ჩიპების ამერიკელი მწარმოებლის, Nvidia-ს აქციების ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამშაბათს, ვაჭრობის დასასრულს Nvidia-ს ერთი აქცია 136 დოლარი ღირდა - ასჯერ მეტი, ვიდრე 8 წლის წინ.
ახლა კომპანია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე Microsoft-ი, რომელიც გუშინდელ საღამომდე პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგის სათავეში იყო. ივნისის დასაწყისში Nvidia -მ ამ მაჩვენებლით Apple-ს გადაუსწრო და ის რეიტინგის მესამე ადგილზე მოათავსა. დღეს Nvidia-ს საბაზრო ღირებულება 3,34 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
Nvidia აწარმოებს გრაფიკულ ბარათებს პერსონალური კომპიუტერებისთვის და კომპიუტერულ ჩიპებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის შექმნისა და სწავლისთვის არის განკუთვნილი. ამ სფეროების განვითარებასთან ერთად, კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, რაც თავის მხრივ გაყიდვებისა და შემოსავლის ზრდას განაპირობებს.