შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 1975 წელს დაბადებული გიორგი გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და სამუშაო ოთახის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ხოლო საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 0,149021 გრ ბუპრენორფინი და „ბრაუნინგის“ მოდელის პისტოლეტი 1 მჭიდით და 5 საბრძოლო ვაზნით.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.