არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში პოლიციასა და კონგრესის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, სპეცრაზმმა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, რათა დაეშალა დემონსტრაცია, რომელთა მონაწილეებიც პარლამენტის ზედა პალატაში საბიუჯეტო რეფორმების მიღებას აპროტესტებდნენ.
დემონსტრანტები, რომელთა მტკიცებითაც, რეფორმები მილიონობით არგენტინელს ზიანს მოუტანს, პოლიციის მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ისროდნენ, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
რეფორმების პაკეტი, რომელიც პრეზიდენტ ხავიერ მილეის მიერ არის შემუშავებული, ითვალისწინებს ეკონომიკური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, პენსიების შემცირებას და შრომითი უფლებების შეზღუდვას. რეფორმებს აპროტესტებენ როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე პროფკავშირები.
სენატმა დოკუმენტი პირველი მოსმენით 37 ხმით 36-ის წინააღმდეგ დაამტკიცა - გადაწყვეტი ხმა რეფორმების პაკეტის სასარგებლოდ სენატის ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორია ვილიარუელმა მისცა.