სააკაშვილის შარანგიებს

სააკაშვილის შარანგიებს "ქართულ ოცნებაში" ლობირებენ

იწყებს თუ არა ხელისუფლება დაპირებულ სამართლიანობის აღგდენის პროპცესს კვლავ გაურკვეველია. ერთი მხრივ მართლსმაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა შეჩერდა. მეორე მხრივ, საუბარია იმაზე, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითი მოვლენაა და ეს პროცესი აუცილებლად უნდა დაიწყოს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე თვეში უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია ჩასატარებელი და მმართველ კოალიციას წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულები აუცილებლად დასჭირდება, არ არის გამორიცხული კომისიამ მუშაობა მომავალი წლიდან დაიწყოს და ივნისამდე, ანუ თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე ხმაურიანი საქმეც დადოს.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, კომისიას უნდა შეესწავლა იმ პირთა მიერ შეტანილი განაცხადები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისინი უსამართლოდ გაასამართლეს „მძიმე“ და „განსაკუთრებით მძიმე“ დანაშაულებისთვის. „ნაკლებად მძიმე“ დანაშაულებისთვის გასამართლებულებს ასევე ექნებოდათ უფლება, რომ თავიანთი საქმეების გადახედვა მოეთხოვათ იმ შემთხვევაში, თუ მათ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კანონპროექტის თანახმად, კომისიას ასევე უნდა ჰქონოდა უფლებამოსილება 100 000 ლარზე მეტი ღირებულების დავებიდან წარმოშობილი სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების შესწავლისა.

კომისიას უნდა განეხილა საქმეები, რომლებიც საპროცესო გარიგების შედეგად მოგვარდა - შედგა თუ არა საპროცესო გარიგება კანონით დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვით. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისია დაასკვნიდა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზს ჰქონდა ადგილი, საქმე სასამართლოს უნდა გადასცემოდა, რათა მას საქმე ახალი გარემოებების საფუძველზე განეხილა.

რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია აღარ შეიქმნება, მიღებული არ არის და პირიქით, პროცესი სასწრაფოდ დასაწყებია.

„სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა იუსტიციის მინისტრის განცხადება. როგორც ვიცი, ამგვარი გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის. მიმდინარეობს კონსულტაციები. არ ვიცი, რა ერქმევა- მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია თუ სხვა რამ, მაგრამ ეს პროცესი სასწრაფოდ დასაწყებია. ასე რომ, გადადებაზე ლაპარაკიც ვერ იქნება“, - აცხადებს გაზეთ „ყველა სიახლესთან“ საუბარში თინა ხიდაშელი.

დამატებითი განმარტების გაკეთება საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით თავად იუსტიციის მინისტრსაც მოუხდა.

„მე არ მითქვამს რომ კომისია აღარ შეიქმნება. მე ვთქვი, რომ ამ ეტაპზე შეჩერდა პროცესი, რომელზეც იყო მოლოდინი, რომ უფრო სწრაფად წავიდოდა... დაისვა კითხვები, რომლებზეც მე პასუხი არ მაქვს, ამაზე პასუხი უნდა გასცეს ეკონომიკურმა გუნდმა. მე ვარ იუსტიციის მინისტრი, რომელსაც ევალებოდა რეფორმის მომზადება და რეფორმა მომზადებულია, მაგრამ არსებობს ლეგიტიმური წმინდად ფინანსურ-ეკონომიკური კითხვები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჩნდება განცდა, რომ ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების განწყობა და მოთმინება კიდევ ერთხელ მოსინჯოს ამ თემასთან მიმართებაში, განსაკუთრებით წართმეული და ჩამორთმეული ქონების მიმართულებით სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეძლებისდაგვარად გაწელოს.

როგორც უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, ეს არის საკითხი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას. მისი შეფასებით: „პირველ რიგში, ერთგვარი აუდიტი უნდა ჩატარდეს. ჩვენ გვსმენია სხვადასხვა ციფრები, მაგრამ სინამდვილეში რამდენია, არ ვიცით. ვფიქრობ, რომ ბატონი ფარცხალაძის, შაყულაშვილის და შოთაძის მობილიზება პროკურატურის სისტემის უმაღლეს თანამდებობებზე სწორედ უნდა ემსახურებოდეს ასეთი აუდიტის ჩატარებას. მინდა იმედი მქონდეს, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან მკაცრად გაუფრთხილდება და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ თანამდებობას და არ მისცემს საშუალებას პოლიტიკურ ოპონენტებს, რომელთა რიცხვში არიან დამნაშავე რეჟიმის შემოქმედნი, რომ იგი აკრიტიკონ უსაგნოდ.

ამიტომ მიუხედავად მრავალი შეკითხვისა, ურევია თუ არა თავად ფარცხალაძის, შაყულაშვილისა და შოთაძის ხელი წარსული 9 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებში და იმ უკანონობებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა, მათ შორის, ფინანსურ პოლიციაში, ესეც ერთგვარი შეკითხვაა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ხვალ თუ მოხდა დისკრედიტაცია, იგივე ფარცხალაძის, ეს, რა თქმა უნდა, ზურგში დანის ჩარტყმა იქნება ღარიბაშვილისთვის“, - თვლის ლორთქიფანიძე.

ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი თვლის, რომ შეიძლება ხელისუფლებას სურვილი ნამდვილად აქვს და ამ სურვილის გულწრფელობაში მას ეჭვი ნამდვილად არ ეპარება, მაგრამ არის ძალზე სერიოზული პრობლემა, რომელიც უკავშირდება ფაქტობრივ რეალობას - როგორ შეიძლება მოხდეს აღნიშნული ქონების დაბრუნება.

„ვგულისხმობ იმას, რომ თუ პირდაპირი კომპენსაცია იქნება საჭირო ბიუჯეტიდან, ბუნებრივია, ეს ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. მეორე მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ეს ქონება იყიდეს მეორედ და მესამედ, ანუ პატიოსანი მყიდველები, რომლებმაც ამ ქონებაში გადაიხადეს საბაზრო ფასი - მათაც ვერაფერს ვუზამთ. ან მათ უნდა მივცეთ კომპენსაცია და ეს ქონება პატრონს დავუბრუნოთ, ან პირიქით, კომპენსაცია თავდაპირველ კანონიერ მფლობელს მივცეთ. ნებისმიერ, დაახლოებით 99%- შემთხვევაში, კომპენსაციამდე მივდივართ, რადგან ეს ქონება ძირითადად გადაყიდულია. ამ რეალობის წინაშე ვდგავართ და ამ დროს ძალიან რთულია, გავარკვიოთ, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი განხორციელდეს“, - აცხადებს აბაშიშვილი.

მისივე აზრით,ბიუჯეტში არ არის ეს თანხა და ძალიან ძნელია რამე არსებითის თქმა. აბაშიშვილი თვლის, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი უნდა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე შესაძლებელია, სახელმწიფომ დაიფიქსიროს ვალდებულებად.

„ეს არის მაქსიმუმი, რაც ახლა შეიძლება მოხდეს“, - თვლის გიორგი აბაშიშვილი.

ეს საკითხის ერთი მხარეა, მაგრამ საზოგადოებაში ასევე ძალიან ხშირად საუბრობენ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესელიტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. მართალია, ეს ჩანაცვლება რა კონკრეტული სქემით მოხდა, ოფიციალურად უცნობია, მაგრამ არგუმენტად სახელდება ის, რომ წართმეული ბიზნესის თუ ქონების დაბრუნების პრეცედენტი, თუ გამოვრიცხავთ ბიძინა ივანიშვილის მაგალითს, არ გახმაურებულა.

თუმცა გიორგი აბაშიშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ რაიმე ტიპის ჩანაცვლება მოხდა.

„მე რასაც ვუყურებ, მნიშვნელოვანი ბიზნესები რაც იყო საქართველოში, არ გაყიდულა, არ გადაყიდულა მეორე-მესამე პირზე, რამაც შეიძლება გაფიქრებინოს, რომ ვინმე ვინმეს ანაცვლებს. ვიცით, რომ ბევრი პროცესი მიმდინარეობს სასამართლოში და გადაწყვეტილებებიც არ არის მიღებული. ჩემი აზრით, პირველი რიგის ამოცანა, რაც უნდა გაკეთდეს, რაკი ასე პირდაპირ ვერაფერი დაბრუნდება ფინანსების არარსებობის გამო, არის ის, რომ ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღოს ეს ვალდებულება“.

სახელისუფლებო კულუარებში კი იმაზეც ლაპარაკობენ, რომ საკადრო პოლიტიკაც იმის მიხედვით ტარდება, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესში ვინმემ ზედმეტი პრინციპულობა არ გამოამჟღავნოს.

„არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და უარყოფითი შეფასებისკენ წარვმართო მსჯელობა. ერთი რამ კი ცხადია, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ განსახილველ კანდიდატებს შორის, რომლებსაც მთავარი პროკურორის ადგილი უნდა დაეკავებინათ, იყვნენ ისეთი კანდიდატები როგორიცაა კახა კახიშვილი და მათი კანდიდატურის განხილვის მიუხედავად, წარდგენაც კი არ მოხდა, რა თქმა უნდა, მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მართლაც გარკვეულ მართვად-რეგულირებად რეჟიმში ხდებოდეს სამართლიანი სამართლებრივი პირობის აღსრულება.

მსგავსი კანდიდატი რომ ყოფილიყო პროკურორი, იმპერატიულად ვიტყოდი და კატეგორიულად განვაცხადებდი, რომ ასეთ შემთხვევაში, მართლაც გარდაუვალი პროცესები დაიწყებოდა ამ წართმეული ქონების უპირობოდ დაბრუნებისა“, - მიიჩნევს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

დადგება თუ არა საკუთრების ხელყოფის ნაწილში სამართლიანობა, მრავალ ფაქტორს უკავშირდება. ერთია, რომ ხელისუფლებას არ სურდა მოსვლისთანავე ბიზნესის დაწიოკება და ეს გამართლებულიც არ იქნებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ სააკაშვილის კარის ბიზნესმენები დღესაც ისევე კარგად გრძნობენ თავს, უკეთესად თუ არა, როგორც წინა ხელისუფლების დროს. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - რა გზით ჩაიგდეს ხელში მათ ეს ბიზნესები თავის დროზე. მაგალითად, სააკაშვილის რეჟიმის დროს ბიზნესში აღზევებული შარანგიები, რომელთა სახელსაც ყოფილი ხელისუფლების დროს წართმეული ბიზნესები უკავშირდებოდა, დღესაც მყარად გრძნობენ თავს. ჩვენი ინფორმაციით, ისინი პრეზიდენტ მარგველაშვილის ინაუგურაციაზეც იყვნენ მიწვეულნი, რაც ერთგვარი ჟესტია, რომელიც მათ დღევანდელ მდგომარეობას უსვამს ხაზს.

„ვფიქრობ, ყველა ის ბიზნესმენი, რომელთა საქმიანობა და სახელებიც დანაშაულებრივ რეჟიმთან იყო დაკავშირებული, დღეს ახალ ხელისუფლებასთან მოიაზრებიან. ეს ტესტი იქნება ახალი ხელისუფლებისთვის იმ დაზარალებულ პირთა მიმართ, სამართლიანობის აღდგენის საკითხში, რომლებიც ასევე ფლობდნენ სერიოზულ ბიზნესებს, რომლებიც გაკოტრდნენ, რომელთაც წაართვეს ქონება და მხოლოდ შანსიღა აქვთ დარჩენილი იმისა, რომ ახალი ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე, აღიდგინონ თავისი უფლებები“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის გაუგებარია, ხელისუფლება თუ არჩევნებამდე კარტელურ გარიგებებში ამხელდა ნავთობთან დაკავშირებულ ბიზნესებს, სადაც მაგალითად, კეზერაშვილის სახელი აქტიურად ფიგურირებდა, დრეს რატომ დუმს ამ თემაზე.

„მაშინ თუ ხდებოდა იმის დასაბუთება, რომ ამ ბიზნესებიდან მიღებული მოგება ვიწრო წრის ინტერესებში იყო, დღეს რატომ აღარ ხდება დასაბუთება იმისა, რატომ არის ნავთობპროდუქტები ძვირი?- ეს ძალზე ლოგიკური კითხვებია, რომელსაც საზოგადოება სვამს და ამასათან დაკავშირებით პასუხები არ არსებობს.

მეორე - ბატონი ხუხაშვილის მთავარ „რევიზორად“ დანიშვნა, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ მასთან აღსარების ჩასაბარებლად დადიან პოლიტიკოსები და ბიზნესმენები... გარდა იმისა, რომ ცინიზმს შეიცავს ეს განცხადება, იმ კითხვებზე ირიბი პასუხიც არის, რომელიც ბიზნესების ჩანაცვლებას ეხება - ხომ არ არის ეს დაკავშირებული ბიზნესების გადმობარების უმტკივნეულო პროცესთან“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ თუ ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად არ ხდებოდა ქონების დაბრუნება, ესეც გარკვეული ჯგუფის ლობირების შედეგი იყო.

„სხვა განწყობა რომ ყოფილიყო, რაღაც ჯგუფი ადამიანებისა მაინც მიიღებდა უკან ჩამორთმეულ ქონებას. ასე არ მოხდა, ანუ, ეს ვიღაცის ინტერესებში არ შედიოდა. ვნახოთ, ახლა ახალი მთავრობა რას იზამს. სამართლიანობა თუ არ აღდგა, იმ ათასობით ადამიანისთვის, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაზარალდა, რა პასუხი უნდა გავცეთ, სიმართლე გითხრათ, არ მესმის“, - აცხადებს გიორხელიძე.

მისივე შეფასებით, არა მარტო შარანგიების ჯგუფს, არცერთ მონოპოლისტს არანაირი პრობლემა არ შექმნია.

„პირველი რამდენიმე თვე შოკი ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ გავლენიანმა ხალხმა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, „დაალაგა“ ყველაფერი და დღეს ისინი მშვიდად და კარგად არიან. ამიტომაც არ ვითარდება ეკონომიკა და ამიტომაც არის ეკონომიკური აქტივობა დაბალი. ამიტომაც არის ხელმიუწვდომელი ფინანსები ქვეყანაში და ათიათასობით ადამიანი ვერ იწყებს ბიზნეს საქმიანობას. ისინი შესანიშნავად არიან დღეს და ხვალაც კარგად იქნებიან, სამაგიეროდ, ჩვენ ყველანი ვიქნებით ისევ მძიმე მდგომარეობაში. სერიოზული პრობლემები სერიოზულ გადაჭრას მოითხოვს. შარანგიებს ხელისუფლებაში დღესაც სერიოზული ლობი ჰყავთ, ეს აშკარაა“, აცხადებს დემურ გიორხელიძე.

დაიწყებს თუ არა ახალი მთავრობა ერთი წლის განმავლობაში დალაგებული ურთიერთობების დაშლას, ჯერჯერობით ნათელი არ არის. მართალია, ეს საკმაოდ რთული და სათუთი პროცესია, მაგრამ, ალბათ, ღირს ხელისუფლებას მუდმივად ახსოვდეს რისთვის დაუჭირა მას მხარი საზოგადოებამ.

„ბიზნესმენებზე ქონების გადანაწილების ხელახლა დაშვება ახალი ხელისუფლების მხრიდან სერიოზული შეცდომა იქნებოდა, მაგრამ კონკურენტული გარემოს დაშვება, რომ ყველას ერთნაირი თამაშის პირობები ჰქონდეს და სამართალი ყველასთან ერთნაირად მუშაობდეს, ამისი გაკეთება კი უნდა შეძლოს ხელისუფლებამ. წინააღმდეგ შემთხვევში, ჩვენ მუდმივად გვეყოლება შარანგიების ჯგუფი, რომელიც კარგ ბიზნესს აკეთებენ, მისი მხარდამჭერები და მფარველები და სხვა მონოპოლისტები, რომლებიც ძალიან კარგად იგრძნობენ თავს“,- მიიჩნევს დემურ გიორხელიძე.