პროკურატურა უწყებაში მიმდინარე საკადრო გადაადგილებებს ადასტურებს, თუმცა თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს. პროკურატურაში განმარტავენ, რომ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მათ შორის ღია საუბარი გაიმართა, რომელზეც სამომავლო ხედვა, გეგმები და შესაძლო საკადრო გადაადგილებები იქნა განხილული.
პროკურატურის ცნობითვე, ნაწილ თანამშრომელთა მიმართ განხორციელდა საკადრო როტაცია, ხოლო ხელმძღვანელი პირების ნაწილმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვების შესახებ.
რაც შეეხება ბრალდებას არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორად საქმიანობის პერიოდში დანიშნულ პროკურორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ ამჟამად სისტემაში 179 პროკურორი და გამომძიებელი აგრძელებს მუშაობას, რომლებიც თანამდებობაზე 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაინიშნენ.
პროკურატურაში თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებებს იძულებით აწერინებენ და ძირითადად, ეს არჩილ კბილაშვილის დროს დანიშნული კადრებს ეხებათ. ამ საქმეს კი გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი აგვარებს. სწორედ მან დაიბარა კაბინეტში, როგორც სამხარეო პროკურორები, ასევე დეპარტამენტის თავმჯდომარეები და მოსთხოვა, რომ დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ იმ მოტივით, რომ ახალი გუნდი მოდის, სადაც მათი ადგილი არ რჩება. სწორედ ამ მოტივით მოსთხოვა განცხადების დაწერა გაბიტაშვილმა აჭარის ყოფილი პროკურორს ლევან გზირიშვილს.
„შემხვდა გენერალური პროკურორის მოადგილე, გაბიტაშვილი და მითხრა, რომ ახალი გუნდი მოვდივართ, ჩვენი გეგმითო და უნდა დამეწერა განცხადება, რომ საკუთარი სურვილით მივდივარ სამსახურიდან. დავწერე განცხადება და წამოვედი. განცხადებაში კი მივუთითე, რომ გთხოვთ პირადი განცხადების საფუძველზე გამანთავისუფლოთ თანამდებობიდან და პროკურატურის ორგანოებიდან“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ლევან გზირიშვილი.
ამ მოთხოვნას ძირითადად მთავარი პროკურორის ახალი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი აჟღერებდა, რომელიც თანამშრომლებს საკუთარ კაბინეტში იბარებდა და მათგან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას ითხოვდა. თუმცა, არცერთ მათგანს არ განუმარტავდნენ, თუ რა იყო მსგავსი მოთხოვნის მიზეზი. ცვლილებები შეეხო არა მხოლოდ მთავარი პროკურორის ყველა მოადგილეს, არამედ სხვა თანამდებობის პირებსაც. ცვლილებები მიმდინარეობს ქვედა რგოლებშიც.
აღსანიშნავია ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის ლევან ბუაძის შემთხვევაც. გაბიტაშვილმა მას ასევე მოსთხოვა განცხადების დაწერა, რაზეც ბუაძემ უარი განაცხადა. დაძაბულ საუბარს მოჰყვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რის შემდეგაც პროკურატურაში გამოიძახეს სასწრაფო დახმარება.
For.ge. დაუკავშირდა ლევან ბუაძეს, თუმცა მან ჩვენთან საუბარი იმ მოტივით ვერ შეძლო, რომ გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოში იმყოფება.
საიას თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, საკადრო ცვლილებები პროკურატურაში, ისევე როგორც სხვა უწყებაში, შესაძლებელია განხორციელდეს, თუმცა, ეს მხოლოდ კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს.
„მართალია, პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვნას, თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნოთ, რომ პირადი განცხადება უნდა დაიწეროს მუშაკის საკუთარი ნამდვილი ნების და არა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის კატეგორიული მოთხოვნების შემდეგ.
ამასთან, კანონის 35-ე მუხლის თანახმად, პროკურატურის მუშაკი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება გადაყენებულ იქნეს ან გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა.
ძირითადად თავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც თანამდებობაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნენ. ჩვენ მივმართავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, როგორც მთავარი პროკურორის შერჩევასა და დანიშვნაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, დაინტერესდნენ პროკურატურაში განვითარებული მოვლენებით“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძე ოფიციალურად 21 ნოემბერს დაინიშნა. იმავე დღეს დაკმაყოფილდა თბილისის პროკურორის მაია მწარიაშვილის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, რომლითაც მან არჩილ კბილაშვილს 20 ნოემბერს მიმართა. უმცირესობის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ცდილობს გააკონტროლოს ძალაუფლების ყველა წერტილი, მათ შორის - პროკურატურა. უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის შეფასებით კი, პროკურატურაში ცვლილებები ძალიან ბუნებრივი პროცესია.
რა მოტივით ანთავისუფლებენ თანამშრომლებს მთავარი პროკურატურის ორგანებიდან, ამ საკითხზე for.ge. მთავარი პროკურატურის, გენერალულური ინსპექციის ყოფილ უფროსს, მადონა ღიბრაძეს ესაუბრა.
როდის დაიწყეთ პროკურატურის სისტემაში მუშაობა და მანამდე, რა ურთიერთობა გქონდათ ყოფილი პროკურორთან?
- 2012 წლიდან ვმუშაობდი მთავარ პროკურატურაში. კბილაშვილს ვიცნობ 2000 წლიდან, როცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ გადმომიყვანეს, ის იყო ადვოკატი, მე ვიყავი მოსამართლე, პროცესებიდან ვიცნობთ ერთმანეთს. სხვა ურთიერთობა მე არჩილ კბილაშვილთან არც ნათესაური, არც მეგობრული არ მაკავშირებს. მას შემდეგ, რაც მე მოსამართლის უფლებას აღარ ვახორციელებდი, დავიწყე საადვოკატურო საქმიანობა და პროცესებზე მოწინააღმდეგე მხარეებიც კი ვყოფილვართ. ეს იყო ჩვენს შორის ნაცნობობა, სხვა არაფერი.
რა გახდა თქვენი განთავისულების მოტივი?
- ჩემთვის არავის აუხსნია განთავისუფლების მიზეზი გარდა იმისა, რომ ჩვენს გუნდში არ მოიაზრებითო. მოლოდინი იმისა, რომ ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნის შემდეგ ცვლილებები განხორციელდებოდა პროკურატურაში გვქონდა და ეს ტრაგედია არც არის, მაგრამ ზოგადად, მიუღებელია ახალი ხელმძღვანელობის არგუმენტი, რომ უწყების მმართველობაში მოვიდა სხვა გუნდი, რომელშიც არ მოვიაზრებით.
მითხრა, რომ ამ თანამდებობაზე სხვა მოიაზრებაო. ვკითხე - მაშინ მე სად მოვიაზრები-თქო? - ჩვენ ახალი გუნდი მოვედითო, მიპასუხა და გასაგები იყო ყველაფერი. ადამიანი როცა გეუბნება, რომ შენ ჩვენს გუნდში აღარ ხარ, აღარ გამჩენია იმის თქმის სურვილი, მეკითხა თქვენ ვინ ხართ, რომელი გუნდის წევრები ხართ და რატომ აკეთებთ ამ განცხადებას-თქო.
გიორგი გაბიტაშვილი ცდილობდა განემარტა ჩემთვის იმ თანამდებობის მნიშვნელობა, რომელიც მეკავა და თვითონ აღარ მივეცი საუბრის გაგრძელების საშუალება და ასე ვთქვათ „გავუიოლე“ მისიის შესრულება და ვთხოვე პირდაპირ ეთქვა რა უნდოდათ, რის შემდეგაც გადმომცა მოთხოვნა თანამდებობის დატოვების თაობაზე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დავწერე განცხადება წამოსვლის შესახებ, თუმცა თქვენ განსაჯეთ იმ მომენტისათვის ეს იყო თუ არა ჩემი ინიციატივა და სურვილი.
პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ თანამშრომლებთან ჩვენ განვიხილეთ სამომავლო გეგმები და პერსპექტივებიო. ეს რეალურად მოხდა?
- ჩემთვის არავის უკითხავს რა სამომავლო გეგმა მქონდა, რა პრესპექტივა, ემთხვეოდა თუ არა ჩვენი და მათი გეგმები და პრესპექტივები ერთმანეთს. მართლაც მოხარული ვარ დღეს, რომ არ ავღმოჩნდი მათი გუნდის წევრი, რომელიც ამჟამად პროკურატურის მმართველობაშია.
რას გულისხმობთ?
- მე მუდამ დავრჩები პრკურატურის გულშემატკივართა რიგებში, წარმატებას ვუსურვებ ნებისმიერ თანამშრომელს ვინც პროკურატურაში მუშაობს, მაგრამ ადამიანი როცა გეუბნება, რომ შენთან ერთად არ მინდა, რა უნდა ჰქნა?! რადგან ასე თვლიან, რომ მათი გუნდის წევრი არ ვარ, ეს შეიძლება გავრცელებულიყო ხელმძღვანელი სტრუქტურის პირებზე და რამდენადაც მე ვიცი და მაქვს ინფორმაცია, რიგით თანამშრომლებზეც დავიდნენ უკვე. ეს ყველაფერი ერთმანეთს რომ შევადარეთ, წასვლა ეხება მხოლოდ იმ პირებს, ვინც 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ არის დანიშნული.
თავად გაბიტაშვილი ამბობს, რომ არამართებულია საუბარი იმაზე, თითქოსდა, პროკურატურა კბილაშვილის კადრებიდან დაიცალა. ის ამბობს, რომ ამჟამად სისტემაში საქმიანობას 179 პროკურორი და გამომძიებელი აგრძელებს, რომელიც თანამდებობაზე 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაინიშნენ...
- მე ვერ უარვყობ და ვერც დავადასტურებ ამ მონაცემებს. ეს ჩვეულებრივი საჯარო ინფორმაციაა და შეგიძლიათ მოკითხოთ, რამდენი იქნა მიღებული არჩილ კბილაშვილის დროს, რამდენი განაგრძობს დღეს მუშაობას და რამდენი განთავისუფლდა პროკურატურაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ. მე რაც მესმის, ვინც განთავისუფლდა, ყველა დანიშნულია მას შემდეგ, რაც არჩილ კბილაშვილი გახდა გენერალური პროკურორი.
თქვენ არ გქონიათ შესაძლებლობა, რომ უშუალოდ გენერალურ პროკურორთან გაგერკვიათ თქვენი განთავისუფლების რეალური მიზეზი?
- მთავარი პროკურატურის ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება მთავარ პროკურორს, არის გენერალური ინსპექცია, რომელიც არაა არც ერთი მოადგილის საკურატორო სფერო. ამიტომ, თავად მთავარ პროკურორს უნდა გასჩენოდა იმის სურვილი, რომ გასაუბრებოდა კადრს, რომელიც მუშაობდა მის საკურატორო სფეროს ხელმძღვანელად.
გაერკვია მისგან ხედვები, თუნდაც პრესპექტივები და ა.შ. არ დაგიმალავათ და გეტყვით, რომ სამსახური, რომელსაც მე ვახორციელებდი, შეიცავდა გარკვეულ საიდუმლოებას. მინდოდა ვინმე კომპეტენტური პირისთვის გადამეცა ეს ინფორმაცია, რასაც მე ვფლობდი. ამის შესახებაც ვუთხარი გიორგი გაბიტაშვილს, რომ მე ზედამხედველობას ვახორციელებ იუსტიციის სამინისტროს სხვა სტრუქტურაზე და აუცილებელია, რომ მე ეს ინფორმაციები სხვას გადავსცე-თქო. იცით რა მიპასუხა? იქნებ მოაგვაროთ თქვენ თვითონო. ამის შემდეგ არც მიცდია მთავარი პროკურორის კარების მტვრევა და არც სურვილი გამჩენია.
სხვათაშორის, არჩილ კბილაშვილისა და მისი კადრების მიმართ პრეტენზიები არსებობდა საზოგადოებაში...
- თუ კონკრეტულად ჩემს მიმართ არის პრეტენზია, შემიძლია გიპასუხოთ, მაგრამ ახლა ამის განხილვაში ნუ გადავალთ.