ტერორისტული თავდასხმები დაღესტანში. შეიარაღებულმა პირებმა დერბენტში, სინაგოგასა და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. პარალელურად, თავს დაესხნენ მახაჩყალის საგზაო პოლიციის საგუშაგოს, ხოლო სოფელ სერგოყალაში პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
გავრცელებული ცნობით, მომხდარს 15-ზე მეტი პოლიციელი ემსხვერპლა. დაღუპულია ერთი სასულიერო პირი და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, განეიტრალებულია ხუთი მებრძოლი, ორი დერბენტში და სამი მახაჩყალაში. რესპუბლიკის ხელმძღვანელის, სერგეი მელიკოვის თქმით, ლიკვიდირებულია ექვსი თავდამსხმელი. ამოქმედებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი.
დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული თავდასხმის მუხლით აღძრა. დაღესტანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
„ჩვენ ვიცით, ვინ დგას ამ ტერაქტის უკან. ვიცით, რა მიზანი აქვთ მათ. დაწყებულია საგამოძიებო მუშაობა და ის ტერაქტის მონაწილე და ორგანიზატორი დაჯგუფებების გამოვლენამდე გაგრძელდება. ტერაქტი საზღვარგარეთიდანაც იყო მომზადებული“, - განაცხადა დაღესტნის გუბერნატორმა სერგეი მელიკოვმა.