„გასტროლებზე“

„გასტროლებზე“

მსახიობებს გასტროლებზე სიარული ხშირად უწევთ, სხვადასხვა “არაორდინარულ სიტუაციებშიც” არაერთხელ ვარდებიან და ეს “ისტორიები” შემდეგ, თაობიდან თაობებს გადაეცემა.

ერთხელ მარჯანიშვილის თეატრის დასი საგასტროლოდ დასავლეთ საქართველოში ჩავიდა.

სასტუმროს მორიგემ მათ რიგის დაცვა სთხოვა, შემდეგ კი ამ რიგში პირველს, ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძეს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

-  თქვენი სახელი და გვარი?

- ანგელინა შვანგირაძე – სერიოზულად უპასუხა ვერიკო ანჯაფარიძემ.

- თქვენი პროფესია?

- პარიკმახერი გახლავართ!

სასტუმროს მოხელემ ანკეტა შეავსო და უკვე მეორე სტუმარს მიუბრუნდა

- თქვენი სახელი და გვარი?

- იპოლიტე კაციტაძე, პროფესიით მექისე, – უპასუხა სანდრო ჟორჟოლიანმა.

ასე ჩაწერა  სასტუმროს მორიგემ საქართველოში ყველასათვის ცნობილი მსახიობების ვასო გოძიაშვილის, შალვა ღამბაშიძის, პიერ კობახიძის, სესილია თაყაიშვილისა და სხვათა „მონაცემები“ და უცებ შეჩერდა, -- რაშია საქმე, იცით, ამდენს ვერ მიგიღებთ! – განაცხადა მან, – თბილისიდან მარჯანიშვილის თეატრის დასი ჩამოდის, ყველა ჩემი ძმაკაცია და იმათთვისაა დაჯავშნული ადგილები!