მსაჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე პირი პასუხისმგებაში მიეცა. ცნობილი ხდება, რომ მთავარი პროკურატურის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ე.წ. ქურდული წესების მიმდევარები, კრიმინალური ავტორიტეტები გელა უშხვანი, სოლომონ დაშნიანი და თეიმურაზ გურეშიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.
საქმის პროკურორის კონსტანტინე კაციტაძის განცხადებით, ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 12 მაისს, დაახლოებით 20.00 საათზე, სად-ის 14 დაწესებულებაში ე.წ. ქურდული წესების მიმდევარებმა, კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ლაშა კვანტალიანმა, სოლომონ დაშნიანმა, გელა უშხვანმა, თეიმურაზ გურეშიძემ, გიორგი შემაზაშვილმა, შოთა სინაურიძემ და ნუგზარ ბუჩუაძემ კრიმინალური ავტორიტეტისთვის, კერძოდ, შოთა სინაურიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად სცემეს მსჯავრდებული ლევან კორტავა.
10 დეკემბერს საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე გელა უშხვანს, სოლომონ დაშნიანს და თეიმურაზ გურეშიძეს ბრალად წარუდგინა ქურდული სამყაროს წევრობა, ცემა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.
საქმის პროკურორმა უკვე დაანონსა, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება სხვა თანამონაწილეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. ბრალდების მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.
გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან სად-ის 14 დაწესებულების დირექტორი მალხაზ სინაურიძე, დირექტორის მოადგილე ივერი გოგიბერიძე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ილია შანშაშვილი და თენგიზ ნასარაია. ასევე, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ალექსანდრე ბაბუნაშვილი და სოციალური მუშაკი გიგა კოხოძე, ასევე მსჯავრდებული გიორგი შემაზაშვილი.
ამ საქმეს უკვე გამოეხამურა სასჯელაღსრულების მინისტრი. სოზარ სუბარი ამბობს, რომ ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით ამ დღეებში ახალი დეტალები კიდევ გაირკვევა, მისივე თქმით, პასუხს აგებს ყველა, ვისი ბრალეულობის საკითხი გამოიკვეთება. მინისტრის განმარტებით, კორტავას საქმესთან დაკავშირებით, თავის დროზე სასჯელაღსრულების სამინისტროს მოთხოვნით ეს საქმე პროკურატურას გადაეცა.
„პრაქტიკულად, ერთად ვიბრძოდით, ერთად ვსწავლობდით, რეალურად ვეხმარებოდით ყველაფერში. ყველა გადაწყვეტილება არის წინასწარ ცნობილი და შეთანხმებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს ძალიან მკაცრად, იქნება ეს დამნაშავე პატიმარი, ვინც უშუალოდ ჩაიდინა საქმე, თუ ციხის თანამშრომელი, რომლის გულგრილობას თუ გარკვეულ ქმედებებს მოჰყვა ეს საზარალი მკვლელობა და მძიმე დანაშაული. შესაბამისად, ეს არ არის საბოლოო, ამ დღეებში კიდევ გაიგებთ სიახლეებს ამ საქმესთან დაკავშირებით და პასუხს აგებს ყველა. ადამიანები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, სამინისტროს დახვდნენ როგორც გავლენიანი ადამიანები. ეს არის პრობლემა, რომელიც დღეს არის შემცირებული და ძალიან მალე აღარ იარსებებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
გარდაცვლილის დედა, ხათუნა კორტავა კი იმ პირთა სახელებს ასახელებს, რომლებიც უშალოდ მონაწილეობდნენ მისი შვილის მკვლელობაში და ამ დრომდე არ არიან პასუხისგებაში მიცემული. ესენი არიან, ე.წ. მაყურებლები ლაშა კვანტალიანი და შოთა სინაურიძე იგივე „ბულდოკა“.
„კიდევ არიან სხვა მაყურებლები, მაგრამ ძიებიდან გამომდინარე ყველას ვერ ვასახელებ. სინაურიძე და კვანტალიანი არის მთავარი მოქმედი პირები. ვითხოვდი და ვითხოვ, ვისაც ჩემი შვილის მკვლელობაში წვლილი მიუძღვის, ყველამ უნდა აგოს პასუხი და დაისაჯოს. ძიება არაა დასრულებული და დაველოდოთ შედგებებს. უნდა დადგეს ექიმების პაუხისმგებლობის საკითხიც.
სამედიცინო დასაკვნა მოვიდა, რომლითაც დასტურდება, რომ ლევანი არ გადარჩებოდა. როცა ჩემი შვილის ცხედარი ვნახე, მეც ვნახე, რომ ის არ გადარჩებოდა ისე იყო ნაწამები, მაგრამ რატომ დააყოვნეს ჩემი შვილის საავადმყოფოში გადაყვანა? როცა გადაიყვანეს მარტო გული უმუშავებდა. განყოფილების უფროსს რომ შევხვდი, მითხრა, რომ პაციენტი დაგვიანებულად არის შემოყვანილიო. ციხის ექიმს საერთოდ არ ნდომებია გადაყვანა, დაბეჟილი არისო. ამიტომ, ვითხოვ ყველას დასჯას“, - აცხადებს ხათუნა კორტავა.
გადრაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.
„სოზარ სუბარი შეიყვანეს შეცდომაში, მაგრამ როდესაც ნახა, რომ შეცდომაში შეიყვანა მისმა თანამშრომლება, ამის მერე დაიწყო სწორედ სწორი გზით ძიება. ბატონ სოზარს შეგნებულად მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია მისმა თანამშრომლებმა, მაგრამ არც ერთი არ დაინდო. როდესაც შევხვდი პირობა მომცა, რომ დამნაშავეს ხელს არ დავაფარებთო. ზუსტად, მისი ჩარევის შემდეგ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება და დააპატიმრეს დამნაშავეები. მისი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე დაისჯება ყველა დამნაშავე. საოლქო პროკურორმაც მომცა პირობა, რომ ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, არავის არ დავინდობთო. როგორი სასამართლო გვაქვს ხედავთ, მერაბიშვილი და ახალაია დამნაშავე არ ყოფილა და ჩემი შვილი ყოფილა დამნაშავე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა კორტავამ.