შესაძლოა, უკრაინა ყირიმის ხიდზე ახალ იერიშს ამზადებდეს, - ამის შესახებ Bild-ი რამდენიმე ექსპერტზე დაყრდნობით წერს.
გასულ კვირაში უკრაინის არმიამ იერიში მიიტანა რუსულ ბორანებზე - „ავანგარდზე“ და „კონრო ტრეიდერზე“. ერთი ბორანი ჩაიძირა, მეორეს კი სერიოზული ზიანი მიადგა.
2018 წელს ყირიმის ხიდის გახსნის შემდეგ ბორანებმა საკუთარი მნიშვნელობა დაკარგეს, ვინაიდან რუსეთს ანექსირებულ ყირიმში ტვირთების შეტანა უკვე რკინიგზით შეეძლო, თუმცა ყველაფერი შეიცვალა 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც აფეთქებამ დააზიანა ყირიმის ხიდის სარკინიგზო ნაწილი და რამდენიმე კვირით ის მწყობრიდან გამოიყვანა. ამის შემდეგ საბორნე გადაზიდვებმა კვლავ მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა.
ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ბორნებზე მიტანილი იერიში შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ყირიმის ხიდზე ახალი იერიში მზადდება. ამასთანავე, უცნობია, როგორ აპირებენ უკრაინელები ყირიმის ხიდზე იერიშის მიტანას. წინა შემთხვევაში ამისთვის დრონი და დანაღმული ავტომობილი იყო გამოიყენებული.