - გვითხრა დავით მაჭარაშვილმა.