სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, 53 მოშიმშილე პატიმარს დღეს 907 დაემატა და ამ დროისთვის საკვებზე უარს 960 პატიმარი ამბობს. მოშიმშილეთა დიდი უმრავლესობა - 909 პატიმარი სასჯელს გეგუთის დაწესებულებაში იხდის.
საქართველოს მთავრობის ღია მმართველობის ფორმატში გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მინისტრმა განმარტა, რომ მოშიმშილე პატიმრებს სასაჯელაღსრულების სამინისტროსთან პრეტენზიები არ გააჩნიათ და, ძირითადად, პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნებს აყენებენ.
„მოითხოვენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ეკა ბესელიასთან შეხვედრას, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ მუხლებთან ამნისტიის ლიბერალიზაციას, ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებული მუხლის გაუქმებასა და მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას. რამდენიმე ადამიანი კი ინდივიდუალურად ითხოვს საკუთარი საქმის გადახედვას“, - განმარტა სოზარ სუბარმა.
მინისტრმა პატიმრების უფლებების კონტექსტში სამედიცინო მომსახურების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხშირად, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმრები საჭირო მედიკამენტებს ვერ იღებენ, რეალურად კი სამინისტროში ამ მხრივ ბევრი რამ გაკეთდა და ბოლო წლის განმავლობაში ჯანდაცვის ბიუჯეტი 42%-ით გაიზარდა.
„მომიტანეთ კონკრეტული ადამიანის გვარი, რას ითხოვს, რა დანიშნულება აქვს ექიმის მიერ გამოწერილი და რა არ მიეწოდება - უშუალოდ გადავამოწმოთ. მედიკამენტების ნუსხა განსაზღვრულია და მას პატიმრები უპრობლემოდ იღებენ. შევქმენით სტანდარტული პაკეტი მედიკამენტების, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ ნუსხაზე ბევრად მოცულებითია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა და განმარტა, რომ სახელმწიფო არ დააფინანსებს ციხეში მყოფი იმ ადამიანის სურვილს, რომელიც სვირინგის მოშორებას ან ფსიქოტროპულ ნივთიერებას ითხოვს, ექიმის დანიშნულებით გამოწერილი მედიკამენტები კი ყველას უპრობლემოდ მიეწოდება.
სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ მოთხოვნების ნაწილი, რომელთა გამოც პატიმრები შიმშილობენ, არ დაკმაყოფილდება, რადგან მთავრობის მიერ შემუშავებულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
„ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის მოთხოვნით ვინც შიმშილობს, მთავრობამ გასცა პასუხი, რომ კომისიის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს, ვინც შიმშილობს კონკრეტული მუხლების გაუქმებაზე, პირდაპირ ვამბობ, ტყუილად შიმშილობენ, პოლიტიკა არ შეიცვლება. ეს არ არის ჩემი პოლიტიკა, ეს არის მთავრობის, პარლამენტის პოლიტიკა“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ უფლებადამცველები, რომლებიც პატიმრებს აღნიშნულ საკითხებზე უკავშირდებიან და შემდეგ მათ მოთხოვნებს პრესკონფერენციებს უძღვნიან, საღამოობით რესტორნებში დადიან, პატიმრები კი პროტესტის გამო მშივრები რჩებიან.
სასჯელაღსრულების მინისტრმა ჟურნალისტებთან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის იმ განცხადებაზეც ისაუბრა, რომლითაც მერაბიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების ზეწოლაში ადანაშაულებს და განაცხადა, რომ მერაბიშვილი ციხიდან არ გაუყვანიათ.
„ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. შაბათს, კვირას, თუ არ ვცდები, ორშაბათსაც, მასთან იყო შესული ადვოკატი. ეს რომ მანდ მომხდარიყო, იმავე დღეს გააკეთებდა განცხადებას, მოითხოვდა გამოძიების დაწყებას, მოითხოვდა ვიდეოკადრებს. მათ ეს კადრები არ მოუთხოვიათ, ეს მოთხოვნები არ დაუყენებიათ. როდესაც დაიჭირეს სხვა ადამიანები, როდესაც ნახა, რომ ახალ ბრალს უყენებენ, გადაწყვიტა ასეთი ტიპის აპელირება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, მერაბიშვილის ნათქვამი: სავარაუდოდ დეპარტამენტის მოადგილის ოთახში მიმიყვანესო, დამაჯერებელი არ არის, რადგან, იქ რომ მიეყვანათ, „სავარაუდოდო“ არ იტყოდა, კარგად იცის ის ოთახი და უნდა ახსოვდეს, რომ 2006 წლის 27 მარტს ე.წ. ციხის ბუნტის ჩახშობაზე სწორედ ამ კაბინეტიდან გასცემდნენ ბრძანებებს ბაჩო ახალაია, ზურაბ ადეიშვილი და გიგა ბოკერია.
„ძალიან სასაცილოა, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ თავზე რაღაც წააფარეს და მერე უცებ ღიად ესაუბრება თურმე ადამიანი, რომელიც „აკაჩავებდა“ და მეორემ კი, რომელიც ვერ იცნო, თავად წარუდგინა თავი და უთხრა, მე ვარ ის, რომელიც ვერ იცანი, მაგრამ მეც ვაპირებ შენს „დაკაჩავებასო“. არასერიოზულია ასეთი განცხადებები. სიმართლე გითხრათ, ამ ამბავს რომ ვისმენდი, მქონდა დეჟავუს განცდა. 2006 წელს ზუსტად ასეთ ამბავს ყვებოდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი პლატონ მამარდაშვილი - როგორ მიიყვანეს კაბინეტში, როგორ „აკაჩავებდა“ მას ბაჩო ახალაია, თუმცა, ის გაცილებით უფრო დეტალურად აღწერდა გარკვეულ კადრებს, განსხვავებით ვანო მერაბიშვილისგან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სასჯელაღსრულების მინისტრი განმარტავს, რომ საპატიმრო დაწესებულებიდან მერაბიშვილის გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალას ვერც თავად და ვერც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ვერ ამოიღებს, რადგან ეს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა.
„ეს არის ჩვეულებრივი საიდუმლო მასალები, რომლებიც იწერება კანონით განსაზღვრული წესით, არც სამინისტროს და არც დეპარტამენტს მასთან პირდაპირი შეხება არ აქვს. არც ამოღების უფლება არ გვაქვს - პირის პირადი თავისუფლების უფლება ირღვევა, თუ ამ თემაზე გამოძიება არ დაიწყება. ამიტომ, ჯერ კადრები ამოღებული არ არის“, - აცხადებს სუბარი და აღნიშნავს, რომ მერაბიშვილის განცხადება არადამაჯერებელია, ვანო მერაბიშვილზე რამე ზეწოლის განხორციელება და ციხეში პირობების გაუარესება კი არც ხელისუფლების ნებაა და ამის გაკეთება პრაქტიკულადაც შეუძლებელია.
„არავინ აპირებს ვანო მერებიშვილზე რამე ზეწოლას, მითუმეტეს, ზედმეტია საუბარი წამებაზე. სასაცილოა, ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე პირობების გაუარესებით დაემუქრნენ. დღე არ გავა, მასთან ხან ევროკავშირის, ხან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ან სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ შევიდნენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სასჯელაღსრულების მინისტრმა „რედისონში“ გამართულ პრესკონფერენციაზე წლის განმავლობაში სამინისტროში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო ერთ წელიწადში უწყება ადამიანური გახდა.
სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ სისტემაში სასჯელს ამ დროისთვის 9011 პატიმარი იხდის და მათთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით ციხეების განახლება ხდება - საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ კი ერთ პატიმარზე 4 კვადრატულ მეტრი ფართი იქნება განსაზღვრული, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში კი პატიმრისთვის გათავლისწინებული ფართის მოცულობა 7 კვადრატულ მეტრამდე გაიზრდება.