დავით ჩხატარაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხის ბინადარი გახდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ზვიად ესებუამ წინასასამართლო სხდომის თარიღიც ჩაინიშნა, სასამართლო 27 იანვარს გაიმართება. დავით ჩხატარაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 7 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზება.
პროკურატურის ინფორმაციით, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა და დავით ჩხატარაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სხვადასხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს ამავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმრის დამცირება, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, თითქოსდა სახელმწიფოს საგამოძიებო სტრუქტურებმა დროულად გამოავლინეს პატიმრების ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები.
იუსტიციის მინისტრის თეა წულიკიანის განცხადებით, პროკურატურისთვის, როგორც ჩანს, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ დავით ჩხატარაშვილი უნდა ყოფილიყო ჩართული პატიმართა გახმაურებული საქმის ორგანიზებასა და დაგეგმვაში.
კითხვაზე, არის თუ არა სავარაუდო, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას დაკითხვა ან მისთვის ბრალის წაყენება მოხდეს, წულუკიანის განმარტებით, იუსტიციის მინისტრი არ არის საპროკურორო უფლებამოსილებით აღჭურვილი, აქედან გამომდინარე, მისთვის არ არის ცნობილი, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დავით ჩხატარაშვილის დაკავებას.
„დანარჩენი უკვე უნდა გაირკვევა გამოძიების პროცესში. აქამდე რაკი ჩხატარაშვილი დაკავებული არ იყო, მასთან გამოძიებლებს მუშაობა არ ჰქონიათ ჩატარებული, მაგრამ ეს მუშაობა ჩატარდება და გამოავლენს, სად არის სიმართლე. საბოლოო სიტყვა კი მოსამართლეს ეკუთვნის“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მედიის წინაშე მისი მოადგილის სასამართლო პროცესზე გამოჩნდა. მურთაზ ზოდელავამ მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ მისი მოსვლის მიზეზი განმარტა.
„გარდა იმისა, რომ სამსახურეობრივი ურთიერთობა გვქონდა, გვქონდა, ასევე, მეგობრული ურთიერთობაც და ამ შემთხვევაში მე აქ ვარ, როგორც მისი მეგობარი, რომელიც დაინტერესებულია, რა ბედი ეწევა მას. დანარჩენი კომენტარისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ სამართლებრივი საქმისწარმოება მის მიმართაც დაიწყოს, ზოდელავამ უპასუხა, რომ არ იცის. ის რაც ზოდელავამ არ იცის, იციან პროკურატუარში. არაა გამორიცხული ჩხატარაშვილის გზას ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა გაუყენონ.
მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარებს, თუმცა, ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
საქმის პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რა ეტაპამდე მივა გამოძიება, ამას უკვე შემდგომში მოპოვებილი მტკიცებულების საფუძველზე მეიცემა სამართლებლივი შეფასება. ნადარეიშვილის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და შესაძლოა გაიზარდოს ბრალდების მოცულობაც.
რაც შეეხება ყოფილ მთავარ პროკურორის დანაშაულებრივ კავშირს, პროკურორი განმარტავს:
„ყველაფერი დამოკიდებული იქნება გამოძიების მიმდინარეობაზე. მესმის თქვენი ინტერესი, მაგარამ ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. დანარჩენს გამოძიების მიმდინარეობისას ნახავათ, როგორ წარიმართება. შემდგომი მოვლენების შესაბამისად გაკეთდება სხვა კომენტარებიც. გამოძიება გრძელდება და შესაძლოა გაიზარდოს ბრალდების მოცულობაც“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ნადარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მურთაზ ზოდელავამ პატიმრების წამების საქმეზე 2012 წლის სექტემბერში ორი პრესკონფერენცია გამართა. მურთაზ ზოდელავა აცხადებდა, რომ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალისთვის ვლადიმერ ბედუკაძემ 2 მლნ აშშ დოლარი მიიღო. ქვეყნის მთავარი პროკურორი ამტკიცებდა, რომ ვიდეომასალის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ორი სახის დანაშაული იკვეთება - ერთი სისტემური და მეორე - ანგარებითი.
ზოდელავას განმარტებით, ბედუკაძე-ფურცხვანიძის დანაშაულებრივი ჯგუფი ამ სასტიკ დანაშაულს ანგარებით სჩადიოდა, რათა ვიდეომასალა მესამე დამკვეთი პირისთვის გადაეცათ. როგორც ზოდელავამ აღნიშნა, ბედუკაძე-ფურცხვანიძე ამ მესამე პირთან ელიზბარაშვილი-თამაზაშვილის მეშვეობით თანამშრომლობდნენ.
ჯერჯერობით უცნობია მისცა თუ არა ჩვენება გამოძიებას ჩხატარშვილმა მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ, თუმცა როგორც ცნობილია ჩხატარაშვილის ჩვენების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, იუსტისციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგაც.