მსოფლიოში ღვინის უძველესი კვალი საქართველოშია აღმოჩენილი და 8000 წლით თარიღდება. ის დღემდე დანალექის სახითაა მოღწეული და გინესის რეკორდებშია შეტანილი. რაც შეეხება ამ სასმლის თხევად ფორმას, ყველაზე ძველ ასეთ ნიმუშს არქეოლოგებმა ესპანეთის ქალაქ კარმონაში მდებარე სამარხში 2019 წელს მიაკვლიეს.
გათხრებისას მეცნიერებმა დაახლოებით 2000 წლის წინანდელი დასაკრძალი ურნა იპოვეს, რომელშიც ადამიანის ფერფლთან ერთად მოწითალო შეფერილობის ღვინოცაა შემორჩენილი. ეს რომაულ პერიოდში დაკრძალვის რიტუალში მსგავსი სითხის გამოყენების ტრადიციის ყველაზე ადრეული მაგალითია.
"ესაა მიწაში ჩაფლული სამარხი, რომელიც ქვებიდან ამოვთხარეთ. ამან საშუალება მოგვცა, ის 2000 წლით დაგვეთარიღებინა", — აცხადებენ გამოცემაში Journal of Archaeological Science: Reports გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები.
სპეციალისტებმა ღვინოში სხვადასხვა ქიმიურ ნაერთს მიაგნეს, რომლებიც მის გემოს, შეფერილობასა და წარმომავლობას განსაზღვრავს. ასეთი ნივთიერებები მრავალი წლის განმავლობაში იშლება, რის გამოც მათი მახასიათებლების დეტალურად შესწავლა ძნელდება. ამასთან, სითხე ფერფლს შეერია, რის გამოც გამუქდა.
მეცნიერებმა მის გასაანალიზებლად ქრომატოგრაფიისა და მას-სპექტრომეტრიის მეთოდები გამოიყენეს. შედეგად, იქ მცენარეული წარმოშობის ნაერთები აღმოაჩინეს, რომელთაც პოლიფენოლები ეწოდება. სწორედ ამან დაადასტურა, რომ ეს სითხე ნამდვილად ღვინო იყო.
ძველ ისტორიულ ტექსტებზე დაყრდნობით ივარაუდეს, რომ ის "ფინოს" ტიპის მშრალი თეთრი ღვინოა, რომელსაც სამხრეთ ესპანეთის რეგიონებში აყენებენ. თანამედროვე ნიმუშებთან შედარებამ ცხადყო, რომ ეს, სავარაუდოდ, დონია-მენსიას მუნიციპალიტეტში დაწურული სითხეა.
მასში წითელი ღვინისთვის დამახასიათებელ მჟავას ვერ მიაგნეს, რაც ნიშნავს, რომ ის თეთრია. ასევე, მიკრობიოლოგიური ანალიზის მიხედვით, 2000 წლის ღვინო "მინიმალურად მომწამლავი" უნდა იყოს, მაგრამ სპეციალისტებს ის არ გაუსინჯავთ.