ოთარ კიტეიშვილი: ხალხის იმედები უფრო და უფრო იზრდება, ჩვენ კი მაქსიმალურად შევეცდებით, რომ განვვითარდეთ - უდიდესი გამოცდილება მივიღეთ და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს დასაწყისი

ოთარ კიტეიშვილი: ხალხის იმედები უფრო და უფრო იზრდება, ჩვენ კი მაქსიმალურად შევეცდებით, რომ განვვითარდეთ - უდიდესი გამოცდილება მივიღეთ და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს დასაწყისი

რაც ევროპის ჩემპიონატი დაიწყო იქიდან მოყოლებული ყოველი დღე განსაკუთრებული იყო ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის. ეს იყო უდიდესი ემოცია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ქართველ ხალხს ასე გახარებულს ვხედავდით, - ამის შესახებ ოთარ კიტეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს მუხტი რაც წამოვიდა, ამ ყველაფერს ვგრძნობთ. ძალიან ბევრი ადამიანი დაგხვდა აეროპორტში და უდიდესი მადლობა მათ. ხალხის იმედები უფრო და უფრო იზრდება და ამის საბაბს ჩვენი თამაში აძლევს. ჩვენ კი მაქსიმალურად შევეცდებით, რომ განვითარდეთ და შედეგებზეც აუცილებლად აისახება ეს ყველაფერი. ამით არ მთავრდება, უდიდესი გამოცდილება მივიღეთ და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს დასაწყისი და იმ ტურნირებზე რასაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები ჰქვია, უფრო და უფრო ხშირად ვიხილოთ საქართველო“, - აცხადებს ფეხბურთელი.

მან ისაუბრა პორტუგალიის ნაკრებთან მატჩზეც და აღნიშნა, რომ ამ გუნდის დამარცხება ძალიან დიდი წარმატება იყო.

„პორტუგალიის ნაკრები ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, თამაშობს მსოფლიოს ყველა დროს ერთ-ერთის საუკეთესო ფეხბურთელი. ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით, გუნდურობით მოვახერხეთ, რომ მოედანზე მაქსიმალურად საუკეთესოდ გამოგვეყენებინა ჩვენი შანსები და დადებით შედეგს მივაღწიეთ“, - აღნიშნა კიტეიშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საქართველოში დღეს დილას დაბრუნდნენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე „ჯვაროსნების“ დახვედრის ღონისძიება გაიმართება.