„საშუალოდ, მამაკაცი ყოველდღე სამჯერ იტყუება, ან – 1 092-ჯერ წელიწადში; ქალი – დღეში ორჯერ, ან – 728-ჯერ წელიწადში“, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ლონდონის სამეცნიერო მუზეუმის მკვლევრები. ყველაზე ხშირად ადამიანები ტყუილს ეუბნებიან თავიანთ დედებს (მამაკაცების 25 პროცენტი და ქალების 20 პროცენტი).
ყველაზე გავრცელებული ტყუილი მამაკაცებისთვის არის: „მე არც ისე ბევრი დავლიე“, ქალები: „ყველაფერი ნორმალურადაა, მე კარგად ვარ“, ორივე: „ბოდიში, თქვენი ზარი ვერ გავიგე“, „საცობში ვდგავარ“, „შენ გახდი“, „ეს ისაა, რაც მე ყოველთვის მინდოდა“.
ბრიტანული გამოცემა იტყობინება, რომ ტყუილის თქმის გამო სინდისის ქენჯნას განიცდის გამოკითხულ ქალთა 82 პროცენტი და მამაკაცების 70 პროცენტი.
რესპონდენტების 75 პროცენტს მიაჩნია, რომ ტყუილი დასაშვებია იმის გამო, რომ დაიცვან იმათი გრძნობები, ვისაც ატყუებენ.
კვლევების ორგანიზატორმა კეტი მეგრსიმ აღიარა, რომ აქამდე არავის დაუდგენია ტყუილისადმი მიდრეკილების მიზეზი. სად უნდა ვეძებოთ იგი – ბუნებაში, ევოლუციაში თუ კონკრეტული ინდივიდუმის აღზრდაში – არავინ იცის.
კანადელმა კოლეგებმა შესაბამისი უნარები პატარა ბავშვებში შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვებს, რომლებსაც შეუძლიათ ტყუილის თქმა, უფრო მეტი პერსპექტივები ექმნებათ მოწიფულობაში, ვიდრე მათ „მართალ“ თანატოლებს. სპეციალისტები ამას იმით ხსნიან, რომ წინასწარი ტყუილის ფორმულირება ტვინისგან დაძაბულ მუშაობას მოითხოვს და ხელს უწყობს ბავშვის ადრეულ გონებრივ განვითარებას. ცდებმა აჩვენა, რომ გამოკითხული 2 წლის ასაკის ბავშვებიდან ტყუილის თქმის უნარს ყოველი მეხუთე ავლენდა; 4 წლის ასაკში ეს უნარი უკვე 10-დან 9 ბავშვმა გამოამჟღავნა, ხოლო 12 წლის ასაკში ამ უნარს ყველა ავლენდა, ოღონდ, გაცილებით ხშირად.
ტორონტოს უნივერსიტეტის დირექტორი, დოქტორი კანგ ლი, მშობლებს ამშვიდებს, რომ „სულაც არ არის საშიში, თუ ბავშვი ცრუობს, ტყუილის მოგონება ნიშნავს, რომ ბავშვმა თავის განვითარებაში ახალ დონეს მიაღწია“.