როგორც წესი, ჩემპიონატამდე რამდენიმე თვით ადრე, გამოდის სიმღერები, რომლებიც შეჯიბრების ოფიციალური ან არაოფიციალური საუნდტრეკი ხდება. ეს სიმღერები არის ერთიანობის განცდაზე, ოცნებების ასრულებაზე, ზაფხულის უზრუნველ განწყობაზე...
1. K'naan-ის Wavin' Flag
წარმოშობით სომალელი შემსრულებლის, ქეინაანის, ამ სიმღერის ორიგინალური ვერსია ჯერ კიდევ 2009 წელს გამოვიდა — ერთი წლით ადრე, სანამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში FIFA-ის მსოფლიო თასი აიღებდა სტარტს. სიმღერა სომალელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაზეა და მისი პირვანდელი ვერსიის ტექსტი საკმაოდ სევდიანია.
2010 წელს Wavin' Flag კოკა-კოლას საფეხბურთო კამპანიის ოფიციალური სიმღერა გახდა და სწორედ მას შემდეგ მოიპოვა საყოველთაო პოპულარობა. კომპოზიციის ახალი ვერსია, სპეციალურად ტურნირისთვის თემატურად შეცვლილი ტექსტით, არაერთი ქვეყნის ჩარტების სათავეში აღმოჩნდა.
და ის თუ იცოდით, რომ სიმღერის ერთ-ერთი ავტორი ბრუნო მარსია?
2. Pitbull-ის, ჯენიფერ ლოპესისა და კლაუდია ლეიტის We Are One (Ole Ola)
2010 წლის ჩემპიონატიდან 2014-ის მსოფლიო თასზე გადმოვინაცვლოთ, როცა საგანგებოდ ბრაზილიაში დაგეგმილი ტურნირისთვის დაიწერა სიმღერა We Are One (Ole Ola), რომელსაც სამი ლათინომერიკელი მუსიკოსი ასრულებს, მათ შორის, ბრაზილიელი კლაუდია ლეიტი, თანაც — ბრაზილიურ პორტუგალიურ ენაზე.
We Are One ("ჩვენ ერთნი ვართ") ლათინოამერიკულ რითმებზე შექმნილი ენერგიული კომპოზიციაა, რომლის შთამაგონებელი ტექსტი ფეხბურთის გულშემატკივრებს ერთიანობისა და სანახაობით ტკბობისკენ მოუწოდებს: "ყველამ აღმართეთ დროშები ცისკენ; აჩვენე მსოფლიოს, საიდან ხარ!".
საინტერესო ფაქტად გეტყვით იმასაც, რომ სიმღერის თანაავტორი ცნობილი ავსტრალიელი მუსიკოსი სიაა.
3. ოსეანას Endless Summer
"უსასრულო ზაფხული" — ასე ჰქვია გერმანელი მუსიკოსის, ოსეანა მალმანის, ევროპოპ სიმღერას, რომელიც UEFA-ის 2012 წლის ჩემპიონატის ოფიციალური საუნდტრეკი გახლდათ. მაშინ ევროპულ ტურნირს პოლონეთი და უკრაინა ერთობლივად მასპინძლობდნენ.
Endless Summer-ს, რომელიც ოსეანას მეორე სტუდიურ ალბომში შედის, ძალიან საზაფხულო, უდარდელი განწყობაც მოაქვს, რის გამოც ევროპაში 2012 წლის ცხელი სეზონის ჰიტი გახდა და ბევრი ქვეყნის ჩარტებში აღმოჩნდა.
4. MAGIC SYSTEM-ისა და ჩაუკის Magic In The Air
Magic In The Air კოტდივუარული ჯგუფის, Magic System-ისა და მაროკოელი მუსიკოსის, აჰმედ ჩაუკის, 2014 წელს გამოსული სიმღერაა. ამ ჩამონათვალში ის ერთადერთია, რომელიც არცერთი შეჯიბრის ოფიციალური საუნდტრეკი არ ყოფილა.
საქმე ისაა, რომ მისი გამოსვლა, უბრალოდ, დაემთხვა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდს და მელოდიურმა კომპოზიციამ, საზეიმო ჟღერადობითა და ოპტიმისტური ფრანგულენოვანი ტექსტით, ფეხბურთის გულშემატკივრების გული ადვილად მოიგო. მას შემდეგ, Magic In The Air ხშირად ჟღერდებოდა სხვა ტურნირებზეც, მათ შორის, 2018 წლის FIFA-ის მსოფლიო თასზე, როცა გამარჯვება სწორედ საფრანგეთს ხვდა წილად.
5. შაკირას Waka Waka (This Time for Africa)
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატით დავიწყეთ და მისითვე დავასრულოთ — Waka Waka-ის გარეშე კი ამ სიას კაპიკის ფასი ექნებოდა. კოლუმბიელი ვარსკვლავის, შაკირას, ეს ჰიტი კლასიკად ქცეული საფეხბურთო სიმღერაა. ლათინოამერიკული და აფრიკული მუსიკალური ტრადიციების შერწყმით და 1980-იანების აფრიკული სიმღერიდან (Zangalewa) აღებული "სემპლით", Waka Waka-მ მსოფლიო ააცეკვა.
თქმაც არ უნდა, რომ სიმღერა საერთაშორისო ჰიტი გახდა — კვირების განმავლობაში შეინარჩუნა პირველობა სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში; ბოლო, 2019 წლის მონაცემებით, ჯამში მისი 15 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სინგლი გახლავთ. Waka Waka-მ აშშ-ში პლატინის სტატუსი მიიღო, სხვა ქვეყნებში კი ბრილიანტის სტატუსიც მიენიჭა. უსაზღვრო პოპულარობა მოიპოვა სიმღერაზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმაც (იუთუბზე მას ამ დროისთვის 4 მილიარდამდე ნახვა აქვს), რომელშიც ცნობილი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, მათ შორის, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი.
აქვე უნდა ვთქვათ ის, რომ თვითონ შაკირაც საფეხბურთო ჩემპიონატების სიმბოლოდ იქცა: მისი სხვა სიმღერები Hips Don't Lie (Bamboo Version) და La La La ასევე გახლდათ მსოფლიო თასების საუნდტრეკი 2006 და 2014 წლებში.