„4 დღე გარეთ ვიყავი ბავშვებთან ერთად. სამგორის ტერიტორიაზე ქუჩაში ვათევდით ღამეს. გვითხრეს, ტელევიზორში აცხადებენ, თავშესაფარს აკეთებს მთავრობაო და მოვაკითხეთ. 5 თვეა, სახლი არ გვაქვს. ქმარმა მეც და ბავშვებიც სასიკვდილოდ გვცემა და წამოვედით. მერე სახლში აღარც დედამთილმა შეგვიშვა, ქმარიც აღარ გვკითხულობს“, - უთხრა For.ge-ს მაკამ. ის 31 წლისაა და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად უსახლკაროებისთვის მოწყობილ თავშესაფარში უკვე მეორე ღამეს ათევს.
მოსკოვის გამზირზე, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის შვიდი მუქი ფერის კარავია მოწყობილი. თითოეულში 12 საწოლი დგას. ორსართულიან რკინის საწოლებზე ქვეშაგები აწყვია. კარავებში გაყვანილია ელექტროენერგია. ყველა კარავს ანთებული ღუმელი ათბობს.
№1-ელ კარავში ქალები და ბავშვები ცხოვრობენ. აქ ყველა ბინადრის მთავარი პრობლემა თავშესაფრის უქონლობაა. ბავშვები ღუმელთან ხელებს ითბობენ. დედები კი ერთმანეთს და ჟურნალისტებს ცრემლიანი თვალებით უყვებიან, როგორ აღმოჩნდნენ ქუჩაში და როგორ გადის მათი ცხოვრების კვირები, თვეები და წლები...
„კონტეინერში ვცხოვრობთ, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე. უფასო სასადილოში ვიკვებებით. იქ ყველას ვეცოდებით და მოგვასწავლეს ეს თავშესაფარი. 8 წელია კონტეინერში ვათევთ ღამეებს, ცოტა ხნის წინ, იქვე, ნანგრევებში შევიხიზნეთ. არანაირი შუქი, არანაირი გათბობა. იქაც ჩემს შვილებს სინათლე არ უნახავთ. პატარამ გუშინ აქ რომ ნახა შუქი, გაუკვირდა. ეს რა არის, მასწავლეო. ნათურა მსხალი ეგონა“, - გვითხრა მაია მაისურაძემ. ის მწვანე კარავში მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.
კარვის ბინადრები სახელდახელოდ შექმნილი საცხოვრებელი პირობებით კმაყოფილები არიან, სამომავლოდ კი ხელისუფლებას მუდმივი თავშესაფრის თხოვნით მიმართავენ.
„სითბო არის, შუქი არის, საჭმელი არის. უსინათლო ვარ, 17 წელია უსახლკაროდ ვარ. ბავშვები ბავშვთა სახლში მყავს გაზრდილი. ძველმა მთავრობამ ვერაფერი გაიმეტა, იქნებ ახალმა მთავრობამ მაინც მოგვცეს თავშესაფარი. ქირით პატარა ოთახში ვცხოვრობთ, ბავშვები იქ დავტოვე ახლა“, - გვიყვება 57 წლის ლაურა მასხულია.
კარვის ბინადრებს შორის ერთგვარ კოლორიტად იქცა აბო სარქისიანი. მას წითელი მაისური წარწერით „მე მიყვარს აფხაზეთი“ აცვია და მუქი ფერის კარვებსა და მუქ ფერებში ჩაცმული თანამობინადრეებისგან ამითაც გამოირჩევა.
„ყველა მიცნობს, ტელევიზორშიც მაჩვენეს. პატრულმა მომიყვანა აქ. სულ სველი ვიყავი, თოვლსა და წვიმაში გარეთ ვცხოვრობ ხუთი წელია. კმაყოფილი ვარ, ცხელ საჭმელს გვაჭმევენ. დილით ხაჭაპური მოგვიტანეს, ყველი, პური, ვაშლი“, - გვითხრა აბო სარქისიანმა.
მიუსფართა კვებაზე ხელისუფლების გარდა მოქალაქეები და კერძო კომპანიებიც ზრუნავენ. მათ დღეს ცხელი სადილი - სუპი, პიურე, პური და კომპოტი შპს „ლამპარი 2008-ის“ წარმომადგენლებმაც მოუტანეს.
„გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა უსახლკაროების დახმარების საქმეში. ვაპირებთ ხვალ და ზეგაც მოვუტანოთ სადილი“, - გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა ლაშა გიგაურმა.
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მთავრობის მიერ მოწყობილ კარვებში წუხელ ღამე 50-მდე ადამიანმა გაათია. უახლოეს დღეებში კარვების ტერიტორიაზე სასადილო და მედპუნქტიც მოეწყობა და კვება და სამედიცინო მომსახურება უფრო ორგანიზებული იქნება.
„ქუჩაში მწოლიარე და უსახლკარო ადამიანები აქ პატრულს მოჰყავს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიც გაფრთხილებულია და ადამიანები, რომლებსაც ქუჩაში გაყინვა ემუქრებათ, ჩვენთან მოჰყავთ. დღის განმავლობაში მათ თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. კარვებში უფრო ღამის გასათევად არიან. მოკლე ხანში სოციალურ ჯგუფებს დავადგენთ და აქ მყოფ ბავშვებზე, ალბათ, სოციალური სააგენტო იზრუნებს“, - აღნიშნა ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ზურა უტიაშვილმა.
მოსკოვის გამზირზე მოწყობილ „უსახლკაროთა ქალაქის“ ბინადრებს თავდაცვის სამინისტროს წვევამდელები უვლიან. კარვის მცხოვრებლებს პერიოდულად სტუმრობენ სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები.
„უკიდურესად გაჭირვებულებისთვის სულის მოთქმის საშუალება“, - ასე შეაფასა მოკლედ მოსკოვის გამზირზე მისულმა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უსახლკაროებისთვის კარვების მოწყობის გადაწყვეტილება.
მინისტრი განმარტავს, რომ არსებული კანონმდებლობით, უსახლკაროთა თავშესაფარზე ზრუნვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მოვალეობაა, თუმცა, ზამთრის ცივ ამინდებში უწყებებს შორის დავა არ ღირს.
„ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვერც შარშან და ვერც წელს დავინახეთ პრობლემისადმი ქმედითი, სისტემური მიდგომა, ამიტომ, პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამთავრობო კომისია და შევიმუშავეთ სამი ტიპის სტრატეგია: სწრაფი, საშუალო ხანგრძლივობის და შორეული შედეგების მისაღწევი. რა თქმა უნდა, კარავი არ არის იდეალური გადაწყვეტილება, არც ოპტიმალური, თუმცა, ადამიანები ქუჩაში აღარ გაიყინებიან. რეზერვი ამ მხრივ გვაქვს და დავამატებთ კარვების იმ რაოდენობას, რამდენიც საჭირო გახდება,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, ხელისუფლება უკვე მუშაობს უსახლკაროებისთვის კაპიტალური ნაგებეობების შერჩევსა და შენობებში საცხოვრებელი პირობების მოწყობაზეც.
„არსებულ ნაგებებობში ფართის მოძიება, სწრაფად ადაპტირება, თერმოიზოლაცია და საწოლების დადგმა შესაძლებელია თვენახევრის განმავლობაში მოხერხდეს. ასაწყობი ნაგებობების დამონტაჟებას კი ცოტათი მეტი დრო დასჭირდება. თუმცა, მანამდე, პირობას ვაძლევ ყველას, რომ სიცივისა და შიმშილისგან არცერთი ადამიანი არ დაზარალდება საქართველოში“, - განმარტავს მინისტრი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, თბილისში მიუღებელ და გასაუმჯობესებელ პირობებში 10 ათასამდე ადამიანს უწევს ცხოვრება. მიუსაფარების, ანუ ქუჩაში მცხოვრებთა რაოდენობა კი 200-ს აღემატება.
მინისტრის განმარტებით, არსებული ინფორმაციით, საქართველოს სხვა ქალაქებში გაცილებით ნაკლები უსახლკაროა. თუმცა, სამინისტროს მუნიციპალიტეტებთან მუდმივი კონტაქტი აქვს და საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის გადაწყვეტილებით, კარვები სხვა ქალაქებშიც მოეწყობა.