ბრიტანეთში ედ შირანის თაყვანისმცემელი მის ორეულს გაჰყვა ცოლად. ამის შესახებ Metro წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამანდა ბარონი მომღერლის ფანია და ხშირად ხუმრობდა, რომ მისი ცოლი გახდებოდა. ორი წლის წინ, შირანის კონცერტზე მან მუსიკოსის ორეული - ტაი ჯონსი გაიცნო. მალევე წყვილს ქალიშვილი შეეძინა. მას ჩერი დაარქვეს - შირანის ცოლის პატივსაცემად. ერთი წლის შემდეგ კი ტაიმ ამანდას ხელი სთხოვა.
ამანდამ და ტაიმ ქორწილს „ცხოვრების საუკეთესო დღე“ უწოდეს. ღონისძიებაც შირანის შემოქმედების ელემენტებით იყო გაფორმებული. მაგალითად, ტორტზე შირანის ერთ-ერთი სიმღერიდან ფრაზა იყო დატანილი, პატარძლის ფეხსაცმელებზე კი მომღერლის სახელი ეწერა. რა თქმა უნდა, ქორწილში ჟღერდა შირანის სიმღერები, თუმცა პირველი ცეკვისთვის წყვილმა სხვა ბრიტანელი მუსიკოსის, ჯეიმს არტურის სიმღერა აირჩია. „ქორწილს მთლიანად ედს ვერ მივუძღვნიდით. ხალხი ჩათვლიდა, რომ ეს უცნაურია“, - განაცხადა ამანდამ.