მექსიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლებზეც, წინასწარი მონაცემებით მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი და მეხიკოს მერი კლაუდია შეინბაუმი ლიდერობს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
წინასწარი მონაცემებით, შეინბაუმმა ამომრჩეველთა ხმების 57,3% მიიღო. მისმა უახლოესმა კონკურენტმა კსოჩიტლ გალვესმა კი 29,8%. წინასწარ მონაცემებს მექსიკის არჩევნების ეროვნული ინსტიტუტი (INE) აქვეყნებს. არჩევნების ოფიციალური შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 24 საათში ცხადდება, თუმცა INE „სწრაფი დათვლის“ შედეგებს აქვეყნებს, რათა მოქალაქეებს არჩევნების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ.
შეინბაუმი მექსიკის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება. CNN-ი ამას დიდ მიღწევას უწოდებს „ქვეყნისთვის, რომელიც თავისი პატრიარქალური კულტურით არის ცნობილი“. შეინბაუმი 61 წლისაა, ის ებრაულ ოჯახში გაიზარდა. 2018 წელს ის მეხიკოს მერად აირჩიეს.
2008 წელს კი შეინბაუმი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კოლექტიურ ლაურეატებს შორის აღმოჩნდა, როგორც კლიმატის ცვლილებებზე მომუშავე მთავრობათაშორისი ჯგუფის წევრი.