უახლოეს მომავალში პერუს მცხოვრებნი გეგმავენ, რომ ანდების მწვერვალები თეთრად შეღებონ. ამით ისინი ცდილობენ შეამცირონ გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული მყინვარების დნობის ტემპი.
პროექტმა „პერუს მყინვარები“ მსოფლიო ბანკის მოწონება დაიმსახურა და მის ინიციატორებს რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ფულადი პრემია გამოუყო.
როგორც პროექტის ავტორებმა განაცხადეს – „თეთრი ფერი წინააღმდეგობას გაუწევს მზის რადიაციული გამოსხივების სითბოდ გარდაქმნას, რაც თავის მხრივ, შეამცირებს გლობალური დათბობის ნეგატიურ ეფექტს. უკანასკნელ წლებში მყინვარები უკან იხევენ და მთის მწვერვალებზე უფრო და უფრო მეტი შავი ლაქა ჩნდება“.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, შევღებოთ მთები სპეციალური გამამყარებელი ხსნარით, რომლის დიფუზიური არეკვლის კოეფიციენტი ისეთივეა, როგორიც თოვლის. ამ შემთხვევაში მზის სხივების 85 პროცენტი უკან, კოსმოსში დაბრუნდება“, – განმარტა ჯგუფის ხელმძღვანელმა ედუარდ გოლდმა.
მან დარწმუნებით განაცხადა, რომ სპეციალურმა საღებავმა ეკოლოგიური კონტროლი გაიარა და იგი არც სასმელი წყლის სათავეებს „აამღვრევს“ და არც ანდების კონდორთა ბუდეებს დააზიანებს.
პერუში ანდების მთის სისტემის მყინვართა 70 პროცენტი მდებარეობს. მთლიანად კი, იგი ამერიკის შვიდი სახელმწიფოს ტერიტორიას მოიცავს.
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, დათბობის შედეგად, მათ თავისი ფართობის მეხუთედი ნაწილი დაკარგეს. მკვლევართა მონაცემებით, თუ სასწრაფოდ არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები, მაშინ 2015 წლისთვის კონტინენტზე ყველა ეს მყინვარი გაქრება, რომელიც ზღვის დონიდან 5,5 კილომეტრზე დაბლაა.