ვარსკვლავიანი სკოლები და ექპერიმენტული სამინისტრო

ვარსკვლავიანი სკოლები და ექპერიმენტული სამინისტრო

სასკოლო სიახლეებს არც ბოლო უჩანს და ექპერიმენტების გამოგონება-განხორციელებას აღარც დასასრული აქვს. ლამის დღე არ გადის, რომ განათლების სამინიტრომ მცირე კორექტივი მაინც არ შეიტანოს სასწავლო პროცესში.

ამჯერად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში პირველკლასელების მიღების კრიტერიუმებზე მუშაობს. ეს საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც სკოლების ბრენდირების იდეა გაჩნდა. 

სკოლების ბრენდირება სკოლების ათვარსკვლავიანი სისტემით შეფასებას ითვალისწინებს. ამიტომ ოპოზიცია ინტერესდება რა მოხდება მაშინ, როდესაც ყველა საუკეთესო სკოლაში მოინდომებს შვილის შეყვანას.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძემ პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, ეს საკითხი დარეგულირდება. მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში პირველკლასების სკოლაში მიღების კრიტერიუმებს აზუსტებს და უახლოეს მომავალში დეტალები ცნობილი გახდება.

ამავე დროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებს კლასების გაყოფის უფლებას აძლევს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლებს უფლება აქვთ, ახალი კლასი შექმნან იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 35 მოსწავლეს აღემატება.

სკოლას უფლება აქვს კლასი ქართულის და უცხო ენების შესწავლისას დროსაც გაყოს (თუკი კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 25 ბავშვს აღემატება და სკოლას შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა გააჩნია). როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, საჯარო სკოლების ადმინისტრაციას უფლება აქვს, მსგავსი საკითხები თავად გადაწყვიტოს.

თუკი რესტორნებში რუსული სიმღერები იკრძალება, სკოლებში, შესაძლოა, რუსული ენის სწავლებას მოეღოს ბოლო. ყოველ შემთხვევაში ეს ინფორმაცია უკვე საკმაოდ გავრცელდა და განათლების სამინიტროს ამაზეც უწევს კომენტარის გაკეთება.

ირინა ქურდაძის განმარტებით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში ორი უცხო ენის სწავლებაა სავალდებულო. პირველი კლასიდან ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო იქნება, მეორე უცხო ენის სწავლება კი მე-7 კლასიდან დაიწყება.

თუ რა ენა ისწავლება სკოლაში მეშვიდე კლასიდან, როგორც ქურდაძე ამბობს, სკოლის არჩევანი იქნება. ამას გარდა, სკოლას შეეძლება მის სკოლაში სხვა, მესამე უცხო ენის სწავლებაც დანერგოს და იმავდროულად შეეძლება მეორე უცხო ენის სწავლება, მეშვიდე კლასამდეც განახორციელოს. მოკლედ, რუსული ენის სწავლების საკითხს თავად სკოლა გადაწყვეტს.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სკოლის მოსწავლის გაცდენები მის წლიურ ნიშანზე აისახება. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე გაკვეთილების გარკვეულ რადენობას არ დაესწრება, მის წლიურ ნიშანს 20% მოაკლდება. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსწავლის ნიშნის მეხუთედს იმ შემთხვევაში დაკარგავს, თუ მან სემესტრის 1-4 გააცდინა.

გაცდენების კვირეული რაოდენობის პროცენეტები მათი რაოდენობრივი წლიური რაოდენობის მიხედვით იცვლება. შედეგად წლის ბოლოს მოსწავლეს ნიშნის 20% აკლდება. 

მაგალითად, თუ ბავშვს ამა თუ იმ საგანში 10 ქულა აქვს, დაგროვილი გაცდენების გამო საბოლოოდ 8 გამოჰყვება. თუ მოსწავლეს ეს დაკლებული ნიშანი არ აკმაყოფილებს, წლის ბოლოს გამოცდა უნდა ჩააბაროს. თუ გაცდენების რაოდენობა 43-ს გადასცდა, მოსწავლეს გამოცდის ჩაბარება, უნდა თუ არა, აუცილებლად მოუწევს.

“როგორც ცნობილია, სკოლებში ტრიმესტრების ნაცვლად სემესტრები შემოვიდა. თუ ბავშვი გააცდენს სემესტრის წლიური საგაკვეთილო საათების 1-4-ს, მოსწავლის წლიურ ნიშანს ავტომატურად დააკლდება 20%. ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სემესტრული გაცდენების ეს რაოდეობა ძალიან ცოტაა. სინამდვილეში კი ასე არ არის. საკმაოდ დიდი რიცხვია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვს თუ გაცდენების გამო დააკლდა 20%, მაგრამ მას აქვს პრეტენზია იმისა, რომ საგანი მაღალ დონეზე იცის, შეუძლია გამოცდა ჩააბაროს და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მას შეუნარჩუნდება ის ნიშანი, რაც დაკლებამდე ჰქონდა”, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.