უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად მზად არ არის - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ანდრეი ერმაკმა ვაშინგტონში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ომის დასრულების სანაცვლოდ, კიევი მოსკოვთან არცერთი ტერიტორიის დათმობას არ გეგმავს.
„ჩვენ არ ვართ მზად კომპრომისზე წასასვლელად ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან და ღირებულებებთან მიმართებით. ესენია - დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, - განაცხადა ერმაკმა.
ამ თემაზე ერმაკმა, დონალდ ტრამპის მიერ ომის სწრაფად დასრულების შესახებ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ კიევი მზად არის მიიღოს რჩევები სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, თუმცა კომპრომისი არ მოხდება ისეთ ღირებულებებზე, როგორებიცაა უკრაინის დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.