პლანეტა დედამიწა უკანასკნელი 130 წლის განმავლობაში მაქსიმალურად „გათბა“. მიმდინარე წლის მაისში დედამიწის ზედაპირის ყველაზე მაღალი საშუალო გლობალური ტემპერატურა დაფიქსირდა.
1880 წლიდან დაწყებული, ამ კვლევებს ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების ოკეანეებისა და ატმოსფერული კვლევების ნაციონალური სამსახური.
მაისი განაგრძობს კლიმატური რეკორდების „ზოლს“: დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე თბილი მარტი და აპრილი წელს იყო. ყველაზე მაღალი ტემპერატურული ანომალიები ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთში, ბრაზილიისა და ევროპის აღმოსავლეთით, აზიის სამხრეთში, რუსეთის აღმოსავლეთში და ეკვატორულ აფრიკაში აღინიშნა.
ანომალიურად დაბალი ტემპერატურები კი დაიკვირვებოდა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, არგენტინის ჩრდილო მხარეში, აზიაში და ევროპის დასავლეთ ტერიტორიებზე.
კლიმატოლოგების მონაცემებით, პლანეტის ზედაპირის საშუალო გლობალური ტემპერატურა მაისში, მეოცე საუკუნის საშუალო დონესთან შედარებით (14,8 გრადუსი), 0,69 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდა. აპრილში ამ მაჩვენებელმა 14,5 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც შესაბამის საშუალო დონეზე 0,76 გრადუსით მეტია.
სწავლულები, აგრეთვე, აღნიშნავენ, რომ არქტიკაში ყინულის საფარის ფართობმა მაისში საშუალოდ 13,1 მილიონი კვადრატული კილომეტრი შეადგინა, რაც 3,7 პროცენტით ნაკლებია ამ თვის 1979-2000 წლების საშუალო მონაცემთან შედარებით.
ამერიკის შეერთებული შტატების თოვლისა და ყინულის ინფორმაციის ნაციონალური ცენტრის მონაცემებით, ყინული არქტიკულ რეგიონში ჩვეულებრივზე 50 პროცენტით სწრაფად დნებოდა. აღსანიშნავია, რომ მყინვარების დადნობა დედამიწის თითქმის ყველა რეგიონში შეინიშნება, მათ შორის ჩვენთანაც, კავკასიონზე.