კახა კალაძე:

კახა კალაძე: "ავთო ბერიძის საკითხს პოლიტსაბჭო განიხილავს"

აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე გამოეხმაურა. როგორც კახი კალაძე ამბობს, ბერიძის საკითხს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო უახლოს სხდომაზე განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ბერიძემ ძვირად ღირებულ ავოტომობილებთან ერთად, თანამდებობასაც გამoემშვიდობოს.

„საგანგებოდ გვინდა გამოვეხმაუროთ აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს და გავიზიაროთ საზოგადოების გულისწყრომა. ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელმა, იქნება ის არჩეული თუ დანიშნული რაიმე თანამდებობაზე, უზრუნველყოფილ იქნას ნებისმიერი საშუალებით, რომელიც უფლებმოსილებისა და მოვალეობის ეფექტური შესასრულებისთვის არის საჭირო.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნდა ხდებოდეს გონივრულ ფარგლებში და იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს ქვეყანაში. სამწუხაროდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელიც არის ამავე დროს „ქართული ოცნების“ წევრი, როგორც ჩანს, ვერ ათვიცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას. ის თვითონვე უნდა ხვდებოდეს ამას, თავს იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირად ღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი საზოაგდოების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის“, - აცხადებს კახი კალაძე.

აჭარის ა-რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს 83 300 ლარად ღირებული 2013 წელს გამოშვებული (2014 წლის მოდელი) ჯიპის ტიპის ავტომობილი მოემსახურება. ავტომობილის შესაძენად ტენდერი მიმდინარე კვირას გამოაცხადა. ეს რიგით მესამე ძვირადღირებული ავტომობილია, რომლის შეძენის სურვილიც გაუჩნდა ავთანდილ ბერიძეს. როგორც ცნობილია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ორი ძვირადღირებული ავტომობილი, „ტოიოტა პრადო“ და „ტოიოტა კამრი“ ემსახურებოდა.

ერთერთი მათგანი რამდენიმე თვის წინ ბათუმის ბულვარშიც დააფიქსირეს, იქ, სადაც კანონით ავტომობილებით შესვლა აკრძალულია. მაშინ ბერიძემ განაცხადა, რომ ავტომობილი „ვიპ თანამდებობის პირს“ ეკუთვნის და მისთვის ნებისმიერ ადგილზე შესვლა ნებადართულია.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ახალი ავტომობილი უნდა ყოფილიყო 7ადგილიანი, 5კარიანი, 4.0 ბენზინის ძრავით, ავტომობილს უნდა ჰქონდეს მძღოლის ორმაგი უსაფრთხოების ბალიში, მუხლისა და გვერდითი ბალიშები, მგზავრის წინა და გვერდითი ბალიში, მანქანის გარე განათების კონტროლი, გარე სარკეები ელ. მართვით, წინა და უკანა პარკირების სენსორი, უკანა ხედვის კამერა, უკანა სვლის მონიტორი, ორმაგი ავტ. კონდიციონერი, წინა და უკანა სანისლე ფარები, ტყავის ინტეგრირებული საჭე, ტელეფონის ბლუთუს სისტემა, ელ. ლუქი, ფარების გამრეცხი, ალუმინის დისკები 265/60 /18 საბურავით, ელ. ფანჯრები, ცენტრალური საკეტი, მაცივარი და ქრომირებული სახელურები.

გარდა ამისა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 6 დეკემბერს ახალი მსუბუქი ავტომობილის შესაძენად ტენდერი აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 37 800 ლარია. აღნიშნული ავტომობილიც 2013 წელს უნდა იყოს გამოშვებული. ჯიპის ტიპის ავტომობილის ყიდვა ასევე სურს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი 5 დეკემბერსაა გამოცხადებული.

აღნიშნული სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად, შესასყიდი ავტომობილიც ახალი უნდა იყოს, უნდა იტევდეს 7 ადამიანს და მისი ღირებულება მაქსიმუმ 73 500 ლარი უნდა იყოს. 2004 წლის შემდგომ გამოშვებული მინივენის 21 000 ლარად ყიდვა კი ბათუმის ტურისტულ სააგენტოს აქვს გადაწყვეტილი. ტენდერი 5 დეკემბერს გამოცხადდა და 11 დეკემბერს დასრულდა. 2010 წლის შემდგომ გამოშვებული მაღალი გამავლობის, ორხიდიანი ორი ავტომობილის ყიდვას მაქსიმუმ 110 000 ლარად აპირებს ხულოს მუნიციპალიტეტი. სატენდერო წინადადებების მიღება დაწყებულია და ტენდერი 2 დღეში დასრულდება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 83 000 ლარის ღირებულების ავტომანქანაზე ტენდერის გამოცხადებას განმარტავს. ავთანდილ ბერიძის თქმით, სატრანსპორტო საშუალების შეძენაზე ტენდერი მისდამი დაქვემდებარებული უწყების აპარატმა გამოაცხადა.

83 000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენას აჭარის უმაღლეს საბჭოში არაერთგვაროვნად აფასებენ. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ 1 მანქანის შესაძენად მეტისმეტად დიდი თანხა არ უნდა დაიხარჯოს, ნაწილის აზრით კი ავტომობილის შესყიდვა გარდაუვალი აუცილებლობითაა გამოწვეული. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის განცხადებით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს სამართლებრივად მანქანის შეძენის უფლება აქვს, მაგრამ რაც შეეხება მორალურ მხარეს, ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ თავად ძველი მანქანით გადაადგილდება.

აღსანიშავია, რომ საიამ გამოიკვლია, რა რაოდენობის ავტომობილები შეიძინეს სახელმწიფო უწყებებმა. კვლევაში ინდივიდუალურადაა განხილული პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, მთავრობის კანცელარიისა და საქართველოში არსებული ყველა სამინისტროს მიერ 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის ივლისის ჩათვლით შესყიდული, ასევე უსასყიდლოდ და ჩუქების ფორმით მიღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევები.

კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მონიტორინგის სუბიექტებმა 2 146 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდეს, რომელთა ღირებულებამ, ჯამში, 16 545 081 აშშ დოლარი შეადგინა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ხელისუფლებას ევროკავშირთან ნაკისრ ვალდებულებას ახსენებს. ამასთან, როგორც იურისტი განმარტავს, საქართველო უნდა გადავიდეს პროგრამულ ბიუჯეტირებაზე, დანერგოს ეფექტური საბიუჯეტო მართვა და მონიტორინგი.

„სამწუხაროდ ჩვენთან დამკვიდრდა პრაქტიკა, რომ ტენდერების გამოცხადების დროს პრიორიტეტს ანიჭებენ ფასს. მომწოდებლებიც ვაჭრობენ ფასით და არა პარამეტრებით. რა არის მნიშვნელოვანი მყიდველისთვის, კომფორტი, თუ მიზანი არის გადაადგილება? მე საჯაროდ რაც მოვისმინე, ყველამ განაცხადა, რომ ჩვენი მიზანია სამსახურის საქმიანობა არ შეფერხდესო. აჭარის უმაღლესი საბჭო არის საკანონმდებლო ორგანო, უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი არსი არის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე საკანომდებლო და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, ეს არის მისი ფუნქცია და რაში სჭირდება ბოლო მოდელის ტექნიკური პარამეტრების ჯიპი? კანონი რომ კარგად მიიღოს, თუ სახლიდან უმაღლეს საბჭომდე კომფორტულად მივიდეს?“, - აინტერესებს ლევან ალაფიშვილს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ვინმემ ცენტრალური მთავრობიდან, ან იგივე არასმთავრებო სექტორიდან მიმართოს აუდიტის სამსახურს და ავტოპარკთან დაკავშირებით მოითხოვის ეფექტიანობის აუდიტის ჩატარება, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს.

ექსპერტი კახი კახიშვილი ავთანდილ ბერიძის საკითხზე კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა:

„ვფიქრობ, შესწავლილი უნდა იყოს, რამდენად კანონიერად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ასეთი ძვირადღირებული ავტომანქანის შესყიდვის თაობაზე და რამდენად აუცილებელი იყო. ამავდროულად, შესწავლილი უნდა იყოს, როგორ მოხდა მანქანის შესყიდვა, კონკრეტულად, ტენდერი გამოცხადდა თუ არა და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში არ არის იმის დრო, რომ ჩინოვნიკებმა ასეთი ძვირადღირებული მანქანებით ისარგებლონ. გარდა ამისა, მსოფლიოს ნორმალურ ქვეყანაში ვერ ნახავთ მაგალითს, როდესაც სახელმწიფო ჩინოვნიკები ჯიპებით დადიან. ასე რომ, ერთხელ და სამუდამოდ არა მხოლოდ აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მანქანის საკითხი უნდა იქნას შესწავლილი, არამედ - მთლიანად სამთავრობო მანქანებისა. უნდა დადგინდეს პარამეტრები, თუ რა მანქანებით და როგორი პირობებით შეიძლება სახელმწიფო მოხელეებისთვის სარგებლობა“, - განუცხადა „პირWელს“ კახიშვილმა და დასძინა, რომ „ეს გლობალური საკითხია და კარგი იქნება, თუ ამაზე ქვეყნის მთავრობაში გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

ამ დროისთვის კი ცნობილი ჰახდა, რომ ტენდერი, რომლითაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე „ტოიოტა პრადოს“ შესყიდვას აპირებდა, გაუქმებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა , მურმან დუმბაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ტენდერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება თავად ავთანდილ ბერიძემ მიიღო.

„ავთანდილ ბერიძემ გაითვალისწინა საზოგადოებრივი აზრი და მანქანა ტენდერიდან მოხსნილია, ტენდერი აღარ გაიმართება. აღნიშნულის გამო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მცირე ფინანსური ზარალი ექნება – ანუ გარკვეული საჯარიმო სანქცია დაეკისრება, მაგრამ ამას პირადი სახსრებით დაფარავს“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

დუმბაძის განმარტებით, ავთანდილ ბერიძეს ავტომანქანის გამოცვლა უსაფრთხოების სამსახურმა ურჩია.

„ავთანდილ ბერიძემ დამირეკა და მითხრა, რომ უსაფრთხოების სამსახური ავტომანქანის გამოცვლის რჩევას აძლევს და ამასთან დაკავშირებით აზრი მკითხა. მე ვუთხარი, რომ უსაფრთხოების სამსახურის რჩევას უნდა დამორჩილებოდა. მან სწორედ ამის შემდეგ მიიღო აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება“, - დასძინა დუმბაძემ .

ამასთან, ცნობილი გახდა ისიც, რომ ავთანდილ ბერიძე დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს და ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურება.