ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვების თითქმის ნახევარი ეთნიკურ უმცირესობაზე მოდის. თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება, უკვე უახლოესი 40 წლის განმავლობაში, უმცირესობა შეიძლება უმრავლესობა გახდეს.
დემოგრაფები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელი, შესაძლოა, „გარდატეხის მომენტად“ იქცეს, რადგან ბავშვების რიცხვი, რომლებსაც უმცირესობის წარმომადგენლები გააჩენენ, გადააჭარბებს წელს დაბადებულ თეთრკანიანთა რიცხვს.
მკვლევრებს ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალება მისცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლათინოამერიკული ქვეყნებიდან იმიგრანტი რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობის ზრდის ტენდენციამ.
მათ შეუძლიათ, ქვეყანას უფრო მეტი ბავშვი მოუვლინონ, ვიდრე სხვა ხალხების წარმომადგენლებმა. უკანასკნელი აღწერის მონაცემებით, 2010 წელს უმცირესობის წილზე ამერიკაში დაბადებული ბავშვების 48 პროცენტი მოდიოდა (ეს მონაცემი 1990 წელს 37 პროცენტი იყო), მათ შორის: ლათინოამერიკელები – 25 პროცენტი, შავკანიანები – 15 პროცენტი, აზიელები – 4 პროცენტი. ბავშვების 4 პროცენტი ქვეყანას შერეული რასების ოჯახებში მოევლინა.
საქმე ისაა, რომ ეს პირველი და ერთადერთი კვლევა არ არის – იმავეს ამტკიცებდა გასული წლის დეკემბერში ნიუ-ჰემპშირის უნივერსიტეტის პროფესორი კენეტ ჯონსონი.