ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრთა ნივთები, მათ შორის პრინცესა დაიანას წერილები და კაბები კალიფორნიაში, აუქციონზე ჯამში 4 მილიონ ფუნტზე მეტად გაიყიდა.
Julien's Auctions-ის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე 200-ზე მეტი ნივთი იყო წარდგენილი — ეს პრინცესა დაიანას პირადი ნივთების ყველაზე დიდი კოლექციაა, რაც გამოფენილა მას შემდეგ, რაც პრინცესამ თავად მოაწყო საქველმოქმედო აუქციონი გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე.
მაქმანებით გაწყობილი მუქი იისფერი კაბა, რომელიც ბრიტანელი დიზაინერის, ვიქტორ იდელსტაინის მიერაა შექმნილი და რომელიც პრინცესას ლონდონსა და გერმანიაში 1987 წელს ეცვა, აუქციონის ყველაზე ძვირადღირებული ნივთი იყო — კაბა $910,000-ად გაიყიდა, რაც მის თავდაპირველ ფასზე ოთხნახევარჯერ მეტია.
აუქციონზე ასევე გაიყიდა პრინცესას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი, მიურეი არბიდის მუქი ლურჯი კაბა, რომელიც მას ორჯერ, 1986 და 1987 წლებში ეცვა სამეფო ოპერაში. ეს კაბა $780,000-ად შეფასდა.
პრინცესას ფავორიტი დიზაინერების ტანისამოსის კოლექცია, რომელთა შორისაა ვიქტორ იდელსტაინის, კეროლაინ ჩარლზისა და კეტრინ უოლკერის შემოქმედება, უკლებლივ იყო წარმოდგენილი აუქციონზე, რომელიც ლოს-ანჯელესში 26 ივნისს გაიმართა.
აუქციონზე წარმოდგენილი იყო პრინცესა დაიანას ხელნაწერი წერილები და მისალოცი ბარათები. წერილთა უმეტესობა მოდ პენდრის, სპენსერების ოჯახის დიასახლისს ეძღვნებოდა, რომელიც მათ საგვარეულო ალთორპის მამულში პრინცესა დაიანას ბავშვობიდან მუშაობდა.
"დღევანდელი ისტორიული აუქციონის ფენომენალური შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დაიანა არის და ყოველთვის იქნება მსოფლიოსთვის ყველაზე საყვარელი და შთამაგონებელი კულტურული ფიგურა. ეს ნატიფი სამოსი, ფეხსაცმელი და აქსესუარები დაიანასთვის მხოლოდ მოდური განაცხადის გაკეთების საშუალება არ ყოფილა. სწორედ ისინი ასახავდნენ მის სითბოსა და ადამიანურობას, რამაც პრინცესა ყველაზე პოპულარულ სტილის სახედ აქცია ბრიტანეთის სამეფო ოჯახიდან", — განაცხადა მარტინ ნოლანმა, Julien's Auctions-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.