ექსკურსია მოდის სამყაროში

ექსკურსია მოდის სამყაროში

ვის უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ დღეს მოდა საერთოდ არსებობს?! – რა თქმა უნდა, „მეფე-მზე“ ლუდოვიკო მეთოთხმეტეს.

იმ დროს საფრანგეთში ოქროს ხანა იყო – დიდებული ცერემონიები, ყოველდღიური ზეიმები და მეჯლისები, ფუფუნება და ზრუნვა ახალ ტანსაცმელზე.

ლუდოვიკო მეთოთხმეტეს დაწყებული საქმე მარია-ანტუანეტამ განაგრძო, რომელიც საფრანგეთში ავსტრიიდან ჩამოვიდა და გადაწყვიტა, თავისი ჩაცმულობით ყველა გაეკვირვებინა. დედოფლისთვის ახალ-ახალ კაბებს კარის მკერავი როზა ბერტენი ქმნიდა, რომელსაც მოგვიანებით „მოდის მინისტრის“ ტიტული მიანიჭეს.

სწორედ როზა ბერტენის ქმნილებაა სახელგანთქმული კრინოლინი. ასევე, წარმოუდგენელი სიმაღლის და „არქიტექტურის“ ვარცხნილობები, რომელშიც მარტო ყვავილებს კი არა, არამედ ბაფთებს, ლენტებს, ძვირფასეულობას, მინიატურულ ხომალდებს და წისქვილსაც კი იპოვიდით.

ბერტენის შემდეგ დაიწყო ის ეპოქა, როცა მკერავები უბრალოდ მკერავები კი არ იყვნენ, არამედ ნელ-ნელა „კუტიურიეებად“ იქცნენ. მაგალითად, მადამ ბერტენის შეკერილი კაბა იმაზე ოცჯერ მეტი ღირდა, ვიდრე იმდროინდელი მკერავის წლიური შემოსავალი.

„მაღალი მოდის“ ნამდვილი მამა, ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ ვორტი იყო, რომელმაც ოცი წლის ასაკში გადაწყვიტა, დაეპყრო ქალბატონების გულები.

1858 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. ბიზნესში ცოლი ეხმარებოდა. ის მოდის სამყაროში პირველ მოდელად იქცა. არასტანდარტული მოდელებითა და ტანსაცმლის სტილით ვორტმა მალე გაითქვა სახელი.

ის საფრანგეთის საიმპერატორო კარის მთავარ დიზაინერად იქცა. იმპერატრიცა, ნაპოლეონ მესამის მეუღლე მხოლოდ მის შეკერილ კოსტიუმებს იცვამდა. მალე მოდის მიმდევარი ყველა ფრანგი ქალი ოცნებობდა, ვორტთან ჩაეცვა.

ვორტი პირველი იყო, ვინც კოლექციების შექმნა დაიწყო, თანაც პირველმა დაყო ის სეზონების მიხედვით. 1868 წელს ვორტმა დააარსა პირველი სინდიკატი „მაღალი მოდის სახლების პალატა“, რომელიც დღემდე არსებობს.