ღორის გრიპის ტალღები

ღორის გრიპის ტალღები

[დავით კირვალიძე]

აწ უკვე ღორის გრიპად სახლედებულ ვირუსთან დაკავშირებით მეტად ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციები ვრცელდება. თუკი მედიკოსების ერთი ნაწილი გრიპის შემთხვევების ზრდაზე მიუთითებს მეორე ნაწილი პირიქით კლებას აფიქსირებს. თუ პირველნი გრიპის ვირუსის პიკს ჩავლილად მიიჩნევენ, მეორენი ვირუსის მეორე ტალღას ელიან. 

დავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, განუცხადეს, ბოლო ორი დღის განმავლობაში საავადმყოფოებს დახმარებისთვის, დაახლოებით, 400-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 340-ს ლაბორატორიულად H1N1 ვირუსი დაუდასტურდა. ზრდა რომ აშკარაა, ეს იქიდანაც ჩანს, რომ 4 თებერვლისთვის ღორის გრიპის სულ 292 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო ბოლო ორ დღეში ერთბაშად 340 შემთხვევა გამოვლინდა. 

“ყოველ დღე კლინიკებს გრიპის ვირუსებით, დაახლოებით, 50-60 პაციენტი მიმართავს. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოკვლევები ყველას ჩავუტაროთ, თუმცა პაციენტებს, რომელთაც საავადმყოფოებში იტოვებენ და H1N1 ვირუსი ლაბორატორიულად უდასტურდებათ, მკურნალობა უფასოდ უტარდებათ”, - განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. 

ამავე დროს, ამავე ცენტრში ამბობენ, რომ ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ეპიდემიის პიკმა გადაიარა.  როგორც უწყების დირექტორმა ნატა ავალიანმა განაცხადა, აღნიშნულის ფიქრის საფუძველს სამედიცინო დაწესებულებებისადმი პაციენტთა მიმართვიანობის შემცირება იძლევა (არადა სტატისტიკა საპირისპიროს მეტყველებს). 

“ტერმინი “პიკი” ნიშნავს შემთხვევათა მაქსიმალურ რაოდენობას დროის გარკვეულ მონაკვეთში. ამ პერიოდმა კი, როგორც სტატისტიკა ადასტურებს, გადაიარა. თებერვალ-მარტის თვეების პერიოდში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გრიპით ავადობის მატებას, მაგრამ არ ექნება ეპიდემიის ხასიათი. ამ პერიოდში იქნება დაინფიცირების იშვიათი ფაქტები, თუმცა არაა გამორიცხული, “მეორე ტალღა” საერთოდ არ იყოს”, - ამბობს ავალიანი. 

ღორის გრიპის პანდემია შარშან დაფიქსირდა და ეს პროცესი მთელ მსოფლიოში მიმდინარეოდა. ამჟამად მსოფლიო იმყოფება პოსტ-პანდემიის შემდგომ პერიოდში, რაც ხასიათდება გრიპის შემთხვევების მნიშვნელოვანი კლებით წინა წელთან შედარებით.  

“შესაბამისად, გრიპის გავრცელების სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვნად დაბალია შარშანდელ მონაცემებთან შედარებით. ჩვენც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიღებული იმ რეკომენდაციებით ვხელმძღვანელობთ, რომლებიც პოსტ-პანდემიური პერიოდისთვისაა აუცილებელი”, - აცხადებს ავალიანი. 

საერთოდ, უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შარშანდელისგან განსხვავებით ღორის გრიპი სულაც არ გავრცელებულა. ეს არის, უბრალოდ, ჩვეულებრივი გრიპი, რომლის ეპიდემიაც ყოველ წელს ფიქსირდება, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება არასდროს ექცეოდა. 

მიუხედავად ამისა, ქართველი ექიმები გადაჭარბებულ ყურადღებას ამჟღავნებენ და დღენიადაგ აფრთხილებენ მოქალაქეებს, იმ სახიფათო ნიშნებს შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, მიუთითებდნენ დაავადების მძიმე ფორმის განვითარებაზე. 

ასეთი ნიშნებია: სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური აქტივობის ან მოსვენების დროს; გართულებული სუნთქვა; ციანოზი (მოლურჯო ელფერი); სისხლიანი ან შეფერილი ნახველი; ტკივილი გულმკერდში; ფსიქიური მდგომარეობის შეცვლა; სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა; დაბალი არტერიული წნევა. 

ბავშვებში სახიფათო ნიშნებს მიეკუთვნება გახშირებული ან გართულებული სუნთქვა, აქტივობის შემცირება, გამოფხიზლების გაძნელება, ასევე თამაშის სურვილის დაქვეითება ან არ ქონა.