წერილი, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ფიზიკოსმა ალბერტ აინშტაინმა აშშ-ის 32-ე პრეზიდენტს ფრანკლინ რუზველტს მისწერა, სექტემბერში აუქციონზე გასაყიდად გაიტანენ. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Guardian-ი წერს. აინშტაინის წერილში საუბარია ნაცისტური გერმანიის მიერ ატომური ბომბის შესაძლო გამოყენების შესახებ.
„ალბერტ აინშტაინის ორგვერდიანი წერილი, სადაც ის აშშ-ის იმჟამინდელ პრეზიდენტს ფრანკლინ რუზველტს აფრთხილებს იმის შესახებ, რომ ნაცისტურმა გერმანიამ შესაძლოა ჩაატაროს ბირთვული ცდები ატომური ბომბის შესაქმნელად, გასაყიდად იქნება გატანილი Christie`s აუქციონზე სექტემბერში“, - ნათქვამია სტატიაში.
წერილი, რომელიც 1939 წლის 2 აგვისტოთი თარიღდება, დაწერილია პოლონეთში გერმანიის შეჭრამდე ერთი თვით ადრე. წერილი იწყება შემდეგი სიტყვებით: „სერ, უახლესმა შრომებმა ბირთვულ ფიზიკაში შესაძლებელი გახადა ურანის ახალი და მნიშვნელოვანი ენერგიის წყაროდ გარდაქმნა“.
The Guardian-ის თანახმად, წერილის საწყისი ფასი 4 მილიონი დოლარი იქნება. ამ დროისთვის აინშტაინის წერილი რუზველტის ბიბლიოთეკაში, ნიუ-იორკის ჰაიდ პარკში ინახება.