მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების პერიოდში, 2018-2022 წლებში ბელარუსი აზერბაიჯანს შეიარაღებას და სამხედრო დახმარებას აწვდიდა. ამის შესახებ გამოცემა Politico ბელარუსული მხარის დიპლომატიურ და სამხედრო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემამ შეისწავლა ბელარუსის შეიარაღების ექსპორტის სახელმწიფო სააგენტოს წერილები, ასევე ორ ქვეყანას შორის მიმოწერა რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს Гроза-С შეძენის საკითხზე.
Politico-ს ინფორმაციით, ბელარუსის მიერ აზერბაიჯანისთვის გაწეული დახმარება შეიცავდა ძველი საარტილერიო შეიარაღების მოდერნიზებას, ასევე დრონებთან ბრძოლის ახალ აღჭურვილობას. ერთ-ერთ დიპლომატიურ შეტყობინებაში, რომელიც Politico-სთვის გახდა ხელმისაწვდომი, ნათქვამია, რომ ბელარუსული საწარმოები აქტიურ როლს თამაშობენ „აზერბაიჯანის დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენაში“.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსი და სომხეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (კუხო) წევრები არიან. კუხო-ში ასევე შედიან რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. Politico წერს, რომ ბელარუსის ეს ნაბიჯი ოფიციალური ერევნის მიერ „ღალატად“ იქნება შეფასებული.