“შვილი დამიხვრიტეს  და დაზარალებულები არიან მკვლელები“

“შვილი დამიხვრიტეს და დაზარალებულები არიან მკვლელები“

[ნინო მიქიაშვილი]

“რომ არა სააკაშვილ-მერაბიშვილის კრიმინალური რეჟიმი, ზურა ვაზაგაშვილს დღეს 27 წელი შეუსრულდებოდა“, - ამ და სხვა შინაარსის პლაკატები გააკრეს დღეს სანაპიროზე, დინამოს კორტებთან, იქ სადაც 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციის დროს დახვრიტეს ზურა ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. 

წელიწადში ორჯერ - ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის და დაბადების დღეზე, დინამოს კორტებთან იკრიბებიან მისი მშობლები, მეგობრები, ახლობლები, შვილმოკლული მშობლები და ადამიანები, ვინც არც ზურას იცნობდნენ და არც მის მშობლებს იცნობენ, მაგრამ ტრაგედიის ადგილას მისვლით მოკლულის მშობლებისადმი თანაგრძნობას და ხელისუფლებისადმი პროტესტს ერთდროულად  გამოხატავენ და საჯაროდ აცხადებენ, რომ ასე მოიქცევიან, სანამ მკვლელებს არ დასჯიან. 

დღეს დინამოს კორტებთან პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ლიდერებიდან და უფლებადამცველებიდან მისულები იყვნენ: კახა კუკავა, ნანა კაკაბაძე, თეა წულუკიანი, ზაზა ხატიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ჯაბა ჯიშკარიანი, რომან კუსიანი, ეკა ბესელია, გუბაზ სანიკიძე, სოსო რობაქიძე, თინა ხიდაშელი, ალექსანდრე შალამბერიძე, ნოდარ ეფრემიძე, ადა მარშანია, ზვიად ძიძიგური, ჯამბულ გამცემლიძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ია მეტრეველი, მალხაზ ჯანგირაშვილი, რეზო შავიშვილი, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ლილუაშვილი... 

პრესაგე.ტვ-მ ზურა ვაზაგაშვილის მამას, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “დაიცავი სიცოცხლეს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, იური ვაზაგაშვილს რამდენიმე კითხვით მიმართა. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვალში ვაზაგაშვილებმა, ადვოკატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფოების გაერთიანებებს, ლიდერებს მიმართეს და მკვლელების დასჯაში დახმარება სთხოვეს. 

რა შედეგი მოჰყვა თქვენს მიერ გაგზავნილ მიმართვას?

იური ვაზაგაშვილი: ევროკავშირს, ევროსაბჭოს და ”დიდი რვიანის” ქვეყნებს:

საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზს; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ანგელა მერკელს; რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს; დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, გორდონ ბრაუნს; იტალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონეს; კანადის პრემიერ-მინისტრს, სტივენ ჰერპერს; ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას; იაპონიის პრემიერ-მინისტრს, იუკიო ჰატოიამას მტკიცებულებები წარვუდგინეთ და საქმის ობიექტურ გამოძიებასა და მკვლელების დასჯაში დახმარება ვთხოვეთ. 

ერთადერთი გამოხმაურება გერმანიიდან მივიღეთ - ქალბატონმა მერკელმა თანაგრძნობა გამოგვიცხადა და ამასთან, აღიარა, რომ საქართველოში არის სისხლიანი რეჟიმი. 

სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდით, საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოვუწოდეთ საქმე ობიექტურად გამოეძიებინათ, დამნაშავეები დაესაჯათ, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ეს არის სატირალი და ათმაგი ტრაგედია, რადგან შვილი ქუჩაში დამიხვრიტეს, მკვლელების ვინაობა ცნობილია, ისევე, როგორც ის, თუ ვინ განახორციელა საკონტროლო გასროლა, ვინ ჩააწყო დაცხრილულ მანქანაში იარაღი და როგორ გაყალბდა მტკიცებულებები. ეს ყველაფერი ხელთ მაქვს, მაგრამ ჩემს ქვეყანაში სამართალს ვერ მივაღწიე - დასჯის ნაცვლად მკვლელები დააწინაურეს. 

თქვენი აზრით, რატომ არ სჯიან მკვლელებს?

- ამ საქმეში პირადად, რომ არ იყოს ჩართული მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურა ადეიშვილი, მთელი პროკურატურა და ძალოვნების მთელი ეს სისტემა, ალბათ, საქმესაც ობიექტურად გამოიძიებდნენ და მკვლელებსაც დასჯიდნენ. 

ამდენი მტკიცებულებების შემდეგ რვა კლასდამთავრებული ბავშვიც კი დარწმუნდება იმაში, რომ მტკიცებულებები გააყალბეს და საქმე ისე შეატრიალეს, რომ დღეს დაზარალებულები არიან “სიკვდილის ბრიგადის“ წევრები - ისინი, ვინც შვილი დამიხვრიტეს. მე და ჩემს მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი მოგვიხსნეს და ახლა ისინი არიან დაზარალებულები, ვინც ავტომატებით ხელში ზურა და ალექსანდრე ხუბულოვი დახვრიტეს. 

ალბათ, გახსოვთ, რომ ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა ჩემი შვილის მკვლელობის საქმე შეისწავლა, ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარა, რისი დასრულების შემდეგაც ზურას მკვლელობას სახალხო დამცველმა სახალხო დახვრეტა უწოდა. 

იქნებ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოთ მკვლელების გვარები და სახელები?

- უამრავნი არიან, თქვენ ხედავთ ამ კედელზე გაკრულ მათ სურათებს; ესენი არიან მიშას ხელის ბიჭები; ამ სისხლიან, ე.წ. სპეცოპერაციას ირაკლი ფირცხალავა ხელმძღვანელობდა, ქალაქში აღიარებული მკვლელი და ტერორისტი; მან უამრავ ადამიანს წაართვა კერძო საკუთრება. მისი ძმა ნარკობიზნესითაა დაკავებული. მკვლელია გიორგი ცააძე, ილია ზურაბიშვილი, მირზოევი, რომელიც ახლა თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილეა; გიორგი კვინიკაძე იძიებდა ამ საქმეს, ათ გამომძიებელს ხელმძღვანელობდა, მაგრამ მანამდე ჩემი შვილის დახვრეტაში მიიღო მონაწილეობა... 

ყველას გვარებს ახლა ვერ ვიხსენებ. პროკურატურიდან ათი ადამიანია ამ საქმეში გასვრილი; ალეკო მგელაძემ და ვალერი ლაცუზბაიამ საქმის გაყალბებაში დიდი როლი შეასრულეს. ლაცუზბაია ახლა ისან-სამგორის პროკურორია. 

რაიმე სიახლე ხომ არ არის ევროსასამართლოდან?

- ევროსასამართლოში ჩვენს საქმეს სწავლობენ. ვიმედოვნებთ, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გახდება საქმის ხელახალ ძიებაში დაბრუნების საფუძველი.