„ბევრი ასეთი საქმე უახლოეს პერიოდში გაიხსნება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებლისა და მისი მოადგილის კობა ხარშილაძის დაკავების ფაქტს. ეკა ბესელიას განცხადებით, ბევრი საქმეა, რომელიც იყო მიძინებული, თაროზე შემოდებული, დაწყებული, მაგრამ შეჩერებული. მისი თქმით, რეკომენდაცია მიეცა პროკურატურას, რომ სწრაფად წარიმართოს ამ საქმეებზე გამოძიება. რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას, ბესელია ამბობს, რომ საქმის გახსნას ელოდება.
უკავშირდება თუ რა კობა ხარშილაძის დაპატიმრება ზურაბ ჟვანიას საქმეს, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია. როგორც მან for.ge-სთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ გააკეთებს. For.ge-ს კითხვებს ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, რაულ უსფოვის მამამ, იაშა უსუფოვმა უპასუხა.
ბატონო იაშა, როგორ აფასებთ ვანო მერაბიშვილის განცხადებას, როგორ ფიქრობთ, გამოძიებას არ აქვს მტკიცებულება და ამ მოტივით სთხოვენ მერაბიშვილს დახმარებას?
- რაღაცას თამაშობს. მერაბიშვილი ახლა ზუსტად იმაზე ფიქრობს, რომ გამოძიებას დაეხმაროს... და ეს გამოძიებამაც იცის. მერაბიშვილის განცხადებას არავინ დაიჯერებს და იცით რატომ? იმიტომ, რომ ის ურცხვად იტყუება.
თქვენ გამორიცხავთ, რომ შეიძლება მერაბიშვილს ჰქონდეს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია?
- მან იცის ყველაფერი, რა და როგორ მოხდა. თუ მაშინ არ იცოდა, შემდეგ ხომ დაინტერესდებოდა რა მოხდა, მან იცის სიმართლე. გამოძიება მიმდინარეობს და დასრულდება მალე. გამოძიება ბევრ ახალ და სკანდალურ ფაქტებს გაახმოვანებს, ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ ამაზე ვერ ვიპალარაკებთ მანამ, სანამ გამოძიება არ დასრულდება. ისეთი ფაქტები დაიდება, რომელსაც ესენი ვერ უარყოფენ. დღეს რომ ეს ფაქტები გავახმოვანოთ, ისინი ამის საწინააღმდეგოდ მოიგონებენ ტყუილებს, ამის პროფესიონალები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაც ხომ ტყუილებზე იყო აგებული. საქმე სულ მალე დასრულდება და მერე უკვე ამათ სათქმელი არ ექნებათ.
დაკავებულია პრემიერის დაცვის ყოფილი უფროსი. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა ამ საქმესთან იყოს კავშირში მისი დაკავება, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ?
- დააშავა და დააკავეს. რამდენად კავშირშია ჩვენს საქმესთან, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, რომ ამ მკვლელობის შემდეგ დაწინაურდა. კაცი დაცვის უფროსი იყო და მერე გამგებლის მოადგილე გახდა, ამ მკვლელობის შემდეგ დააწინაურეს.
მისი დაწინაურება ამ მკვლელობასთან არის კავშირში?
- რა თქმა უნდა. პრემიერ-მინისტრი დაიღუპა და დაცვის უფროსი არ დაუკავებიათ, თითქოსდა არაფერ შუაში იყო. პრემიერს კლავენ და მისი დაცვის უფროსს აწინაურებენ. დაცვის უფროსს რომც არაფერი სცოდნოდა, მაინც არ უნდა დაეწინაურებინათ. რაც მან მაშინ გააკეთა, ეს იცის მთელმა საქართველომ.
მიცვალებულს ჯიბიდან გასაღები ამოაცალა, წავიდა კანცელარიაში, გააღო პრემიერის სეიფი და მოიპარა ის საბუთები რაც უნდოდათ. ჯერ ეს არის დანაშაული, იმიტომ, რომ ეს არის ქურდობა. ამ საქმეზეც კი არ უგია პასუხი. არაუშავს, პროკურატურა იტყვის თავის სიტყვას და ყველა აგებს ამ დანაშულისთვის პასუხს. მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.
თქვენ ინტენსიური ურთიერთობა გქონდათ გენერალურ პროკურატურასთან და იყავით საქმის კურსში რა ხდებოდა გამოძიების პროცესში, მაგრამ ახალ პროკურორთან თუ გქონდათ ჯერ შეხვედრა?
- ჯერჯერობით შეხვედრა არ შემდგარა. თუ საჭირო იქნა დაგვიძახებენ.
თქვენ გქონდათ გამოძიებასთან შეხება, გამოიკვეთა ახალი დეტალი, რომელიც ადასტურებს, რომ პრემიერი და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე მოკლეს?
- ჩვენ ამაზე ვერ ვილაპარაკებთ. მოკლული რომ არიან ეს ფაქტია. ძალიან ბევრი ფაქტი ამას ადასტურებს. მალე იტყვიან სიმართლეს.
სააკაშვილის, ან თუნდაც სხვა კონკრეტული პირების დანაშაული იკვეთება?
- გამოძიება იტყვის ყველაფერს. ჯერჯერობით, დეტალებისგან თავს შევიკავებ. პროგრესი არის და სწორედ ამიტომ ალაპარაკდა ვანო მერაბიშვილი, რომელიც ამ ხერხით ცდილობს გაიგოს რამე დეტალი. ეშინია და არა მარტო მერაბიშვილს, არამედ ეშინია ძალიან ბევრს, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა. პრემიერ-მინისტრის მკვლელობა პატარა საქმე არაა. ნორმალურ ადამინს გული გაუსკდებოდა აქამდე, მაგრამ ეს ადამიანები, ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინეს, არანორმალურები არიან. ნორმალურები რომ ყოფილიყვნენ ამას არ გააკეთებდნენ.