ჰარი პოტერის სერიალზე მუშაობა აქტიურ ფაზაში შედის. როგორც ალბათ უკვე იცით, ბესტსელერი წიგნების სერიის ახალ ეკრანიზაციას Max (ყოფილი HBO Max), სავარაუდოდ, 2026 წლისთვის შემოგვთავაზებს. იმის მიუხედავად, რომ ამ თარიღს ჯერ ორი წელი გვაშორებს, სერიალზე უკვე ბევრი რამ ვიცით. ცოტა ხნის წინ კი, HBO-მ ისიც გაამხილა, ვინ იმუშავებს მასშტაბურ, მრავალწლიან პროექტზე. მეტიც, როგორც აღმოჩნდა, სერიალის საპილოტე ეპიზოდის სცენარი უკვე დაწერილია...
ჰარი პოტერის სერიალის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, სცენარისტი და ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი ფრანჩესკა გარდინერი იქნება. გარდინერს აქამდე ისეთ გახმაურებულ სერიალებზე უმუშავია, როგორებიცაა Succession და Killing Eve. ფრანჩესკასთან ერთად, ჯადოსნური სამყაროს მცირე ეკრანზე გაცოცხლებას შეეცდება რეჟისორი მარკ მაილოდი, რომლის ცნობილ ნამუშევრებს შორისაა Succession, Game of Thrones და The Last of Us. მაილოდი ასევე მოირგებს აღმასრულებელი პროდიუსერის როლს.
მათთან ერთად, აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება ჰარი პოტერის სამყაროს შემქმნელი, მწერალი ჯოან როულინგიც, რაც საგის ერთგულ ფანებს აძლევს იმედს, რომ პროექტი წარმატებული გამოდგება. ამასთან, სერიალის შექმნაში ჩართული იქნება დევიდ ჰეიმანიც, რომელიც პოტერიადის ფილმების პროდიუსერი იყო.
"მოხარული ვარ, გაცნობოთ ჩვენი რეჟისორისა და სცენარისტის ვინაობა", — წერს როულინგი, — "როგორც საპროდიუსერო გუნდის წევრი, მათ თავადაც გავესაუბრე; ჰარი პოტერი ორივეს ძალიან უყვარს. ფრანჩესკას საპილოტე ეპიზოდის სცენარის წაკითხვისა და მარკის ხედვის გაგების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ სერიალი მოლოდინს გადააჭარბებს".
წლების განმავლობაში გავრცელებული ხმები, ჰარი პოტერის სერიალზე მუშაობის შესახებ, საბოლოოდ შარშან დადასტურდა. მაშინ გავიგეთ ისიც, რომ სერიალი მთელ ათწლეულს გასტანს, თითოეულ წიგნს კი თითო სეზონი დაეთმობა.
ჰარი პოტერი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნების სერიაა. ის თარგმნილია 87 ენაზე და მსოფლიოში 600 მილიონზე მეტ ეგზემპლარად არის გაყიდული. შვიდწიგნეულის მიხედვით გადაღებული რვავე ფილმის შემოსავალმა კი ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა.