დიტო გელოვანი: სააკიანცი დისნეის სტილьში

დიტო გელოვანი: სააკიანცი დისნეის სტილьში

ჰერცოგი არაჩვეულებრივად გამჭრიახი იყო და გამოსავალს მალე მიაგნო. ჯიმს მეფე ლირის ტანისამოსი - გრძელი, საფარდე ჩითისაგან შეკერილი რაღაც ხალათი ჩააცვა; ცხენის ძუის თეთრი პარიკი და წვერი გაუკეთა, მერე მთელი სახე, ხელები, ყურები და კისერი გრიმის საღებავით მუქლურჯად შეუღება. ჯიმი ცხრა დღე წყალში ნაგდებ დამხრჩვალ კაცს დაემსგავსა. შემდეგ, ჰერცოგმა ფიცარზე ასეთი შინაარსის განცხადება დაწერა: ”ნეული არაბი. თუ სიგიჟე არ მოუვლის, უვნებელია. ფიცარი ჯოხზე გააკრა და ჯოხი კარვის წინ ოთხი თუ ხუთი ფუტის მანძილზე ჩაარჭო. ჯიმი კმაყოფილი დარჩა - ეს მირჩევნია, ვიდრე გათოკილი ვიწვე, დღე წელიწადად მეჩვენებოდეს და ყოველი ხმის გაგონებაზე ვკანკალებდეო.

(მარკ ტვენი, ”ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”)

 

 

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი გეოგრაფიისა და გეოპოლიტიკის ტყვეები არ უნდა ვიყოთ.

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ სოფლის მეურნეობის წარმოება უახლოეს წლებში გააორმაგოს.

მიხეილ სააკაშვილი: მარტო სვანური მარილი რად ღირს...

მიხეილ სააკაშვილი: სომხებს რომ ათქმევინო, საქართველოსგან რამეს სწავლობენ, ამას კარგი მუშაობა სჭირდება და ჩვენ ეს შევძელით.

მიხეილ სააკაშვილი: ”ლь”-თი საქართველოს ძალიან ნიჭიერი ნაწილი ლაპარაკობს.

მიხეილ სააკაშვილьი:  არ შეიძლება დაისვას კითხვა, რომელი უბნელი ხარ.

მიხეილ სააკაშვილьი: იაფი ფასების ეპოქა წარსულს ჩაბარდა.

 

ეს, სულ ნიუსების სათაურებია და ნიუსებიც ასევე იწყებოდა, ხოლო შემდეგ გრძელდებოდა ასე: ”...ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილьმა კაჭრეთში, პროფესიული მომზადების კოლეჯის რეაბილიტირებული შენობის გახსნისას განაცხადა”. ამის შემდეგ თემა სააკაშვილის სიტყვებითვე იშლებოდა. მაგალითად, აი ასე: ”მესტიაში არის უნიკალური ქერის არაყი. მარტო სვანური მარილი რად ღირს. ერთ ჩემს მეგობარს გერმანიაში ჩემოდნით მიაქვს ხოლმე და მთელი წლის განმავლობაში მასთან ერთად ჭამს შემწვარ ხორცს”.

 

როგორც უკვე ვიცით, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილьმა კაჭრეთში განაცხადა, ჩუმ-ჩუმად საათზე იყურებოდა - თვითმფრინავი დაქოქილი იყო, პრეზიდენტი მიუნხენში, კონფერენციაზე მიდიოდა. ჩავიდა კიდეც და დაიქოქა კიდეც, როგორც ჩვევია - ჩვეული ოსატატობით. ჰოდა, როდესაც მიუნჰენის კონფერენციის მაღალ ტრიბუნაზე იწვევდნენ, კონფერანსიემ თუ რა ვიცი კიდევ რა ჰქვია, ხმამაღლა გამოაცხადა: ”მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი. თუ სიგიჟე არ მოუვლის, უვნებელია”.


გადარჩნენ, არ მოუარა. უბრალოდ, იდგა და მორიდებით ტრაბახობდა, რომ: ბევრჯერ დაარბია მშვიდობიანი აქცია, მაგრამ არავინ დაღუპულა; ბევრჯერ დაარბია დევნილები, მაგრამ არავინ დაღუპულა; საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრი ცოცხალია; საქართველოს ციხეებში იღუპებიან პატიმრები, მაგრამ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ; პროდუქტები გაძვირდა, მაგრამ... მარტო სვანური მარილი რად ღირს!..

 

შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილьის გამოსვლიდან დამსწრე საზოგადოებას მხოლოდ ორი მომენტი დაამახსოვრდა - ავღანეთში ჯარებს კიდევ რომ გავაგზავნით და მარტო სვანური მარილი რომ რად ღირს. დამახსოვრებით მხოლოდ ეს ორი დაამახსოვრდათ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ორიდან უფრო საინტერესო სვანური მარილი იყო, რადგან ავლაბრის ლეგალური რეზიდენციიდან, რომელიც ავლაბრის არალეგალური სტამბის მახლობლად მდებარეობს, უმალ გავრცელდა ასეთი შინაარსის ინფორმაცია: ”ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში, გერმანიის კანცლერი ასევე დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით, მათ შორის, ტურიზმის განვითარებით”.

 

ანუ, ორი კომკავშირელი ერთმანეთს შეხვდა, გერმანელმა კომკავშირელმა კომკავშირული ქალაქი ”ბორის ძნელაძე” მოიკითხა, რაზეც ქართველმა კომკავშირელმა უთხრა, ეგ დაიკიდე, მთავარი ისაა, რაც ტურისტულ ქალაქ ”ვერა ქობალიაში” ხდებაო. რა ხდებაო? - მერკელმა. რაო და, - მიშამ უთხრა - ერთ ჩემს მეგობარს გერმანიაში ჩემოდნით სვანური მარილი მიაქვს ხოლმე და მთელი წლის განმავლობაში მასთან ერთად ჭამს შემწვარ ხორცსო.

 

მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ...

 

მარტო გუდის ყველი რად ღირს! მიშას ერთ მეგობარს ჩემოდნით გუდის ყველი მიიჰქონდა. თვითმფრინავი რადარებიდან სწორედ იმ დროს გაქრა, როდესაც ბერმუდის კუნძულების თავზე მიფრინავდა...

 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სააკაშვილьის მიერ კაჭრეთში ნათქვამ სიტყვებს - ”სომხებს რომ ათქმევინო, საქართველოსგან რამეს სწავლობენ, ამას კარგი მუშაობა სჭირდება და ჩვენ ეს შევძელით”. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ხანდახან ჩვენც ვსწავლობთ რაღაც-რაღაცეებს სომხებისგან - ხაჭაპური, გოზინაყი, ჩურჩხელა, შქმერული (ჩქმერულს რომ უწოდებენ შეცდომით), ცივად მოხარშული დედალი და ვარია ისრიმ-მაყვალში, ასევე - ეკალა, ჭინჭრის ფხალი... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ გასულ კვირაში მოხდა ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არც ჩვენ ვართ სომეხთა ურიგო მოწაფეები.

 

”ანტალიიდან მომავალი აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბ ”ტურანის”  შემადგენლობა საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე 4 საათი გააჩერეს. აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, კლუბი ანტალიაში შეკრებაზე იყო და საქართველოს გავლით, სამშობლოში ბრუნდებოდა. ”ვესტი.აზ”-ის მტკიცებით, ქართველმა მებაჟეებმა "თურანს" სოლიდური ჯარიმა დააკისრეს. გუნდის ხელმძღვანელი იმან ჰასანოვი და ავტობუსის მძღოლი გუნდუზ გასიმოვი კი, დააპატიმრეს” - ასეთი ამბავი მოხდა გასულ კვირაში და მადლიერი სომხეთიდან ჩიტმა ასეთი ამბავი მოიტანა:

 

”სომხეთში დისნეის სტილში ახალ სომხურ მულტფილმს იღებენ. კომპანია ”რობერტ სააკიანც პროდაკშენ”-მა და სომხეთის ნაციონალურმა კინოცენტრმა ზღაპარ ”ანაიდის” მიხედვით ამავე სახელწოდების მულტფილმი გადაიღეს. მულტფილმის თანაავტორი ნანა სააკიანცი აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო მხარდაჭერით ხორციელდება”.

 

მულტფილმის შინაარსი უცნობია, მაგრამ რადგან რეჟისორი სააკიანცია, ხოლო სტილი - დისნეი, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოქმედება ვითარდება ერევანში. შვიდი სომეხი ჯუჯა ბერლინიდან ერევანში ჩაიყვანს მასაჟისტ ფიფქიას, რომელსაც თბილისიდან ჩააკითხავს პრინცი და ყველას ერთად წამოიყვანს თბილისში (ავლაბარში), სადაც ჯუჯები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. ფილმის ბოლო კადრია პრინცის დაკბენილი ზურგი. მასაჟისტს მოუხერხებია და კბილებით დიდი სომხეთის რუკა ამოუკბენია.

 

მარტო სვანური მარილი რად ღირს... და, ასეთი ნიუსი რა ღირს? - სომხეთში შაქრის გაძვირებაში საქართველოს ადანაშაულებენ. ჩვენებს სომხეთში დაუწყიათ შაქრის შესყიდვა, ახურიანსკის ქარხანას პროდუქტზე ფასი აუწევია, აუწევია და აუწევია და გაძვირებულა და გაძვირებულა. მიშას მეგობარი რომ მახსენდება (გერმანიაში სვანური მარილი ჩემოდნებით რომ მიაქვს), ვფიქრობ, რომ მალე ჩვენთან სვანური მარილი გაძვირდება და ლეიბორისტები ხელისუფლებას მოსახლეობისთვის სვანური მარილის დარიგებას მოთხოვენ, რადგან გასულ კვირაში...

 

გასულ კვირაში ლეიბორისტებმა პრეზიდენტს მოსახლეობისთვის ფქვილის დარიგება თხოვეს. როგორც გახსოვთ, ლეიბორისტების ულტიმატუმით შეშინებულმა მთავრობამ ამ ორი კვირის წინ ხუდადოვზე ონკანი გამოცვალა. სავარაუდოდ, ნაციონალები ლეიბორისტებს ამ ხუშტურსაც დაუკმაყოფილებენ, ოღონდ ეს მოხდება ერთი წლის შემდეგ, ანუ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. პოლიტიკური ქულები კი ორივე პარტიას ჩაეწერება.

 

ეკონომიკის სამინისტრო მიხვდა, რომ ქულებს კარგავდა და დანიელ გუფთას შესახებ ინფორმაცია სასწრაფოდ გაავრცელა: ”დანიელ გუფთა წარმოადგენს კომპანიას ”ამტელ პროპერტიეს”. აღნიშნული კომპანია ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას სინგაპურის, ინდოეთის, გაერთიანებული სამეფოს და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების უძრავ ქონებაში”.

 

და ჩვენ რომელი ვართ - სინგაპური თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თნამეგობრობა? სინგაპური ორიენტირია, დსთ - წარსული. სვანური მარილის სამკურნალო თვისებებს და ინგლისური ენის გაძლიერებულ სწავლებას თუ გავითვალისწინებთ, დღეს ინდოეთი ვართ და გაერთიანებულ სამეფომდე ცოტაღა გვიკლია - ერთი დიდი, ნასუქი ვირთხა პრეზიდენტის რეზიდენციაში.

 

მივქარე - ორი კვირის წინ უნდა გამეგო, თუ რომელი უბნელია ეგ დანიელ გუფთა. ვერ მოვასწარი და აწი ვიღა მეტყვის - გასული კვირიდან ხომ ამ კითხვის დასმა 2013 წლამდე აიკრძალა! დასვამ თუ არა ამ შეკითხვას, როგორც ქურდული ტრადიციების მიმდევარი, მაშინვე გიორგი დემეტრაძის გვერდით აღმოჩნდები კაზიოლების კაზიონნი პაიოკზე.

 

მარტო სვანური მარილი რად ღირს... რა ღირს ხალხის ოპიუმი? რა ღირს გრძელვადიანი პაემანი? გრძელვადიანი პაემანი 60 ლარი ეღირება - ეს განცხადება ხათუნა კალმახელიძემ პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გააკეთა და, თქვენ წარმოიდგინეთ, სახეზე ერთი კუნთიც კი არ შეუტოკდა. მერე, კალმახელიძემ თქვა, რომ გრძელვადიანი პაემნებისთვის 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის შენობები აშენდება. არც ამჯერად შეუტოკდა სახეზე ერთი კუნთი. მერე თქვა, საქართველოში ”სულ რაღაც” 23300 პატიმარიაო და კიდევ არ შეუტოკდა. პატიმრების გარდაცვალების ფაქტების გახშირებაზე ჰკითხეს და, აიმრიზა - ეგრე ხომ გარეთაც იხოცება ხალხიო, თანო, ციხეებში მხოლოდ მოხუცები კვდებიანო - 27-34 წლის ბერიკაცებიო. ვაჰ - სახე ისევ გაშეშებული ჰქონდა... გოგო, რაღა დროს შენი გაშეშობანაა, უკვე 27-34 წლის დედაბერი ხარ, ოეეე!!!

 

და საქართველოს მთავარ მედილეგეს თვალები მაშინ გაუბრწყინდა, როდესაც ოცნებებში გადავარდა - არ გამორიცხა, რომ მომავალში გრძელვადიანი პაემნები უფასოც კი იყოს. არც ის არის გამორიცხული, რომ მომავალში პატიმრებს უფასოდ დაურიგდებათ სვანური მარილი. ეს მოხდება 2013 წლის შემდეგ. ”ვტოკავ ჯორი კუდივითა” - იტყვის ერთი 29-36 წლის პატიმარი ქალი, ყოფილი მინისტრი, რომლის გვარსაც არ დავასახელებთ, რადგან სამართლებრივ სახელმწიფოში უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა და ”რომელი უბნელი ხარ?” კითხვის დასმა არ მოსულა.

 

რაღაც, ზურაბ ნოღაიდელი დაიკარგა და სად ტოკავს (ვის ზემოდან, ვის ქვემოდან...) არავინ იცის. ასე რომ, ამჯერად ნოღაიდელის თემას გვერდი უნდა ავუარო, მაგრამ ნოღაიდელის ამბავში და გაგებაში ერთ ნიუსს მაინც შემოგთავაზებთ: საზღვარგარეთ ქართული ხურმის ექსპორტი იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ხურმის ექსპორტი 53.25 %-ით გაიზარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს ქვეყნიდან 3 მლნ. 184 ათას 258 დოლარის ხურმა გაიტანეს, ანუ კილო 0,44 დოლარად.

 

გასულ კვირაში დიდი ზარ-ზეიმით გვამცნეს, რომ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველი სპორტსმენების მზადებას აქტიურად გააშუქებს. ჩვენ გვამცნეს, ხოლო მიშას - უპატაკეს. უპატაკეს, რომ განსაკუთრებით აქტიურად გაშუქდება მიხეილ სააკაშვილьის სახელობის საქართველოს ოსტატ წყალბურთელთა ნაკრების ვარჯიშები. ვარჯიშები ჩატარდება კახა ბენდუქიძის სახელობის აუზში, რომელშიც წყლის ტემპერატურა სტაბილურად 22-24 კმ.საათია. ამ ინფორმაციამ განსაკუთრებით გაახარა ლადო ვარძელაშვილი, რომელსაც აქამდე წყლის ქრონიკული შიში ჰქონდა - ვიღაც ტუტუცმა უთხრა, ბენდუქიძის აუზში წყლის ტენიანობა დასაშვებ ნორმას აღემატებაო, 220 ვოლტიაო და იმანაც დაიჯერა.  

 

გავიგე თუ არა, მაშინვე დავიჯერე - საგარეო დაზვერვის უფროსი გელა ბეჟუაშვილი საქართველოში არ იმყოფება. ზოგიერთმა არ დაიჯერა და მათთვის მანანა მანჯგალაძემ (მანანა ვარ, მანანა, მა-ნა-ნააა) სპეციალური პრესკონფერენციაც კი მოაწყო: ”ეს გაგრძელდება, მაქსიმუმ, თვენახევრის განმავლობაში. ის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად გაემგზავრა, რის შემდეგაც, სამშობლოში დაბრუნდება და გააგრძელებს მუშაობას”.

 

ზუსტად ვიცი, რომ ნამდვილად კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ვერ აიმაღლებს. თავის უკვდავ ალბომში The Wall (კედელი) როჯერ უოტერსი რამდენჯერმე იმეორებს ”შეაყარე კედელს ცერცვი. აკაკუნე კედელიო, დაარიგე რეგვენიო”.

 

არა, ბეჟუაშვილი რეგვენი ნამდვილად არ არის. რეგვენი ის არის, ვისაც სჯერა, რომ ბეჟუაშვილი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრა.

 

სომეხი მეწარმე, ”გრანდ ჰოლდინგის” ხელმძღვანელი გრანტ ვარდანიანი საკუთარი ბიზნესის სომხეთიდან საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობას განიხილავს . ამის შესახებ გაზეთი ”ჟამანაკი” წერს და გაიგე ახლა, ეს კაცი რეგვენია თუ ”მინიმალური კომპეტენციის გამოცდები” არ აქვს ჩაბარებული. გასულ კვირაში რომელიღაც უბნელმა ირინა ქურდაძემ განაცხადა, რომ აწი ვინც ”საატესტატო გამოცდებს” ”მინიმალური კომპეტენციის გამოცდებად” არ მოიხსენიებს, იმას კოკა(კოლა) სეფერთელაძესთან ექნება საქმე.

 

სასიხარულო ინფორმაცია - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს, ხარისხის მიხედვით ვარსკვლავები მიენიჭებათ. ოღონდ, ეს ის ვარსკვლავები არ არის, ადრე კონიაკებს რომ ანიჭებდნენ ხოლმე, ეს სხვა ვარსკვლავებია. მაგალითად, კობა ხაბაზის სკოლას მიენიჭება ნინა წკრიალაშვილი, მიხეილ სააკაშვილьის სკოლას - ეკა კვალიაშვილი, ნიკა გილაურის სკოლას - გოგა ხაჩიძე, ხოლო გურამ დონაძის სკოლას - არჩილ მეფარიძე.

 

იმედი მაქვს, ჩემს სკოლას ჯიმ მორისონს მიანიჭებენ.

 

”სერიალ ”ნიკიტას” ახალი ფილმი საქართველოს ტახტის მემკვიდრის გადარჩენის გეგმას ეხება. სერიალის ახალი სერიები გამოჩნდა. ერთ-ერთი სერიაში ნიკიტა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის გადარჩენას ცდილობს” -  მინიმალური კომპეტენციის გამოცდები ჩაბარებული რომ არ მქონდეს, თვალებს არ დავუჯერებდი. სწორედ ასე ეწერა. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ამ სერიას. რატომ დასდევენ საბრალო პრინცს? რა დააშავა? ნუთუ, ვინმეს უბნელობით დაინტერესდა? ნუთუ, იმით დაინტერესდა, რატომ არ უტოკავს ხათუნა კალმახელიძეს სახეზე ერთი ნაკვთიც კი?

 

”სიმბოლოსა და ნიშნის შესახებ ხელოვნებაში” - ლექცია ამ თემაზე ქსნის კოლონიაში გია ბუღაძემ ჩაატარა და მას ხათუნა კალმახელიძეც დაესწრო. ნაკოლკები აინტერესებს გოგოს და მის სკოლას აუცილებლად სნუპ დოგს მიანიჭებენ. თან, მუკუზანის მოსახლეობა მგლებისგან დაცვას ითხოვს.

 

...ვერ გავიგე?.. წასვლას მთხოვთ?

წავედი, ბატონო.

 

ი. (ისა...) არა, არაფერი, არაფერი...