დონალდ ტრამპის კიდევ ერთ მრჩეველს სტივ ბენონს ოთხთვიანი პატიმრობა შეეფარდა, რომლის მოხდაც პირველი ივლისიდან მოუწევს

დონალდ ტრამპის კიდევ ერთ მრჩეველს სტივ ბენონს ოთხთვიანი პატიმრობა შეეფარდა, რომლის მოხდაც პირველი ივლისიდან მოუწევს

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, კარლ ნიკოლსის გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან, სტივ ბენონი, კონგრესის უპატივცემულობის ბრალდებით ოთხთვიან საპატიმრო სასჯელს მოიხდის.

სტივ ბენონის ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, რათა დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის სასამართლო დავის დასრულებამდე, ბრალდებული საპატიმროში არ გაეშვა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით სტივ ბენონის საქმე არ მოითხოვს ზოგადი წესდებიდან გადახვევას, რომელიც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მისჯიდან მის დაუყონებლივ მოხდას გულისხმობს.

სტივ ბენონს კონგრესის უპატივცემულობის ბრალდებით ორ საქმეზე ედავებიან. პირველ რიგში 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით კონგრესის საგამოძიებო კომიტეტთან თანამშრომლობაზე უარის თქმას და ასევე, სტივ ბენონს ბრალად ედება დონალდ ტრამპთან დაკავშირებული დოკუმენტების სამართალდამცველებისგან დამალვა. საუბარია დოკუმენტებზე, რომლებიც აღწერს სტივ ბენონის მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ პროცესში მონაწილეობას.

ადვოკატების თქმით, დიდი ალბათობით, სტივ ბენონი სასჯელს უზენაესი სასამართლოს მიერ მისი გასაჩივრებული სარჩელის განხილვამდე მოიხდის, სასამართლო დავისას კი, ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ეს პროცესი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისგან სტივ ბენონის ჩამოშორების მიზანს ემსახურებოდა.

დონალდ ტრამპის კიდევ ერთი მრჩეველი, პიტერ ნავარო, იმავე ბრალდებით სასჯელს უკვე იხდის.