უკრაინა ალიანსის წლევანდელ სამიტზე ნატოში გაწევრიანების გზაზე წინ აღარ წაიწევს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა The Telegraph-ი იუწყება, რომ გერმანია და აშშ უკრაინისათვის ალიანსში გაწევრიანების მკაფიო ვადების შეთავაზების წინააღმდეგ გამოდიან.
„ისინი [აშშ და გერმანია] ძალიან სკეპტიკურად არიან განწყობილნი წელს უკრაინის ნატოს სრულუფლებიანი წევრობის გზაზე წინ წაწევასთან დაკავშირებით. შესაძლოა, აშშ არ არის ისე შეშფოთებული, როგორც გერმანია, მაგრამ არსებობს შეშფოთება რუსეთის საფრთხის შესახებ ალიანსის დანარჩენი წევრებისთვის“, - განუცხადა წყარომ გამოცემა The Telegraph-ს.
გამოცემა The Telegraph-ი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, რომ ეს გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკის იმედგაცრუებას გამოიწვევს, რომელიც კოლეგებმა გააფრთხილეს, არ მოითხოვოს ალიანსისგან „შეუძლებელი“.
ზელენსკის სთხოვეს, თავი აარიდოს ცალკეულ მოკავშირეებზე ზეწოლას, რათა მათ კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირონ უკრაინის გაწევრიანების მკაფიო ვადებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ლიდერები უარს იტყვიან უკრაინის გაწევრიანების ვადების დაფიქსირებაზე, ისინი უკრაინას შესთავაზებენ იმას, რაც აღწერილია, როგორც „ხიდი“ ან „გზა“ გაწევრიანებისთვის.
პაკეტი ფოკუსირებული იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე, რათა უკრაინა მზად იყოს დაუყოვნებლივ შეუერთდეს ნატოს, როდესაც ალიანსის ლიდერები შეთანხმდებიან, რომ შესაფერისი დრო დადგა.