არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო საქართველოში წელს თითქმის ორჯერ ნაკლები კარტოფილი მოვიდა, - ამის შესახებ bpn.ge -ს ფერმერმა და მეთესლეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვართი ჰოვანესიანმა განუცხადა.
ფერმერის თქმით, სამცხე-ჯავახეთში, რომელიც კარტოფილის ძირითადი მწარმოებელი რეგიონია, ბოსტნეულის საბითუმო ფასი სექტემბრიდან, დაახლოებით, ორჯერ გაიზარდა და კილოგრამზე 1,20 ლარი შეადგინა.
"როგორც ვიცით, მეზობელ ქვეყნებშიც დაბალი მოსავალი იყო, მათ შორის, თურქეთსა და ირანშიც. აზერბაიჯანიდან კარტოფილის საყიდლად ბევრი კლიენტი ჩამოდის, მაგრამ რეგიონში საკმარისი კარტოფილი არ არის", - აღნიშნავს ფერმერი.
დეფიციტის კიდევ ერთი მიზეზი საზღვრებზე გამკაცრებული ფიტოსანიტარული კონტროლია, რის შედეგადაც ქვეყანაში ბოსტნეული ნაკლები რაოდენობით შემოდის. მაგალითად, სულ რაღაც ერთი თვის წინ სომხეთიდან ექსპორტირებული 500 ტონა დაავადებული კარტოფილი საზღვრიდან უკან გააბრუნეს.
"ახლა კარტოფილი სომხეთშიც გაძვირდა, ადგილზე ერთი კილოგრამი - ლარი ღირს", - აცხადებს ვართი ჰოვანესიანი.
აღსანიშნავია, რომ კარტოფილის იმპორტი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით 5-ჯერ შემცირდა და იანვარ-ოქტომბერში 1 მილიონ 137 ათასი დოლარი შეადგინა.
თუმცა, მთავრობის მხრიდან სურსათის უვნებლობის გამკაცრებულ პოლიტიკას ფერმერები მიესალმებიან.
"ძველი ხელისუფლების პირობებში პროდუქციის ხარისხი საერთოდ არ კონტროლდება, საზღვრები გახსნილი იყო და ყველაფერი უპრობლემოდ შემოდიოდა. დაავადებულ კარტოფილს მოსახლეობა არცთუ იშვიათად სათესლედაც იყენებდა, რაც დაავადების გავრცელების საშუალებას იძლეოდა. უხარისხო იაფფასიან იმპორტთან კონკურენციის გაწევა ძალიან გვიჭირდა. ჯერ
მოსავალი აღებული არ გვქონდა, რომ თურქული კარტოფილით ივსებოდა საწყობები", - აცხადებს თავის მხრივ ფერმერი თენიზ გულიაშვილი.
მისი თქმით, შარშან ბოსტნეულის საბითუმო ფასი მოსავლის აღებისას კილოგრამზე 20-25 თეთრამდე, ანუ, წლევანდელთან შედარებით, ორჯერ დაბლა დაეცა, რის გამოც ფერმერებმა იზარალეს.
"მოსავლის უმეტესი ნაწილი საწყობებში დაგვრჩა, ზოგი საქონელს ვაჭამეთ, ზოგიც დალპა და გადავყარეთ", - აღნიშნავს გულიაშვილი.