აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება.
„ეს სასამართლო სხვა არაფერი იყო, თუ არა ყურადღების გადატანა ბაიდენის დანაშაულებრივი ოჯახის რეალური დანაშაულებისგან, რომელმაც ათობით მილიონი დოლარი მიიღო ჩინეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. თაღლითი ჯო ბაიდენის მიერ კრიმინალური იმპერიის ხელმძღვანელობა 5 ნოემბერს დასრულდება და ბაიდენი ვერასდროს გაყიდის მთავრობაზე წვდომასს პირადი სარგებლისთვის“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის განცხადებაში.
ნაფიცმა მსაჯულებმა ჰანტერ ბაიდენის მიერ იარაღის უკანონო შენახვის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.
საქმე ეხება 2018 წლის ოქტომბერში ჰანტერ ბაიდენის მიერ შეძენილ იარაღს. ბრალდების მხარის მტკიცებით, დელავერის შტატში, იარაღის შეძენის დროს მან მოიტყუა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი არ იყო.
კიდევ ერთი ბრალდება უკავშირდება ჰანტერ ბაიდენის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას. აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია.