50 ათასი ლარის გადახდა ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის სასარგებლოდ და ცილისმწამებლური განცხადებების მედიასაშუალებებით უარყოფა, - თბილისის საქალაქო სასამართლომ საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა.
ჯოზეფ ქეის ადვოკატის ირაკლი ყანდაშვილის განმარტებით, შესაბამისი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 დეკემბერს დაუსწრებლად გაიმართა და სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
„სასამართლომ ჯოზეფ ქეის მოთხოვნები დააკმაყოფილა. გიორგი ვაშაძეს მის მიერ მედიით გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო უარყოფა და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისათვის 50 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა“, - განმარტა ყანდაშვილმა for.ge-სთან საუბრისას.
ადვოკატის განცხადებით, საუბარია 2013 წლის თებერვალში ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკასა“ და „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „კურიერში“ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელშიც გიორგი ვაშაძემ ჯოზეფ ქეის „საერთაშორისო თაღლითი“ უწოდა.
გიორგი ვაშაძის ადვოკატი ქეთევან ზანდუკელი კი სასამართლოს გადაწყვეტილებას მის მიერ სხდომაზე გამოუცხადებლობით ხსნის. ადვოკატი for.ge-სთან განმარტავს, რომ სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მივიდა და სასამართლომ, სწორედ, ამიტომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა.
„აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ, რა თქმა უნდა, რადგან არსებობს საპატიო მიზეზი და მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ არსებითად უნდა იმსჯელოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, რომ მსგავს შემთხვევებში სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს არსებული გარემოება“, - აცხადებს ქეთევან ზანდუკელი.
ადვოკატის მტკიცებით, სასამართლოს საქმე არსებითად რომ განეხილა, გიორგი ვაშაძე არ გამტყუნდებოდა, რადგან მის მიერ ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვები მხოლოდ გამოხატვის თავისუფლება იყო.
„თუ სასამართლო მიიჩნევს ჩვენს მიზეზს საპატიოდ და საქმეს განიხილავს, ჩვენი უფლების რეალიზაციის და პოზიციის დასაბუთების შესაძლებლობაც მოგვეცემა. ჩვენი არგუმენტი არის ის, რომ გიორგი ვაშაძემ ჯოზეფ ქეის მიმართ გამოხატა საკუთარი აზრი და ეს არ ყოფილა ცილისწამება. ამ შემთხვევაში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ“ კანონი ითვალისაწინებს მხოლოდ ცილისმწამებლური განცხადებების შეზღუდვას და არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს აზრის გამოხატვას. მიგვაჩნია, რომ გიორგი ვაშაძემ მოსაზრება გამოთქვა და ის არ შეიძლება,შეიზღუდოს“, - აცხადებს ქეთევან ზანდუკელი.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ გიორგი ვაშაძეს არც 50 ათასი ლარის გადახდა და არც ბოდიშის მოხდა მოუწევს.