მილანის მალპენსას აეროპორტს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენის სილვიო ბერლუსკონის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ იტალიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მატეო სალვინიმ სოციალური ქსელ X-ში დაწერა.
„მილანის მალპენსას აეროპორტს სილვიო ბერლუსკონის სახელი მიენიჭება. ახლახან სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სამმართველოს დირექტორთა საბჭომ ლომბარდიის რეგიონის მიერ ერთი წლის წინ შეტანილი მოთხოვნა დააკმაყოფილა“, - დაწერა სალვინიმ.
ბერლუსკონი იტალიის პრემიერ-მინისტრი 1994 – 1995, 2001 – 2005, 2005 – 2006 და 2008 – 2011 წლებში იყო. გარდა ამისა, 1986 – 2016 წლებში ის იტალიური საფეხბურთო კლუბის „მილანის“ მფლობელი იყო. ბერლუსკონი 2023 წლის 12 ივნისს 86 წლის ასაკში მილანში გარდაიცვალა.