ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადება გააკეთა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილმა უფროსმა, ამჟამად ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რამაზ სულამანიძემ.
მან ჩვენება მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ მისცა და აღიარა, რომ დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით, დავალებებს უშუალოდ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისგან იღებდა. კონკრეტულად, მისი თქმით, 21 ათასი ადამიანის დასაქმება მოხდა მათი პოლიტიკური აქტივობის მიხედვით და ის სიებს იღებდა გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობებისგან.
„ზურაბ ჭიაბერაშვილმა მითხრა, რომ მან მოილაპარაკა ვანო მერაბიშვილთან, რომ დასაქმების პროგრამამ ვერ გაქაჩა, ვერ შეძლო ამ ხალხის მართვა, ისედაც ახალი მთავრობაა მოსული და საერთოდ აპირებენ დასაქმების სამინისტროს გაუქმებასო. საერთოდ, გავაუქმოთ პროგრამის ეს ნაწილი და დარჩენილ ფულს ახალი ხელისუფლება როგორც გადაწყვეტს, ისე მოიქცესო. ამის შესახებ მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება და ეს პროგრამა გავაუქმე“, - აღნიშნა მოწმის სტატუსით მყოფმა რამაზ სულამანიძემ.
პროცესზე მყოფი ვანო მერაბიშვილი დაინტერესდა, რატომ ეტყოდა იგი დასაქმების პროგრამის გაუქმებასთან დაკავშირებით მას და არა -ზურაბ ჭიაბერაშვილს. ამის შესახებ რამაზ სულამანიძემ უპასუხა, რომ იმხანად ჭიაბერაშვილი თბილისში არ იმყოფებოდა.
ამის შემდეგ რამაზ სულამანიძემ მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის ოთხჯერ იმყოფებოდა პროკურატურაში, მეხუთედ კი ლაშა ნაცვლიშვილს შეხვდა, რომლისგანაც მიიღო დაპირება, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ არ მიიღებოდა.
ჩვენ დავუკავშირდით რამაზ სულამანიძეს. თუმცა მან აღნიშნა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და ტელეფონი გაგვითიშა.
For.ge ამ საქმის პროკურორს ნათია სონღულაშვილს ესაუბრა.
- დღევანდელ სასამრთლო პროცესზე, სხვებთან ერთად, მოწმის სახით დაიკითხა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი რამაზ სულამანიძე, რომელმაც ჩვენებაში განმარტა, რომ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში დამატებით 21 ათას ადამიანთან ხელშეკრულების გაფორმება, მათთვის გასაცემი ხელფასებისთვის საჭირო თანხების მოძიება და 2012 წლის 15 სექტემბერს ხელფასის გაცემის დავალება მისცა ივანე მერაბიშვილმა პირადად კანცელარიაში დაბარების დროს და განუმარტა, რომ აღნიშნული პირები იყვნენ იმჟამინდელი მმართველი პარტიის პოლიტიკური აქტივი, ანუ მხარდამჭერები. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული დავალების როგორც მიღების, ისე შესრულების ყველა ეტაპზე, საქმის კურსში იყო ზურაბ ჭიაბერაშვილი. უფრო მეტიც, იმხანად მან პრემიერს თურმე აუხსნა, რომ ამდენი ადამიანის დასაქმების რესურსი მათ არ გააჩნდათ, თუმცა პრემიერმა უთხრა, რომ ეს თქვენი პრობლემა არ არის და ამას სხვები მიხედავენო. შესაბამისად, ამით რამაზ სულამანიძემ დაადასტურა, რომ სააგენტოს ხარჯებში ბიუჯეტიდან გამოიყო 6 მილიონამდე თანხა, რომელიც გაიცა 21 ათას ადამიანზე ისე, რომ მათ არც სააგენტოს და არც სხვა რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების სასარგებლოდ არანაირი საქმე არ განუხორციელებიათ.
ანუ რამაზ სულამანიძემ დაადასტურა, რომ პოლიტიკური შეკვეთა იყო ამ ადამიანებზე თანხის გაცემა?
- ბრალდება თვლის, რომ დავადასტურეთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების, ანუ ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის მხრიდან, როგორც სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების გაფლანგვის, ასევე, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ რამაზ სულამანიძე ნაცმოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილი გამგებელია, როგორ მოხერხდა, რომ მან პარტიული დავალება არ შეასრულა? ასევე, საინტერესოა, მის აღიარებაზე რა რეაქცია წამოვიდა ვანო მერაბიშვილისგან?
- გამოძიების სტადიაზე ეს ადამიანი არაერთხელ იყო დაკითხული მოწმის სახით, რა დროსაც მას ეს ჩვენება მიცემული ჰქონდა და მხოლოდ დღევანდელ პროცესზე არ გაუჟღერებია. უბრალოდ, პირველი პირისგან დღეს მოხდა ამ ყველაფრის ჩვენება ფართო საზოგადოებისთვის. თუ რამ განაპირობა მისი მხრიდან ასეთი ჩვენების მიცემა, ეს მან უნდა განმარტოს. ამ ადამიანმა თქვა სიმართლე, ალბათ, იმ მოტივზე დაყრდნობით, რომ ტყუილის თქმა არ შეუძლია.
რაც შეეხება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მოტივაციას, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან აღნიშნული პირები ბრალდებულები არიან და მათ შეიძლება, არ მოსწონდეთ მათ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები. თუმცა ნებისმიერი მათი პროტესტი და არაკორექტული გამონათქვამი მიმართულია მხოლოდ მათი პასუხისმგებლობისგან არიდებისკენ.
ამ პროცესზე პირადად ვანო მერაბიშვილს რამაზ სულამანიძისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თუმცა აღნიშნულს წარმატებით ახორციელებდნენ მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის მხარდასაჭრად მისული რიგითი მოქალაქეები და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. მათი რეაქცია მიუღებელი იყო, ამ ადამიანის მიმართ მთელი პროცესის განმავლობაში მიმდინარეობდა სიტყვიერი შეურაცხყოფა როგორც დამსწრე საზოგადოების, ასევე, დაცვის მხარის რამდენიმე პირისგან. არ ვგულისხმობ დამცველ ადვოკატებს. შეურაცხმყოფელ სიტყვებს ვერ გავიმეორებ, რაც გინებითაც იყო გამოხატული. ამაზე ჩვენ, როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა, არაერთი განცხადება გავაკეთეთ სასამართლო პროცესზე. ასეთი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია იმან, რომ რამაზ სულამანიძის მიერ პროცესზე ნათქვამი ყველა სიტყვა გამომდინარეობდა საქმეში არსებული დოკუმენტებიდან. მისი ყველა სიტყვა ბრალდებას გამყარებული აქვს საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, რომლებიც ზურაბ ჭიაბერაშვილის და მათი ხელმოწერითაა.
რამაზ სულამანიძე და სხვა მოწმეები რამდენად დაზღვეულნი იქნებოდნენ მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის მომხრეების ზეწოლისგან მანამდეც და სასამართლოზე ჩვენების მიცემის შემდეგაც?
- დაზღვეულია თუ არა ადამიანი ზეწოლისგან, ვერ გეტყვით, რადგან მე არ ვიცი, დაცვის მხარისთვის ამა თუ იმ მოწმის ჩვენება რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. თუმცა შეურაცხყოფისა და სიტყვიერი ზეწოლისგან არცერთი მოწმე, რომელიც დაცვის საწინააღმდეგო ჩვენებას იძლევა, დაზღვეული არ არის.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა რამაზ სულამანიძემ 2012 წლის 1-ლი იანვრიდან 2013 წლის 18 თებერვლამდე პრემიის სახით 33 ათას 665 ლარი მიიღო. საქმეში მისი ბრალეულობაც თუ იკვეთება?
- ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან პირადად მე ბრალმდებელი ვარ მხოლოდ და მხოლოდ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ხოლო პრემიების ოდენობა და მიზნობრიობა ჩემს კომპეტენციას სცილდება. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს.
რამაზ სულამანიძემ, ასევე, საინტერესო განცხადება გააკეთა ლაშა ნაცვლიშვილის თაობაზე, რომ პროკურატურაში იგი ოთხგზის დაიბარეს, ხოლო მეხუთედ უშუალოდ შეხვდა ლაშა ნაცვლიშვილს და მისგან მიიღო გარანტიები.
- რამაზ სულანამიძე პროკურატურაში მოწმის სახით ოთხჯერ გამოიძახეს, სადაც მას მიცემული აქვს ჩვენება. რაც შეეხება ლაშა ნაცვლიშვილთან მის შეხვედრას, მან განმარტა, რა მოტივით განხორციელდა შეხვედრა. დაადასტურა, რომ მის მიმართ არც ლაშა ნაცვლიშვილის და არც გამოძიების სტადიაზე მასთან შემხებლობაში მყოფი რომელიმე პირის მიმართ არანაირ ზეწოლას, მუქარას, ან დაპირებას, რომ რომელიმე ჩვენების სანაცვლოდ მისი სამართლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდება, ადგილი არ ჰქონდა. მანვე აღნიშნა, მთავარი პროკურორის მოადგილემ მითხრა, რომ ამ საქმეში თქვენი მონაწილეობის ფაქტი შესაბამისად შეფასდებაო, რასაც მოჰყვა შემდგომში მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის არდაწყების დადგენილების გამოტანა. ანუ, მან, ჯერ, გულწრფელად მისცა გამოძიებას ჩვენება და ამის შემდეგ წამოვიდა დევნის არდაწყების დადგენილების გამოტანა, და არა პირიქით, რომ დევნის არდაწყების დადგენილებამ განაპირობა მისი გულწრფელობა. ამიტომ ვერავითარ პრობლემას, რომ იგი მთავარი პროკურორის რომელიმე მოადგილეს შეხვდა, ვერ ვხედავ.
მაგრამ სულამანიძემ განმარტა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შეხვდა ლაშა ნაცვლიშვილს და მან უთხრა, რომ მისი ბრალეულობა ნაკლებია ამ საქმეში, შემდგომ უკვე ქუთაისის პროკურატურამ დაურეკა და მას გადასცა, რომ სამართლებრივი დევნა არ დაიწყებოდა მის წინააღმდეგ.
- აღნიშნული შეფასება გაკეთდა სულამანიძის მიერ მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების შინაარსიდან გამომდინარე. რა მოტივით იხელმძღვანელმა მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ვერ გეტყვით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს შეხვედრა კანონდარღვევით არ მომხდარა.
რაც შეეხება ჭიაბერაშვილს, მის მიმართაც ანალოგიური განწყობა ყოფილა, რომ იცნობდა მას, როგორც პატიოსან ადამიანს.
- ამ საუბარს მე არ შევსწრებივარ და რა კონტექსტში იყო და რატომ იქნა ზურაბ ჭიაბერაშვილი ამგვარად მოხსენიებული რომელიმე მაღალი ხელმძღვანელი პროკურორის მხრიდან, არ ვიცი.
შეგახსენებთ, საქმე 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას ეხება. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში სოციალური აგენტები თვალთმაქცურად დაასაქმეს და სინამდვილეში, ისინი წინასაარჩევნო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ დავალებებს ასრულებდნენ. აღნიშნული პროცესი სასამართლოში ხვალ 13.00 საათზე განახლდება.