მღვიძარე კაცი გამოჩნდა ერთი, ჯებენოინის შთამომავლის ირანული ღიმილი და „მეგობარი“ ჩრდილოელის ვერაგობა აღბეჭდოდა სახეზე. (გ. ჭანტურია. „ახალი იერემიას გოდება“)
ერეკლეს მოასვენებენ ასები და ათასები. პატარა კახი მომკვდარაო, ფეხზე დგას მთელი საქართველო. უკანასკნელ დიდ ბაგრატიონს თავზე სპარსული ქუდი ახურავს და მარჯვენა საჩვენებელი თითი კი რუსული მელნითა აქვს მოსვრილი.(გ. ჭანტურია. „მოსე“)
საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, თითქმის სულ გზაგასაყარზე გვიხდება სიარული, სულ არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ერის წინამძღოლებიც რამდენად ბრძნულ არჩევანს გააკეთებდნენ იმისდა მიხედვით იყო, რომ ხან უკიდურეს სიდუხჭირეს განვიცდიდით, როგორც სულიერს ასევე მატერიალურს და ხანაც ცოტას ამოვისუნთქებდით და ბრძოლის ნაცვლად, აღმშენებლობით და კულტურის განვითარებით ვიყავით დაკავებული. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად ეს გადაწყვეტილებები ქვეყნის წინამძღოლებზეა დამოკიდებული და მაგიტომაცაა, რომ ჩვენი მხრიდან ქვეყნის ხელისუფალთა არჩევანის გაკეთების დროსაა საჭირო გონების დაძაბვა და სუფთა სვინდისით გადაწყვეტილების მიღება.
წერილის დასაწყისში მოყვანილი ამონარიდები, იმის მაგალითია, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება ამ ცოდვილ დედამიწაზე ძნელად, თითქმის არც მოიპოვება და ამიტომ სიბრძნით დანახული ოქროს შუალედი, უმრავლეს შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია ხოლმე. გაგვიჭირდება იმის მტკიცება თუ რატომაა უკიდურესად ცუდი „ჩრდილოეთი“ და უკიდურესად კარგი „დასავლეთი“ ან პირიქით. მიმაჩნია, ის ადამიანები რომლებიც კატეგორიულნი არიან თავის მოსაზრებებში და ცალსახად აცხადებენ, რომ არ არსებობს კარგი რუსეთი ან კარგი დასავლეთი, ცდებიან და პოლიტიკოსის კატეგორიულობა ასეთ შემთხვევაში მის სისუსტეს მიანიშნებს.
ჯერ დამოუკიდებლობა და მერე დემოკრატია თუ პირიქით. ასეთი დილემის წინაშეც დავუყენებივართ ხელისუფლებას უკანასკლნელი ათწლეულების მანძილზე. ერთნი თვლიდნენ და სამწუხაროდ, ახლაც არიან პოლიტიკოსები რომლებიც აცხადებენ, რომ დემოკრატიამ ქვეყნის მართვაში თუ ხელი შეგიშალა ესე იგი გასაუქმებელია იგი.
თუ ქვეყნის ხელისუფალთა მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, დემოკრატიული ნორმების დაცვით და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ იქნება მიღებული, ყველა შემთხვევაში უარყოფით შედეგს მოგვიტანს. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი სხვადასხვა ეტაპზე დაეთხვევა რომელიმე ქვეყნის ინტერესს და ზუსტად ასეთ შემთხვევაშია პოლიტიკური ხელმძღვანელობის გამჭრიახობა გადამწყვეტი, რათა ინტერესთა დამთხვევის დოზა ჩვენი ქვეყნისთვის მინიმალური არ იყოს, ხოლო პარტნიორისათვის მაქსიმალური. სამწუხაროდ, ბევრია იმის მაგალითი, თუ როგორ დაზარალებულა საქართველოს ინტერესი სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. მაშ რატომ გადაიხვეწა უამრავი ქართველი უცხო ქვეყნებში და რატომ მოილტვიან ჩვენ მიწა-წყალზე დასამკვიდრებლად უცხონი? ნუთუ ძნელია ამის დანახვა, რომ ამაზე დიდი ღალატი ერისა არ არსებობს, როდესაც ძალაუფლების მქონენი, გაუსაძლის საარსებო პირობებს ქმნიან უმრავლესობისათვის. თვალის შეუიარაღებლადაც ხომ გამოჩნდა, რომ ჩვენ შეგვიძლია ავიტანოთ შიმშილი, სიცივე, სიბნელე და ა.შ. ბევრი რამ, მაგრამ ჩვენ ვერ ვიტანთ უსამართლობას. დიახ, ქართველი ერი ვერ ეგუება უსამართლობას და ეს ჩვენი დადებითი თვისებაა.
საქართველო უნდა იყოს სახალმწიფო თავის ეროვნული ნიშნებით, საქართველო არ უნდა დაემსგავსოს იმ NGO-ს რომელიც გრანტის მოლოდინშია და შემკვეთის ნებას ასრულებს მხოლოდ. განა ძნელია იმის გონების თვალით დანახვა, რასაც ჩვენი პატრიარქი გვიქადაგებს?! საქართველომ მხოლოდ და მხოლოდ თავისი ტრადიციული ღირებულებებით უნდა დაიმკვიდროს თავი გლობალურ მსოფლიოში.
ჩემი აზრით, ჩვენი ხსნა ეროვნულობაში და დემოკრატიაშია. ეროვნული ფასეულობებით უნდა ვიაროთ დემოკრატიის გზაზე. ჩვენი მოქალაქეების ცნობიერებაში მყარად უნდა გაჯდეს ქვეყნის ეროვნული ნიშნები. სხვა მხრივ სახელმწიფოს ნაცვლად, ჩვენ მართლაც დიდი NGO შეგვრჩება ხელთ.
ჩვენი სახელწიფოს უმთავრესი პრობლემა ქვეყნის შიგნითაა, ჩვენშია და რატომღაც გარეთ ვეძებთ მიზეზებს. ჩვენი თავი ჩვენადვე გვყუდვნოდესო, რომ ბრძანა დიდმა ილიამ ადამიანები იგულისხმა უპირველეს ყოვლისა, რადგან თავისუფალი ადამიანები ჰქმნიან თავისუფალ სახელმწიფოს. ვიპოვოთ ჩვენი თავი და დავიმკვიდროთ იგი. ჩვენ დასაკარგი დრო აღარ გვაქვს!