ვის ეკუთვნის სოხუმში აღმოჩენილი სამარხი?

ვის ეკუთვნის სოხუმში აღმოჩენილი სამარხი?

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამარხი აღმოაჩინეს. სამარხი სოხუმის ცენტრში, „დიდების პარკში“ იქნა ნაპოვნი. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სამარხი, სადაც, საერთო ჯამში, 64 ნეშტია აღმოჩენილი, საომარი მოქმედების დროს დაღუპულებს ეკუთვნით. აფხაზური მედია წერს, რომ სამარხში აღმოჩენილი ნეშტი ქართველებს ეკუთვნით, თუმცა რის საფუძველზე აკეთებს აფხაზური მედია ამ დასკვნას უცნობია.

საქმეში უკვე ჩართულია „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მაია ქარდავა აცხადებს, იდენტიფიცირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელშიც აფხაზური და ქართული მხარე მონაწილეობენ, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სოხუმში, „დიდების პარკის“ ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ექსგუმაცია მოხდებოდა.

ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი გელა დოლიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მოხდება ამ გვამების ექსგუმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მათი გადასვენება ხორვატიაში, სადაც მოხდება დნმ-ის ანალაიზის გაკეთება.

„64-ვე ნეშტის გადასვენება მოხდება. ჯერ არავინ იცის, ვინ ვინ არის, ეს მხოლოდ დნმ-ის ანალიზით გაირკვევა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება გადმოსვენება. არავინ იცის ეს  ნეშტი ქართველებს ეკუთვნის თუ აფხაზებს.  ნეშტის გადასვენება მოხდება ხორვატიაში, რადგან აფხაზური მხარე არ გვენდობა, არ უნდათ, რომ ეს პროცედურა ჩატარდეს საქართველოში... უფრო სწორედ, რუსეთს არ უნდა. ამ პროცედურებს 6 თვე სჭირდება და სწორედ, ამის შემდეგ გახდება ცნობილი ვის ეკუთვნის ეს გვამები“, - აცხადებს გელა დოლიძე.

დოლიძე ამბობს, ეს არაა ერთადერთი სამარხი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობს. მითუმეტეს, რომ ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 971 ადამიანი.

გენერალი გიორგი შერვაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საკამოდ ბევრი სამარხია, მათ შორის - მშვიდობიანი მოსახლეობის.

„ძალიან ბევრი გვყავს აფხაზეთის ომის დაკარგულები, როგორც ქართველები, ისე აფხაზები. მერწმუნეთ, რომ ეს პროცესი რთულია, 20 წელზე მეტი გავიდა უკვე, რაც ვერ ვიპოვეთ, იმის პოვნა უფრო და უფრო გაძნელდება. არსებობდა სპეციალური კომისია, მაგრამ, მერე ეს კომისიაც გაუქმდა. პრაქტიკულად, არავის არ უძებნია, არც აფხაზურ და არც ქართულ მხარეს ინფორმაციებიც არ მოუპოვებიათ ამასთან დაკავშირებით.

ჭირისუფალმაც არ იციას სად არის დასაფლავებული მათი ოჯახის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარე მზად იყო, რომ გადმოგვესვენებინა ცხედრები, სამწუხადოდ, აქეთა მხრიდან ვერ მოხდა ამ საკითხის ორგანიზება, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დაიძვრება.

მეტსაც გეტყვით, აფხაზებს ჰქონდათ საუბარი, რომ მთლიანად, აფხაზეთის ტერიტორიაზე დაღუპული აფხაზების შესახებ, შესაძლებელია, რომ ინფორმაცია ჰქონოდა ქართულ მხარეს, ვინაიდან ისინიც ეძებენ ოჯახის წევრებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გვქონდა ჩვენ ლაპარაკი აფხაზურ მხარესთან“, - აცხადებს გიორგი შერვაშიძე.

ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ ქარაზინაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ცნობილი გახდეს ვის ეკუთვნის ეს ცხედრები, აუცილებელია დამზადდეს უგზო-უკვლოდ დაღუპულ პირთა ოჯახის წევრების დნმ-ის ნიმუშები. ასევე, საქართველოს და ხორვატიის ხელისუფლებას შორის მოხდეს ოფიციალური შეთახმება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს დნმ-ების შედარება.

„სხვა ვერანაირად ინფორმაციას ჩვენ ვერ მივიღებთ. მარტო ექსგუმაცია არაფერს არ გვაძლევს, ექსგუმაციის შემდეგ უნდა მოხდეს კველვა, რომ დადგინდეს, დაახლოებით, რამდენი ადამიანი იყო და რა ასაკის. თუ გვამი 80 წელს მიტანებული აღმოჩნდა, გამოდის, რომ ის სამოქალაქო პირი იყო, მაგრამ 50-60 წელს მიტანებული, რა ვიცით, რომ მებრძოლი არ იყო?! ასევე უნდა დავადგინოთ ქალი იყო თუ მამაკაცი.

სამწუხაროდ, არ გვაქვს კრიტერიუმები როგორ დავადგინოთ ვის ეკუთვნის ცხედრები. ჩვენ უნდა შევკრიბოთ ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგული სამოქალაქო პირი, აგრეთვე სამხედრო პირების მშობლების, ან შვილებისგან უნდა ავიღოთ ნიმუშები და გავაგზავნოთ ხორვატიაში, ეს არის უზარმაზარი სამუშაო და ძალიან მეეჭვება თუ სახელემწიფოს დონეზე ეს არ გადაწყდა, შევძლოთ მათი იდენტიფიცირება“, - განმარტავს მალხაზ ქარაზინაშვილი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალთა კლუბის წევრი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, გენერალი კობა კობალაძე თვლის, რომ საქართველოს მხარემ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს აფხაზურ მხარესთან, რომ მოხდეს ნეშტების იდენტიფიცირება, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საფლავების ძიება.

„ყინული გალღვა, ორივე მხარის დაინტერესებაა იმაში, რომ მოხდეს დაღუპულების იდენტიფიცირება. როგორც ერთი, ისე მეორე მხარესაც არის ძალიან ბევრი დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული. აფხაზეთის ტერიტორიაზე, ალბათ, საკმაოდ ბევრი ისეთი ადგილი იქნება, სადაც განისვენებენ მეომრების თუ მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები. საქართველოს მხარემაც აქტიურად უნდა ითანამშრომლოს აფხაზურ მხარესთან, რომ მოხდეს ნეშტების იდენტიფიცირება.

საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ ამავე დროს, ყველა ნორმალურ ადამიანს ჰქონდა იმის შეგრძნება, რომ თუნდაც მტრის დაღუპულის  ნეშტი გარეთ არ დაეტოვებინა და დაემარხა. აქედან გამოდინარე, საკმაოდ ბევრი ამოუცნობი და უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის და ადამიანის სია მივიღეთ, რაც საომარი მოქმედების თანმდევი პროცესია“, -ამბობს for.ge-სთან საუბრისას კობა კობალაძე.

აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამარხებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს რეინტეგრაციის სამინისტრო. შეგახსენებთ, რომ მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ტყვეთა გაცვლის კომისიას.

რაც შეეხება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამარხებს, აფხაზეთის ტერიტორიაზე მსგავსი საფლავები საკმაოდ ბევრია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს ადგილებია - სოფელი ლინდავა, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მიმდებარე ტერიტორია, დაბა მაჭარკა, ბაბუშერა, დაბა მაჭარკა ე.წ. ცემენტის ქარხნის ტერიტორია, რესტორანი „აფხაზური ეზოს“ მიმდებარე ტერიტორია, სინოპში არსებული დახურული ლაბორატორიის ტერიტორია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მთავარი სამარხი კი სოფელ ცუგუროვკაში მდებარეობს, სადაც არა მარტო სამხედრო მოსამსახურეები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებია დაკრძალული.