უნგრეთის პრემიერი აცხადებს, რომ მის წინადადებას, ჯერ ცეცხლი შეწყდეს და შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, უკრაინის პრეზიდენტი ენთუზიაზმით არ შეხვედრია. ვიქტორ ორბანის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის მისი წინადადება არ მოეწონა და ღიად განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკების ცუდი გამოცდილება აქვს.
„პირველ რიგში მინდოდა გამეგო მისი პოზიცია, რას ფიქრობდა ჯერ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუნდაც მცირე ხნით - 2, 3 ან 4 კვირით და შემდეგ მოლაპარაკებების პროცესის დაჩქარებაზე. მან მითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს და რომ ეს არ მოსწონს. მითხრა: „მოდით გავაანალიზოთ, ვიფიქროთ“. მას ცუდი გამოცდილება აქვს წინა მოლაპარაკებებიდან და ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს კარგი არაფერი მოუტანია უკრაინისთვის“, - აღნიშნა ორბანმა.
ვიქტორ ორბანი კიევში ომის დაწყებიდან პირველად 2 ივლისს ჩავიდა.