"თურქეთისა და საქართველოს შეხვედრამ „ევრო- 2024“ ახალ დონეზე აიყვანა"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე დორტმუნდის ვესტფალენშტადიონზე პირველი თამაში გამართა. ამ მნიშვნელოვან ტურნირზე პირველი გოლიც გავიტანეთ - თურქეთის ნაკრების კარი 32-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ აიღო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში დავმარცხდით, საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო მედიაში კარგი რეზონანსი მოჰყვა.

მაგალითად, ცნობილი ამერიკული გამომცემლობა „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, რომ თურქეთისა და საქართველოს შეხვედრამ „ევრო 2024“ ახალ დონეზე აიყვანა.

ევრო 2024 საოცარი ატმოსფეროთი, ხარისხითა და გულშემატკივრების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, მაგრამ თურქეთისა და საქართველოს შეხვედრამ ეს ყველაფერი ახალ დონეზე აიყვანა. საქართველოს მხარდასაჭერად გერმანიაში უამრავი გულშემატკივარი ჩავიდა და საკუთარ ქვეყანას დიდ ტურნირზე პირველად უგულშემატკივრა. ძნელი იყო იმის დადგენა, თუ რამდენი ფანი ჰყავდათ მათ, რადგან ორივე ნაკრების გულშემატკივარს წითელი და თეთრი ფერი ეცვა. მაგრამ, ფაქტია, მათ საოცარი ატმოსფერო შექმნეს.

გიორგი მიქაუტაძემ თითქოს მოიპარა ხვიჩა კვარაცხელიას როლი და საკუთარ გუნდს ულიდერა - გიორგი მინდორზე ქარიშხალივით იყო და სწორედ მან გაიტანა საქართველოსთვის პირველი გოლი დიდ ტურნირზე“, - წერს გამომცემლობა.

ESPN-ის ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი კი წერს: „თურქეთი-საქართველოს შეხვედრა, ჯერჯერობით, ევროპის საუკეთესო თამაშია“

თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ მარცხის გამო გულდაწყვეტილები არიან და გულშემატკივარს მადლობას უხდიან გვერდში დგომისთვის.

ლუკა ლოჩოშვილი: რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასეთ დიდ ტურნირზე თამაში ძალიან დიდი პატივია. დებიუტანტი გუნდი ვართ და საწყის წუთებში ნერვიულობა იგრძნობოდა, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ თამაშში ჩავერთეთ და ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინეთ. ვფიქრობ, 2:1-ის შემდეგ მინდორზე დომინანტურები ვიყავით და შეგვეძლო, რომ ანგარიში გაგვეთანაბრებინა. ჩემი აზრით, ფრეს ვიმსახურებდით. ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. ყველამ იცის, რომ თურქი გულშემატკივრები გამოირჩევიან, მაგრამ ჩვენი ფანებიც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. პატარა ქვეყანა ვართ, ზოგს არ აქვს იმის საშუალება, რომ აქ ჩამოვიდეს, მაგრამ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დღეს ჩვენს გვერდით ყოფილიყვნენ. ჩვენნაირი ქვეყნის წარმატება ასე ერთიანობაში მოდის. ძალიან ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ - მეამაყება ეს გულშემატკივარი.

ლაშა დვალი: პირველ რიგში, მადლობა. მართლა იგრძნობოდა გულშემატკივრობა, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი თურქი იყო, მაგრამ ქართველების ხმა და ენერგია იგრძნობოდა. თამაშზე რაც შეიძლება ვთქვა, არის ის, რომ პირველი 20 წუთი ცოტათი გაგვიჭირდა, შემდეგ მოვახერხეთ მომენტების შექმნა, თუმცა, რეალიზება ვერ შევძელით და გოლები ვერ გავიტანეთ, რამაც იქონია ბოლოს გავლენა შედეგზე. მოვემზადებით ნამდვილად კარგად, რომ გამარჯვება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას. ველოდებით მოუთმენლად შემდეგ თამაშს, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ.

გიორგი ქოჩორაშვილი: „ჩვენი პირველი თამაში იყო ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ჩვენს გულშემატკივარს მივუძღვენით. ჩეხეთთან თამაშისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ აღვიდგინოთ ის ძალები, რაც დავხარჯეთ და ის მომენტები, რაც გვქონდა მატჩის დროს, გავაანალიზოთ და უკეთესად დავბრუნდეთ.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ანგარიშით უკმაყოფილოა, მაგრამ მისი გუნდის თამაშით კმაყოფილია.

როდესაც მარცხდები სასიამოვნო არაა, მაგრამ ძალიან კარგად ვითამაშეთ და შეგვიძლია ამით ვიამაყოთ. ბევრი მომენტი გვქონდა გოლის გასატანად, ალბათ იმდენი, რამდენიც თურქეთს, მაგრამ ეს ფეხბურთია. რა თქმა უნდა, არ ვარ კმაყოფილი წაგებით, მაგრამ კარგად ვითამაშეთ.

რაც შეეხება მეტოქის საჯარიმოში მამარდაშვილის ჩასვლას, ბოლო წუთი იყო და ანგარიშის გათანაბრება გვინდოდა, რადგან ვფიქრობ, ამას ვიმსახურებდით, თუმცა, არ გამოგვივიდა. ფეხბურთი ასეთია. არ გვინდოდა 1:2 წაგება, არამედ გვსურდა ანგარიშის გათანაბრება და მამარდაშვილიც ამიტომ იყო მეტოქის საჯარიმოში ჩასული“, - აღნიშნა „ჯვაროსანთა“ თავკაცმა.

ვილი სანიოლმა სტადიონზე მომხდარ ინციდენტზეც გაამახვილა ყურადღება.

ჩვენ დღეს ვითამაშეთ ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე მსოფლიოში, ფანტასტიკური ატმოსფერო იყო. ერთადერთი გული იმაზე მწყდება, რომ საქართველოს ჰიმნზე თურქი ფანების ნაწილისგან იყო სტვენა და შეძახილები, რაც არ არის სასიამოვნო. თუმცა, მთლიანობაში სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო. ვიცი, რომ ჩვენი გულშემატკივარი ყოველ წამს ჩვენ გვერდით იყო. მესმოდა მათი ხმაც და ასევე მადლობა, ყველა იმ გულშემატკივარს, რომელმაც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და ტელევიზორიდან გვგულშემატკივრობდა.

ეროვნული გუნდის მწვრთვნელმა სამომავლო მიზნებზეც ისაუბრა: „ვფიქრობ, ყველაფერს უფრო ფართო მასშტაბით უნდა შევხედოთ. ევროპის ჩემპიონატზე ვართ, სწორედ ეს ევროპის ჩემპიონატია ერთგვარი ჯილდო ფედერაციის მუშაობის და ძალიან მიხარია, რომ მეც ამ ყველაფრის მონაწილე ვარ. ჯგუფიდან გასვლა მიზნად უნდა დაისახო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ისაა, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ, ჩვენ ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე ვართ და ეს ტურნირი დაგვეხმარება, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გავძლიერდეთ. რასაკვირველია, შემიძლია გითხრათ, რომ ჩეხეთის წინააღმდეგაც ასეთი ბრძოლისუნარიანობით ვითამაშებთ.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ აღმოჩენილა.

„იმის თქმაც კმარა, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ თამაშობს. ფიზიკურად ძლიერი, ორგანიზებული გუნდია, რომელმაც იცის თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი თამაში იყო ორივე გუნდისგან.

ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი ბალანსის დაცვაა. დღესაც, როგორც წინა მატჩში, კარისკენ 22-ჯერ დავარტყით, რამდენიმე მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ. მსგავსი რამ მომავალში აღარ უნდა მოხდეს. შეგვეძლო თამაში პირველ ტაიმში დაგვეხურა, მაგრამ ვერ შევძელით. ნამდვილად არ იყო ადვილი თამაში.

საქართველო-თურქეთის მატჩს ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომლმაც მატჩის შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით ფეხბურთელებს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის! დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა! ყველაფერი წინაა!“, - წერს პრემიერი.

საქართველოს ნაკრებს საქართველოდან ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი, ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცა. ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე; ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება. მადლობა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის! მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის!

წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტი შემართებით, მეტი მონდომებით წარსდგება.

წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას!“.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

 

ლევკოთეა ქოჩორაშვილის პოლიტიკურ გემოვნებაზე რა ვთქვა, :) მაგრამ მინდორზე კი საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი.
6 თვის უკან