საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. კანდიდატურების შესარჩევი ღია კონკურსის მონაწილეების სია პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
როგორც აღმოჩნდა, განაცხადი 68 კანდიდატმა შეიტანა, მათ შორის, არიან: მამუკა არეშიძე, თამარ ამაშუკელი, თამარ ალფაიძე, თამარ დეკანოსიძე, სერგო ესაკია, ალექსანდრე ვახტანგოვი, პაატა ვეშაპიძე, დავით თედორაძე, ვასილ კაჭარავა, ქეთევან კინწურაშვილი, ზაზა კოლელიშვილი, გიორგი ლობჟანიძე, მანანა ლომაძე, ნინო ლომჯარია, მარინა მუსხელიშვილი, მერაბ ოდიშარია, შიო ობოლაძე, ირაკლი პაპავა, ლელა რაზიკაშვილი, იოსებ სალუქვაძე, უჩა სეთური, ჯემალ სეფიაშვილი, ირმა სოხაძე, მურმან (ამირან) ტაბუცაძე, მერაბ ქათამაძე, თეიმურაზ ქორიძე, მანანა ღოღობერიძე, ვაჟა შავიშვილი, ოთარ შაორშაძე, გიორგი ჩართოლანი, კონსტანტინე ჩლაიძე, დავით ცინცაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, მინდია ტურაბელიძე, ხათუნა ხაბულიანი, ელისო ჯანაშია, თამაზ ხომერიკი, ვახტანგ ხუნდაძე, ნათელა სახოკია, მიხეილ მირზიაშვილი, გენადი გელაძე, ნაზი ჯანეზაშვილი, გოგი ქავთარაძე, გოგა კოხრეიძე, გიორგი გარსევანიშვილი, ანნა ძიაპშიპა, ვაჟა ოთარაშვილი, ზვიად კირტავა, გიორგი აფხაზავა, მუხრან ბურჭულაძე, არჩილ შუბაშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, ნინია კაკაბაძე, მარიეტა საყვარელიძე, ქეთევან მსხილაძე, ნატო ნიჟარაძე, გელა ვასაძე, იაგო კაჭკაჭიშვილი, ირაკლი აბსანძე, დარეჯან ჯავახიშვილი, ირაკლი პეტრიაშვილი, ვაჟა ოთარაშვილი, იზაბელა გრიგორიანი, ნუგზარ სუარიძე, დავით მჭედლიძე, მზია ნოზაძე, ამირან ძოწენიძე, პაატა მილორავა.
წარდგენილი განაცხადებიდან საკონკურსო კომისია 27 განაცხადს შეარჩევს, რომელთაგან პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 9 წევრს დაამტკიცებს.
ზემოთჩამოთვლილი კანდიდატებიდან ზოგიერთის ვინაობა კითხვებს იწვევს, ზოგის შესახებ არათუ ჟურნალისტურ წრეებში არ არის ცნობილი, არამედ, საერთოდ, ალბათ, მათი სფეროს წარმომადგენლებმაც არ იციან არაფერი.
ამდენად, ბევრად მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება საზმაუს ბორდის დასაკომპლექტებლად შექმნილ კომისიას ზვიად ქორიძის ხელმძღვანელობით, რათა უკვე არაერთგზის ხელმოცარვის შემდეგ მაინც მივიღოთ პოლიტიკური ანგაჟირებისგან, თუ სხვადასხვა წრეების გავლენისგან თავისუფალი ბორდი.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბორდის დასაკომპლექტებლად შექმნილი კომისია, რომლის ცალკეული წევრების შესახებაც ჟურნალისტურ წრეებში პირად საუბრებში ღიად ამბობენ, რომ ისინი „ენჯეოშნიკები“ არიან და გარკვეულ პირთა გემოვნებას გამოხატავენ. ცნობისთვის, კომისიის შემადგენლობაში არიან ჟურნალისტები: ზვიად ქორიძე, ია ანთაძე, ნათია კუპრაშვილი, ნინო ბექიშვილი; სამოქალაქო სექტორი: ზვიად დევდარიანი, არნოლდ სტეფანიანი; „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრი ნათია კაპანაძე, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი და ფილოლოგი თამაზ ჯოლოგუა.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს, მედიაექსპერტი ლელა კურდღელაშვილი აცხადებს, რომ ზოგიერთ მათგანს იცნობს, ზოგის შესახებ კი არაფერი გაუგონია.
მისი თქმით, „ბი-ბი-სი“ ერთ დღეში არ შექმნილა და უზარმაზარი გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბდა ეს ორგანიზაცია. ჩვენს პირველ არხზე კი უამრავ ცნობილ პროფესიონალს უმუშავია, თუმცა ისინი სულ სხვანაირები ყოფილან სრულიად სხვა გარემოში და ასეთ ბორდში გამხდარან სრულიად განსხვავებულები. ამიტომ ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება გაჩნდეს ამ არხზე ზეწოლის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ბორდისგან უნდა მოვითხოვოთ, რომ ისინი უშუალოდ იყვნენ საკუთარი კოლექტივის მეხამრიდები, რათა კოლექტივი ზეწოლის ქვეშ არ მოექცეს. მით უფრო, რომ რამდენიმე თვის წინ ვიხილეთ ასეთი მაგალითი, როცა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ბორდმა ეს ვერ შეძლო. უფრო მეტიც, მეურვე არ ჰყავდა არხს, გადაწყვეტილებების მიღების უუნარო იყო და ვერც ის გავიგეთ, სად იყო თავმჯდომარე. ამიტომ ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს, რომ მეურვეთა საბჭომ საბოლოოდ დაღუპოს არხი.
„ამ სიაში საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან. არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ეს ადამიანები შეიძლება, დასახელდნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, მათ აქვთ მაღალი პიროვნული პასუხისმგებლობა, მაგრამ, თუ ქვეყანაში არ იქნება პირობები, რომ ადამიანების მიუკერძოებლობა დაფასდეს, ნურავის მოვთხოვთ გმირობის ჩადენას. არ უნდა იყოს იმ ტიპის ზეწოლები, რაც არსებობდა, თორემ ძველ საბჭოშიც ბევრი კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ვნახეთ, რომ მათ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს. ამიტომ შექმნან პირობები იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა წესიერად იმუშაონ. თუმცა არიან ისეთები, რომელთა მიმართაც კითხვები მიჩნდება და არც ამ ადამიანებს დავაკონკრეტებ“, - აღნიშნა ლელა კურდღელაშვილმა For.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, ამ კანდიდატურებს არხის შინაარსი უნდა ესმოდეთ, რადგან ეს არხი არ არის რიგითი წარმონაქმნი. საზოგადოებრივ მაუწყებლად ეს ორგანიზაცია გადაიქცა 2005 წლიდან, მანამდე იყო სულ სხვა ტიპის ორგანიზაცია და დღესაც კოლექტივის თავდაუზოგავი შრომითაა, რომ არხი კიდევ ინარჩუნებს სახეს. თორემ, ამ წუთში არც ბორდი მუშაობს გამართულად და არც მენეჯმენტი.
ამასთან, განმარტავს, რომ, თუ არხის თანამშრომელს ეცოდინება, რომ ობიექტურობის გამო ბორდისგან პრობლემა არ შეექმნება, ის აუცილებლად გააკეთებს იმ პროდუქტს, რაც საჭიროა. მაგრამ, როცა თანამშრომელს ეცოდინება, რომ ამის გამო ბორდი მას ცალკე მოსთხოვს პასუხს და თავმჯდომარე - ცალკე და იქ პოლიტიკური დაკვეთა იქნება, მაშინ ის არ შეასრულებს მოვალეობას. ამდენად, გინდაც ლარი კინგი მიუყვანიათ, გინდაც ჩვეულებრივი ჟურნალისტი, განსხვავება არ იქნება.
„რა თქმა უნდა, იქნება მცდელობა, გარკვეულმა დაინტერესებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ლობირება გაუწიონ საკუთარ კანდიდატს, რომელიც შემდეგ ვალდებული იქნება მათ წინაშე. ამის საფრთხე არსებობს და კომისიის ვალდებულებაა, ეს საფრთხე აგვაცილოს. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მართლაც ცდილობენ საკუთარი კანდიდატების გაყვანას. რაც შეეხება საკონკურსო კომისიას, მათთან პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ კრისტალურად სუფთა მარტო მაცხოვარი იყო, ისიც ღმერთი იყო და არა - ადამიანი. დანარჩენ ადამიანებს კი, რა პირობებსაც შეუქმნი, იმ პირობებში „ითამაშებენ“. ცხადია, გარკვეულ ინტერესებს ეს ადამიანები გამოხატავენ, შეიძლება, ეს არ იყოს პოლიტიკური ჯგუფის ინტერესები, მაგრამ რაღაც პოლიტიკური გემოვნებები ამ ადამიანებსაც აქვთ და არ ვიცი, რამდენად გაატარებენ გარკვეულ ჯგუფთა ინტერსებს. რომ გითხრათ, ამ კომისიაში სრულად არის ასახული საზოგადოების ყველა ფენის და ჯგუფის ინტერესი, არა მგონია. ვისურვებდი, ეს ჯგუფი უფრო წარმომადგენლობითი ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, მარტო ეროვნული უმცირესობა არ არის საქართველო და საქართველოში სხვადასხვა გემოვნების ადამიანთა სერიოზული ჯგუფები არიან. აქ კი ყველანი არ არიან წარმოდგენილნი“, - აცხადებს ლელა კურდღელაშვილი.
ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი განმარტავს, რომ ამ სიაში მოხვედრილ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების ნაწილს პირადად იცნობს, ნაწილი კი მისთვის სრულიად უცნობია. თუმცა იმედოვნებს, რომ, თუ პარლამენტს სურვილი ექნება, მართლაც შესაძლებელია ისეთი ბორდის შერჩევა, რომელიც აქამდე არსებულ ყველა ბორდთან შედარებით უკეთესი იქნება. საუბარია, რომ ეს ადამიანები, ერთი მხრივ, დამოუკიდებელნი იყვნენ ყოველგვარი პოლიტიკური გავლენებისგან და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეიტანონ ზუსტად ის, რაც აქამდე აკლდა ამ ტელევიზიას - ანუ ყველა ადამიანისთვის საინტერესო გახადონ არხი.
უბრალოდ, თამარ ჩიქოვანის აზრით, ახლა საინტერესოა, პირველადი გადარჩევით ვინ იქნება ის 27 კაცი, ვისაც პარლამენტში წარადგენენ. ამით გამოჩნდება, როგორი ბორდი გვეყოლება. ბოლოს კი პარლამენტზე იქნება დამოკიდებული, ამ კონტინგენტიდან რომელ ცხრა რჩეულს გამოარჩევს.
„არ ვთვლი, რომ მაინცდამაინც სატელევიზიო გამოცდილება უნდა ჰქონდეს ბორდის წევრს. თუ რატომ იზიდავს ამ ადამიანებს ბორდი, არ ვიცი. ალბათ, იმიტომ, რომ დასაქმდნენ და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ. ვერც იმასაც გეტყვით, მაღალია თუ არა ხელფასები ბორდში. ახლა ბორდის უფლებები არ არის ფორმალური და ის გაიზარდა. ამიტომ, ესეც ერთ-ერთი დამატებითი არგუმენტია ამ სურვილის გაძლიერებაში. სიაში ჩამოთვლილთაგან ვისი იმედიც მაქვს, მათ დასახელებას მოვერიდები, თანაც, მეეჭვება, ჩემს მიერ დასახელებულმა გვარებმა ზეწოლა ან გავლენა მოახდინონ იმ მეორე კომისიაზე, რომელმაც უნდა შეარჩოს ეს წევრები. უბრალოდ, ვიცნობ ამ ადამიანებს, რომლებიც პრინციპულნი იყვნენ წლების განმავლობაში“, - აღნიშნა თამარ ჩიქოვანმა.
მისი თქმით, შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან კარგი და მასზე მაინც მოახდინოს ვიღაცამ გავლენა. ამის საპირისპიროდ კი, შესაძლებელია, გვეგონოს, რომ ესა თუ ის ადამიანი ცუდია, ან ვიკითხოთ, საერთოდ, ვინ არის ეს ადამიანი, ამ დროს კი ის ძალზე პრინციპული აღმოჩნდეს.
შეკითხვაზე, თავად რატომ არ შეიტანა განაცხადი ბორდის წევრობაზე, თამარ ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით პრაქტიკული ჟურნალისტიკითაა დაკავებული და არ ფიქრობს, რომ ბორდში მისი ადგილია. მეტიც, ბორდის წევრობა მას იმდენად არ ხიბლავს, რამდენადაც გადაცემის მომზადება ან მენეჯმენტში მონაწილეობა.