საქართველოში ფეხბურთი განსაკუთრებულად პოპულარული სპორტის სახეობაა და ქართველი მსახიობებიც საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხშირად სწორედ „ტყავის ბურთის“ დახმარებით აღწევენ. ფეხბურთს და თეატრს საერთო ბევრი აქვს, მსახიობი და ფეხბურთელი ხომ უშუალოდ შემსრულებლები არიან და მაყურებლის გულის მოსაგებად იღვწიან.
დღევანდელი სახალისო სპორტული მოგონებების პირველი სტუმარი კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი იქნება, რომელიც ერთ უჩვეულო ისტორიას გაიხსენებს.
„ეს ფილმი საკავშირო ტელევიზიის დაკვეთა იყო. ამდენად საორგანიზაციო საკითხები სახტელერადიოს უნდა მოეგვარებინა - დაემყარებინა კავშირი ბრაზილიის სატელევიზიო კომპანია "გლობოსთან", მოემზადებინა ვიზები არგენტინასა და ბრაზილიაში გასამგზავრებლად და ა.შ. მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. უნდა გავმგზავრებულიყავით 16 თებერვალს, უნდა ჩაგვესწორო ცნობილი კარნავალისთვის რიო-დე-ჟანეიროში, მაგრამ გავემგზავრეთ 23-ში. ჩავფრინდით ბრაზილიაში კარნავალის დამთავრების წინა დღეს.
ტელეკომპანია "გლობოსს" არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა ჩვენი ჩასვლის შესახებ. ბუნებრივია, არავინ დაგვხვედრია. იძულებულნი გავხდით დამოუკიდებლად გვემოქმედა.
პირველი, რაც მოვიფიქრეთ, გავიგეთ სად იყო კარნავალი და გავეშურეთ გადასაღებად. ადვილია თქვა - გავეშურეთ. ძალიან გაგვიძნელდა აპარატურის გადატანა და გადასაღები ჯგუფის გადაადგილება. როგორც იქნა აღმოვჩნდით სამბადრომის მისადგომებთან.
ბრაზილიელები ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე და მომღიმარი ხალხია. თავს უცხოდ ვერ იგრძნობ. სწორედ ამ ადამიანების დახმარებით მოვხვდით სამბადრომის ტრიბუნებზე. სადაც გადავიღეთ ჩვენი გმირი კარნავალის დროს.
იქაურებს ვუყვებოდით ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც მუხლჩაუხრელად იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, რაც ძალიან გაუკვირდათ - როგორო, თქვენისთანა ხალხი არაა დამოუკიდებელი და თავისუფალი?! - კინაღამ გადაირივნენ. ამ ამბებზე რომ ვლაპარაკობდით, ყველას გვეცინებოდა, ოღონდ ჩვენ... სიმწრით.
მესამე დღეს, მარაკანას სტადიონზე უნდა შემდგარიყო კალენდარული მატჩი ლიდერებს "ვასკო და გამასა" და "ბოტოფაგოს" შორის. ასეთ მატჩებზე ბილეთის შოვნა "ფანტასტიკის ჟანრს" განეკუთვნება. ჩვენ კი უბილეთოდ აღმოვჩნდით, ცენტრალურ ლოჟაში ვართ უკვე.
ქართველი მაყურებლისთვის უცხო არაა ჩვენი უბადლო მსახიობის, კახი კავსაძის ნატურა. მისი სამსახიობო ოსტატობა. არავის გაუკვირდებოდა თუ მოუყვებოდით, რომ კახი კავსაძემ ბაყბაყდევი ჩხუბში "ბოი ბეზ პრავილ" გამოიწვია და პირველსავე რაუნდში "ვაი დედა" აძახებინა.
არც ის გაუკვირდებათ, თუ კახიზე უამბობთ, რომ მუშტის ერთი დარტყმით ნაიალაღარი ხარი გააკრა მიწას.
კახიზე არც იმას გაიკვირვებენ, რომ უთენია დგება და ეშმაკს დაეძებს, რათა რაიმე მოატყუოს, გააბრიყვოს და დააბეჩავოს, მაგრამ რაც მან სტადიონზე მოახერხა და მოიმოქმედა, ვინ, ვინ და არც მე დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა და ჩემი კამერით არ დამეფიქსირებინა. თუმცა იქ მაშინ კამერით არანაირი კადრის გადაღების უფლება არ ჰქონდა არავის და მათ შორის ჩვენც. ეს ისტორიული ამბები მხოლოდ ვიდეოთი დავაფიქსირეთ.
ვიმეორებ, ეს დაუჯერებელი იყო.
კახიმ დაგვიბარა, ახლა მე ვიცი, ყურადღებით იყავით, პელეს თვალი არ მოაცილოთ და მეც იქ მიხილავთო და... გაშპა... გაუჩინარდა.
ცოტა ხანში ტრიბუნებს თითქოს ქარიშხალმა შემოუტიაო - უჩვეულო ჟრიამული ატყდა. ეს იმის საპრელუდიო ხმაურია, რაც ფეხბურთის მეფის გამოჩენას უძღვის წინ. დიახ, მსოფლიო ფეხბურთის მეფე უნდა გამოჩნდეს მოედანზე... მაგრამ ეს რა ხდება?! ხმელ-ხმელი, მაღალ-მაღალი, სანდომიანი შესახედაობის კაცი გამოჩნდა, რომელიც "მწმენდავის" როლშია და მოძალებულ ფოტორეპორტიორებს შესაშური მონდომებით, ჟესტით, მიმიკით და თქვენ წარმოიდგინეთ - მუჯლუგუნებითაც იგერიებს, გზა მიეცით ფეხბურთის მეფეს, ედსონ-არანტეს-დე-ნასიმენტო-პელეს.
ალბათ დაცვაა... სხვა ვინ უნდა იყოს? - იფიქრებთ თქვენ?
- არა, ბატონებო, ნურც ახლა გაგიკვირდებათ... ეს ჩვენი კახი გახლავთ, - კავსაძე! იგივე სწორუპოვარი რაინდი - "დონ-კიხოტი".
თვით პელეც უხერხულად აცეცებს თვალებს. ვერ გაუგია და ვერ აუხსნია, თუ საიდან ჩამოფრინდა ეს სწორუპოვარი რაინდი.
- გზა, გზა! გზა მიეცით მეფეს! - იგერიებს კახი რეპორტიორებს. მერე პელესთან მიდის, ცალ თვალს ჩვენსკენ აპარებს და მოულოდნელად გადაეხვევა ფეხბურთის დიდოსტატს.
მაყურებელთა შორის - მხოლოდ ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა იცის ვინაა ის და რას ახერხებს.
თვალნათლივ ჩანს და ვიდეოკამერაც აფიქსირებს პელეს შეცბუნებულ სახეს, მაგრამ კეთილ ღიმილს. რა გასაკვირია, რომ მას კახი გადაეხვია, იგი ხომ მთელ მსოფლიოს უყვარს.
- მე ქართველი ვარ, "ჯორჯია! ჯორჯია!" - უხსნის ჩვენი "დონ-კიხოტი".
იმის დრო არაა, გაგვიკვირდეს, თუ რა ჯოჯოხეთური მანქანებით მოახერხა კახიმ ამდენი.
წამის დაკარგვაც არ შეიძლება.
- მეო - უმტკიცებს კახი პელეს - მამაშენს ასე ვიცნობდიო - ორივე ხელის საჩვენებელ თითებს უხახუნებს ერთმანეთზე.
- საიდან? - მომენტალურად უკვირს დე ნასიმენტოს.
- ვაი შენ რა გითხარი - ღიმილით და აღტაცებით (ნაჩქარევად უხსნის კახი), მამაშენს არაფერი უთქვამს შენთვის ჩემს შესახებ? ("შენობითი" ფორმით მიმართვა სიახლოვის ხაზგასმაა).
- არა, რაღაც არ მახსენდებაო - პელემ.
- უჰ, შენ რა გითხარიო - უსწრაფესად უხსნის კახი - ბიჭოო (!?). მე ახალგაზრდობაში ბრაზილიაში ვმუშაობდი, ელექტროტექნიკოსი ვიყავი მაშინ და მამაშენთან, იმ ტკბილ და მურაბა კაცთან რამდენი ჭიქა ამიწევია, მიმიჭახუნებია, დამიცლია, იმდენი... შენ რა გითხარი, შენ-ო.
პელე უძახე შენ და ამის გაგონებაზე მამის გახსენებაზე და კახის სანდომიან, დამაჯერებელ და მომხიბვლავ ღიმილზე გული უჩუყდება, თუმცა გამარჯვებული კახი აღარ აცლის...
- ეგ რაა, პატარა რომ იყავი, მოგნათლე, კიდევაც, ნათლია ვარ ბიჭო (!) შენი მე, ნათლია!
პელეს გადარევა კულმინაცაის აღწევს.
- ნათლია? - არ უჯერებს ყურებს (ალბათ ფიქრობს - ამდენ ხანს სად იყავი, შე კაცოო).
კახის გაჩერება მამაღმერთსაც კი აღარ ძალუძს:
- ბავშვობაში მე გავარჯიშებდი ფეხბურთშიო, მეო... მეეე-ო!
ამხელა დამსახურებას რომ კაცს წყალში ჩაუყრი - პელე გქვია მერე შენ?! - ალბათ ეს გაიფიქრა იმ წუთებში მსოფლიო ფეხბურთის დიდოსტატმა და "ნათლიას" გულამოსკვნილი გადაეხვია.
რაც ახლა გიამბეთ, ამის წაკითხვას თქვენ ალბათ 2 წუთ, ჰა, ჰა - 3 წუთი მოანდომეთ, მაგრამ ყოველივე ეს ალბათ უფრო ნაკლებ დროში მოხდა.
ტყუილი ყოველთვის არაა მავნებელი. უწყინარი ტყუილიც არსებობს და კახიმ ეს ხუთი თითივით იცოდა. კახის "ფანტასტიკიზმზე" (თუ ასეთი სიტყვა არსებობს), ისიც მეტყველებს, რომ ყოველივე ამის შემედგ ქართული მეცხვარის ნაბადიც შემოახურა "ნათლულს" მხრებზე და ასე დასრულდა ეს ისტორიული ამბავი“.
დღევანდელი „მოგონებების“ მომდევნო სტუმარი ვეტერანი კალათბურთლი ვალერი ლომაძე გახლავთ.
„ლანჩხუთის რაიონის ერთი (ყოველ შემთხვევაში) ჩემთვის ულამაზეს და უსაყვარლეს სოფელ გვიმბალაურიდან ვარ. ამ ამბავთან, ახლა რომ უნდა მოგახსენოთ, გვიმბალაური არაფერ შუაშია, რადგან ჭაბუკობის შემდეგ იქ იშვიათად ჩავდივარ. კონკრეტული ამბავი ლანჩხუთის სიმღერად ნაქცევ ფეხბურთის გუნდ "გურიას" უკავშირდება.
ჩვენი მაშინდელი ცეკას მდივანი ედუარდ ამბროსევიჩი ფეხბურთის "გადამკვდარი" ფანი იყო და არის. რა თქმა უნდა, გურული კაცი სამშობლოს, მშობელი მხარის გულშემატკივარია და ასე თუ ისე სათანადო ყურადღებას აქცევდა მაშინ ამ ლეგენდარულ გუნდს.
მონათხრობი რომ უფრო მარტივი და გასაგები გახდეს ასე ვიტყვი. ლანჩხუთის "გურია" "ბ" კლასიდან "ა" კლასში გადადიოდა, რადგან თამაშს თამაშზე იგებდა შინ თუ გარეთ.
გუნდს "პატრონობდა" ედუარდის ძმა - ევგრაფ შევარდნაძე. "ძალა რომ აღმართს ხნავს, ახლა შეიძლება არ ეწეროს პირველკლასელთა "ნოუთბუქზე" მაგრამ მაშინ წყალშეუვალი ჭეშმარიტება იყო და "გურია" თუ იგებდა და იგებდა, ცოტა არ იყოს ევგრაფის "ბრალიც" იყო.
შემოვიდოდა სტადიონზე (რა დროც უნდა ყოფილიყო თამაშის დაწყებიდან) მოიხმობდა "ბიჭებს" და:
- აღარაა პენალის დროი?
- იქნება ამბროსიჩ!!! მიფრინავდა "ქსივა" მსაჯთან.
"პენალტი" რომ 99%-იანი გოლია უჩემოდაც იცით.
იმ დღესაც, ვზივარ მე და ვუყურებ ჩემი მშობლიური გუნდის თამაშს. მომიჯდა უცბად გვერდით (სად იყო და სად არა) ევგრაფი და სხვათა შორის მეუბნება:
- რავაა საქმე... არაა პენალის დროი?!
აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ერთი ჩვენი ფეხბურთელი ("ლანჩხუთელი") მართლაც მოცელეს, მაგრამ ამას ფეხები საჯარიმოს გარეთ გაუსრიალდა. თავი დარჩა ხაზს აქეთ, ანუ საჯარიმოში.
- პენალი ასოთხმოცდათხუთმეტიათასიანი! - იყვირა ევგრაფიმ.
მე მაინც ნეიტრალური დავიჭირე.
- ბატონო ევგრაფ ამბროსევიჩ, არაა პენალტი.
- აუ! რატომ ვითომ კაცო? - გაუკვირდა საშინლად - რავა გიტლერივით იქცევი შენ! ჩვენი ხარ თუ იმგენის?
- თავი დარჩა შიგ - საჯარიმოში, ბატონო ევგრაფ, სამაგიეროდ ფეხები საჯარიმოს გარეთ ჰქონდა.
ამბროსევიჩი არ დაიბნა.
- ბიჭო, ფეხბურთს ფეხი კი არ თამაშობს, თავი თამაშობს, თავი... თუმცა, უტვინო თავი დარჩა შტერს საჯარამოში და მსაჯიც უტვინო კი არაა (არ გაიტეხა იხტიბარი).
როგორც ყოველთვის ლანჩხუთმა იმ დღეს მოიგო.
გურიაააა, გურიააა!!! გუუ-რი-ააა!!! - სკანდირებს მთელი ქალაქი. ხუმრობა ხომ არა, "გურია" "ბეზ პიტი მინუტ" უმაღლეს ლიგაში გადადის. ზეიმობს მთელი გურია, კაცი და ქალი, დიდი და პატარა, ხარი და ძროხა... ქათმებიც კი, რომლებიც მზად არიან შემწვარ მდგომარეობაში "თეფშებზე" წამოსაწოლად.
- შენ ჩემი პატარა ძმა ხარ! - აღტაცებული მეხვევა ევგრაფ ამბროსევიჩი.
მომენტით ელვისებურად ვისარგებლე:
- ევგრაფ ამბროსოვიჩ, შეიძლება ამ სასიხარულო დღეს ერთი რაიმე გთხოვოთ?
- მთხოვეეეე! - ათასიიი!!! - ეიფორიაშია.
- აი, იიიქ - ავწიე მაღლა საჩვენებელი თითი - ედუარდ ამბროსევიჩს დაურეკეთ და გააგებინეთ, რომ მე თქვენი... ნაბოლარა ძმა ვარ!“